სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბენზინისა და დიზელის თვითღირებულება 10 თეთრით შემცირდა, საბითუმო ბაზარზე ფასი დაბლა ეშვება
    ნათია ლომიძე
    20.12.2017

     ლარის კურსის გამყარების გამო საქართველოში იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება 10 თეთრით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ დღე-დღეზე საცალო ქსელში ბენზინი და დიზელი უნდა გაიაფდეს. იმპორტიორების თქმით, ფასის კლება საბითუმო ბაზარზე უკვე ასახულია და ეტაპობრივად ავტოგასამართ სადგურებზეც შემცირდება საწვავის ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ წინ შობა-ახალი წლის აქტიური სატრანსპორტო სეზონი გველოდება, ეს პერიოდი ვერ შეაფერხებს გაიაფების პროცესს. უფრო მეტიც, 10 დღეში საწვავის სარეალიზაციო ფასი კლებისკენ წავა.

    მოკლე დროში ლარის კურსის დასტაბილურება ნავთობის საბითუმო ბაზარზე მყისიერად აისახა. ავტოგასამართ სადგურ "სენტას" ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საწვავის ფასი კლებას საცალო ბაზარზე დაახლოებით წლის ბოლომდე აუცილებლად დაიწყებს, ფასის დინამიკაზე უარყოფითად არ აისახება შობა-ახალი წლის პერიოდი.

    "კურსის ცვლილების გამო საწვავი საბითუმო ბაზარზე უკვე გაიაფდა, რაც ნამდვილად სასიკეთო ცვლილებაა. დღეისათვის საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი დიზელი 1.96 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 1.91 ლარი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, კურსიც იგივე დარჩა და "პლატცის" ფასიც არ შეიცვალა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 10 დღეში საცალო ბაზარზეც დაიწყება გაიაფება.

    ახალი წელი ახლოვდება და შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს პერიოდი შეუშლის ხელს ფასის ცვლილებას. ამ დროს ძალიან აქტიურია მოთხოვნა საწვავზე, მაგრამ არა მგონია, ამან დიდი გავლენა იქონიოს. ალბათ კლება ჯერ არაბრენდირებულ სადგურებზე დაიწყება და შემდეგ ბრენდირებულებიც შეცვლიან ღირებულებას", - უთხრა "რეზონანსს" იაკობიძემ.

    კომპანია "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი საწვავის ფასის კლებაზე დაზუსტებულად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ღირებულებაზე მხოლოდ ეროვნული ვალუტის კურსი არ მოქმედებს და ამ შემთხვევაში უამრავი სხვადასხვა გარემოების გათვალისწინება ხდება. ექსპერტი "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ნავთობის ბაზარზე ფასის კლებისა და მატების ტენდენციასაც უსვამს ხაზს. იმპორტიორების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ფასის კლებას არსებული მარაგის გამო ვერ ახერხებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. თარიმანიშვილის ინფორმაციით, საქართველოში არც ერთ იმპორტიორ კომპანიას არ აქვს დიდი მარაგი, რაც ფასის დროულ ცვლილებაზე გავლენას ახდენს.

    "პირადად მე ნამდვილად ვერ გეტყვით დაზუსტებით, როდის და რამდენით შეიცვლება საწვავის ღირებულება ბაზარზე. ამის თქმა იმპორტიორებს უფრო შეუძლიათ და, სიმართლე გითხრათ, ზუსტი პროგნოზი მეც მაინტერესებს. კურსის სხვადასხვაობის გამო საწვავის თვითღირებულებამ რომ დაიკლო, ეს ნამდვილად ვიცით, მაგრამ ფასის დადგენა მხოლოდ სავალუტო ბაზარს არ უკავშირდება. აქ ბევრი სხვა ფაქტორია განმსაზღვრელი. სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტი უნდა დაჯამდეს, რომ რეალური სურათი მივიღოთ.

    უამრავი მომხმარებელი წუხს, რომ საქართველოში ფასის ზრდა უფრო სწრაფად აისახება სანავთობო ბაზარზე, ვიდრე კლება. იმპორტიორი კომპანიები ამას ძველ მარაგს უკავშირებენ. რამდენად მართებულია მათი პოზიცია? ამის გასარკვევად საჭიროა, დავაკვირდეთ სხვადასხვა მომენტს, რა ხდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი ინფორმაციით, არც ისეთი დიდი მარაგი აქვთ საქართველოში იმპორტიორებს, როგორც ამბობენ. ლოგისტიკის დარგში საზღვაო მიმართულებით ვმუშაობ და ვაკვირდები, რა ზომის გემებით შემოდის ქვეყანაში ნავთობპროდუქტები. აქ არის 4-5 ძირითადი მოთამაშე, რომელთაც მცირე მოცულობის გემებით შემოაქვთ პროდუქცია. ფიზიკურად მეტის ინფრასტრუქტურაც არ არსებობს. თვის განმავლობაში შეიძლება 4-5 გემი შემოიყვანოს იმპორტიორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ცვალებადია პროდუქტის მიღება-რეალიზაციის პროცესი. ამიტომ ძველი მარაგის გამო ფასის შენარჩუნებას ნამდვილად ვერ მივიჩნევ რეალურ არგუმენტად", - განუცხადა "რეზონანსს" თარიმანიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (20.12.2017)
    სანამ კომპანიები არ ამოწურავენ არსებულ მარაგებს მანამ საწვავის ფასი უცვლელი დარჩებაააა


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter