სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "კომფორტი და პერსონალური ავტომობილები არსად არ არის ისე ჭარბად სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორც საქართველოშია"
    მარი ჩიტაია
    19.12.2017

     ხელისუფლება საკუთარი კომფორტის გასაუმჯობესებლად თავს არ ზოგავს. ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იფლანგება ისე, როცა ამის საჭიროება აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ავტოპარკი ბოლოს 2015 წელს განაახლა და, ერთი შეხედვით, მისი გადახალსიება საჭირო აღარ არის, მოულოდნელად პარლამენტმა ახალი მანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. იმავე გზას ადგანან სხვა სახელმწიფო უწყებები და თვითმმართველობებიც.

    როგორც სპეციალისტები აცხადებენ, პერსონალური ავტომობილები არსად არ არის ისე ჭარბად სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორც საქართველოში. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატმა თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გამოშვებული 19 ერთეული ავტომანქანა "სედანის" შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 855 000 ლარია გამოყოფილი. თითოეული ავტომანქანის ღირებულება, საშუალოდ, 45 000 ლარს შეადგენს. ისინი შემსყიდველს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.

    სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს არაუადრეს 2017 წელს გამოშვებული, ვერცხლისფერი, მარცხენასაჭიანი და შავი ფერის სალონით.

    მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმაც გამოაცხადა. ერთი სედანის შესაძენად მთავრობის აპარატს, მაქსიმუმ, 48 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილი მთავრობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 28 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. ამ შემთხვევაშიც, სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომობილი 2017 წლის გამოშვების უნდა იყოს.

    მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად ელექტრონული ტენდერი დედოფლისწყაროს მერიამაც გამოაცხადა. "ჯიპის" შესყიდვის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარია გამოყოფილი.

    გარდა ამისა, საზოგადოებრივმა არხმა მაღალი გამავლობის "სუზუკი ვიტარას" მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა. ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი იყო გამოცხადებული, მასში მონაწილეობდა ორი კომპანია - სს "ფრანს ავტო" და შპს "ჯი-თი მოტორსი". ტენდერში "ჯი-თი მოტორსმა" გაიმარჯვა.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორ ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი და 60 თეთრი დაჯდა, რაც რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.

    როგორც წესი, სახელმწიფო უწყებების მიერ ავტომანქანების შესყიდვის მიწანშეწონილობას, მანქანის ფასსა და მანქანით მოსარგებლე პირთა კატეგორიას სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს. თუმცა ნორმატიული აქტი მხოლოდ სამინისტროებსა და მათზე დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებზე ვრცელდება. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე საღარაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, ნორმატიული აქტით განსაზღვრულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, სარგებლობის წესები და ახალი მანქანის შეძენის წესი. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალურ ერთეულებს, დღემდე არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადახდილი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და პერიოდულობა.

    "საია აქტიურად მუშაობდა ავტომანქანების შესყიდვის საკითხზე 2011-13 წლებში, როცა ზოგადი წესი შესყიდვაზე არ არსებობდა. შემდეგ მთავრობამ მიიღო ნორმატიული აქტი, რითაც ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა. ტენდენცია, რომ ყველა მოადგილეს თითო ავტომობილი ემსახურებოდა, სამინისტროებში უკვე აღარ არის, მაგრამ ეს არ ვრცელდება პარლამენტზე.

    ცხადია, ნებისმიერი შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აუცილებელია, იყოს დასაბუთებული, რათა უფრო მკაფიოდ იქნეს წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია. იმის გამო, რომ პარლამენტისთვის ასეთი დარეგულირების აქტი არ არსებობს, ნებისმიერი მსგავსი შესყიდვა უკვე პრობლემაა", - განმარტავს იურისტი.

    საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ახალ-ახალი მანქანების შესყიდვა გადამხდელების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების მაჩვენებელია. ესაა ჩვენს ხარჯზე მიღებული კომფორტი იმაში, რაც მათ არ ეკუთვნით.

    "ხელისუფლება აშკარად ცდილობს მოსახლეობის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას, რაც არ არის კარგი. სწორი იქნებოდა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, გაეთვალისწინებინათ განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, რაც რადიკალურად განსხვავებულია. პირადი კომფორტი და პერსონალური ავტომობილები არსად არ არის ისე ჭარბად სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორც საქართველოშია.

    არც ისე დიდი ხანია, რაც ხელისუფლებამ შეცვალა ავტოპარკი, კერძოდ, 2015 წელს, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ევრობანკის ფორუმი ტარდებოდა. ძალიან ბევრი მანქანა შეისყიდეს და ეს თემა მაშინაც იყო აქტუალური. იმხანად ბევრი კითხვა გაჩნდა და ხელისუფლებამ თავისი ქმედება სხვადასხვა მოტივაციით ახსნა კიდეც, მაგრამ სულ რაღაც 2 წელიწადში იგივე განმეორდა. ეს ძალიან ცუდია, დემოკრატიული ქვეყნის შენება ასე არ გამოუვათ.

    თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა პრემია-დანამატებთან დაკავშირებით დადო პირობა, რომ შეზღუდავდნენ. იგივე ეხებოდა ავტოპარკის განახლების საკითხს. დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით რა შეიცვალა, ვიცით (არაფერი შეცვლილა) და არც ახლა იგეგმება რამე. მაგალითად მოვიყვან თუნდაც სულ ახლახან სუს-თვის ნაჩუქარ 102 ავტომანქანას საახალწლოდ. სისტემურად ეს საკითხი არ მოწესრიგებულა.

    ახალ-ახალი მანქანების შესყიდვა გადამხდელების ფულით ხელისუფლების დამოკიდებულების მაჩვენებელია. ეს ხომ არ არის კერძო საკუთრება! ჩვენს ხარჯზე მიღებული კომფორტია იმაში, რაც მათ არ ეკუთვნით. რეალურად, ხელისუფლებას ვინახავთ, რათა მინიმალური სტანდარტით უზრუნველყონ საჯარო მმართველობა და არა იმისთვის, რომ მოჭარბებული ფუფუნებით იმუშაონ.

    აყველა ხედავს გადაჭარბებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, მაგრამ მუშაობით მიღწეული შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თავმოსაწონი დიდად არაფერი აქვთ. ხელისუფლებას ვურჩევ, ავტოპარკის შესყიდვასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის კვლევას გაეცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალაფიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (19.12.2017)
    რატომ არ ყიდულობენ ჰინრიდებს?? ხომ შეიძლება საწვავზე მაინც იქნეს გაკეტებული ეკონომიაა?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved