სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    19.12.2017

     ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით 1 კვირაში დადგინდება. შეიცვლება თუ არა გადასახადი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ წინასწარ იმის თქმა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფი, ნაადრევია და საჭიროა ყველა კომპონენტის გათვალისწინება სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას.

    სემეკის მიმდინარე სხდომაზე საუბარი ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიასაც შეეხო. ამჯერად თბოსადგურები აქტიურობდნენ. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე ითხოვს, რომ გადაიხედოს მეთოდოლოგია, რათა ვალუტის კურსთა სხვაობა სწრაფადვე აისახოს წარმოების ტარიფში, რაც დაეხმარება კომპანიებს საქმიანობაში.

    "ჩვენ შევთავაზეთ სემეკს, რომ მყისიერად მოხდეს ასახვა კურსთა ცვლილებისა ცვლად ოპერატიულ ხარჯებთან მიმართებით იმიტომ, რომ თბოსადგურები ვყიდულობთ იმპორტირებულ გაზს დოლარში. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, რომ კომისიამ მეთოდოლოგიას გადახედოს და ყოველთვიური სქემით ხდებოდეს ტარიფის კორექტირება და არა ექვსთვიანი ან ერთწლიანი ინტერვალით", - განაცხადა ვეფხვაძემ.

    "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზად არის ამ საკითხზე მსჯელობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგი შედგება. თუმცა სემეკში აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. კომისიის წევრ გიორგი ფანგანის განცხადებით, მოქმედი მეთოდოლოგია დარგის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

    "შეუძლებელია ყოველთვიურად რომელიმე ტარიფის დათვლა. დღევანდელი მეთოდოლოგია სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც დარგშია. შესაბამისად, კომპანიების ინტერესი წინასწარ არის გათვალისწინებული. თუ კომპანიებს რამე ზარალი აქვთ, სემეკი იმსჯელებს, რომ ეს დაკომპენსირდეს", - აცხადებს ფანგანი.

    გარდა ამისა, კომისიის წევრმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო გეგმის შეთანხებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ პირველად დაადგინა 3 წელზე წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა.

    "დადგინდა სამწლიანი ტარიფები, რაც პირველად არის ჩვენს პრაქტიკაში. წარმოდგენილი იყო 126 მილიონი ლარის ინვესტიცია, თუმცა კომისიამ შეათანხმა 114 მილიონი. ეს არის ის კაპიტალდაბანდება, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს წინასწარ ტარიფში. რაც შეეხება ზოგად ინვესტიციებს, აქცენტი კეთდება მიწოდების საიმედოობის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე. ამასთან, ინვესტიციები მნიშვნელოვანია, რადგან 2018 წლიდან კარდინალურად იცვლება რეგულაციები მიწოდების საიმედოობასთან და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ანუ რამდენი ავარია შეიძლება მოხდეს და რა ხანგრძლივობით იქნება ავარია. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაწესდება სანქციები.

    ინვესტიციების ეს მოცულობა ტარიფზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა რა გავლენას მოახდენს, საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის დამტკიცებული თუნდაც ნორმატიული დანაკარგების ოდენობა, რაზეც ჩვენ უახლოეს სხდომებზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ფანგანმა.

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელებს. დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების - ჟინვალჰესის, ლაჯანურჰესის, რიონჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის, შაორჰესის, ვარდნილჰესების კასკადის, ენგურჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.

    როგორც სემეკში აცხადებენ, გაგრძელდება მსჯელობა შპს "ჯიფაუერისთვის", შპს "გარდაბნის თბოსადგურისთვის", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" და შპს "მტკვარი ენერჯისთვის" გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.

    როგორც სემეკის წევრი განმარტავს, წინასწარი მოლოდინით, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი არ უნდა გაიზარდოს.

    "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, წინასწარი მოლოდინით, არ უნდა გაიზარდოს. დღეს რაც ვნახეთ, შეიძლება გაიზარდოს თბოსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასური, მხოლოდ - არა ყველა კომპანიისთვის. ამ ეტაპზე სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს", - განაცხადა ფანგანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter