სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა"
    ნათია ლომიძე
    15.12.2017

     საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს, წინა წლებთან შედარებით, მომხმარებელი მეტად დაცულია, თუმცა, ზოგიერთის აზრით, საქმე ამ კუთხით რთულადაა და საჭიროა კანონმდებლობა მოსახლეობის მაქსიმალურად დასაცავად.

    2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა 2694 პრეტენზია შევიდა. 2016 წლის 12 თვეში - 2857, ხოლო 2015 წელს - 2697. წლევანდელი მონაცემი წინა ორი წლის მაჩვენებელს თითქმის უტოლდება მაშინ, როცა ბოლო კვარტალი ჯერ კიდევ არ არის შეჯამებული.

    უნდა აღინიშნოს, რომ წელს 1 თვეში სებ-ში კომერციული ბანკების მისამართით დაახლოებით 300 პრეტენზია შედიოდა. თუ დარჩენილ 3 თვეში მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა, 12 თვის ჯამური მაჩვენებელი 3500-სს გადააჭარბებს. წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია, რაც კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ უნდობლობას ადასტურებს. გარდა ამისა, საფიქრებელია, რომ მომხმარებელმა ისწავლა საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა და მარეგულირებელს სულ უფრო ხშირად მიმართავს საჩივრით.

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მოსახლეობას ფინანსური ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული პირობების გადამოწმება კიდევ ერთხელ ურჩია:

    "2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100 პროცენტს. ასევე, 100 000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციის დროს შემოთავაზებული პირობები (წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შეთავაზებით), ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებს. თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ, თქვენი პრეტენზია გამოთქვათთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად", - აღნიშნა გვენეტაძემ.

    "რეზონანსი" ეროვნული ბანკის პრესსამსახურს დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ რამდენად გაიზარდა მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მათთან მიმართვა. სებ-ში ადასტურებენ, რომ ბოლო დროს მომხმარებლები სესხის აღებამდე ყოველთვის უკავშირდებიან და სხვადასხვა ტიპის რჩევას იღებენ კონკრეტულ საკითხზე. "ჩვენი მომხმარებელთა უფლებების სამსახური ეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

    სპეციალისტები ამბობენ, რომ საფინანსო სექტორის დიდი ნაწილი დაურეგულირებელია. პროფესორ ლია ელიავას აზრით, მხოლოდ ინფორმაციული მომენტის გაძლიერება ვერ გახდის მომხმარებელს დაცულს. აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა ან სხვა რომელიმე მარეგულირებელმა სტრუქტურამ შეძლოს უცნაური საფინანსო წარმონაქმნების უფრო მეტად გაკონტროლება.

    "საქართველოს ეკონომიკის რიგი სექტორები საერთოდ დაურეგულირებელია. განსაკუთრებით ეს საფინანსო სფეროს ეხება. სებ-ის გაფრთხილება და მოწოდება არ არის საკმარისი. აუცილებელია, საკანონმდებლო წესით, ეროვნულ ბანკს ან რომელიმე სხვა მარეგულირებელ სტრუქტურას შეეძლოს უცნაური საფინანსო წარმონაქმნების უფრო მეტად გაკონტროლება. თუ სებ-ი გამოიჩენს კეთილ ნებას და პარლამენტს მიმართავს ამ სფეროს რეგულირების მოთხოვნით, ეს იქნება პროგრესული და ქვეყნისათვის სასარგებლო. თუ ამას არ გააკეთებს ეროვნული ბანკი, მაშინ უნდა იზრუნოს მთავრობამ", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

    მომხმარებლების დიდი ნაწილი სესხის აღების შემდეგ ცდილობს, გაერკვეს საკითხში. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძის თქმით, საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს ასეთ სტრუქტურას, სანამ კრედიტის ასაღებად ნაბიჯს გადადგამს. ასევე, აუცილებელია, სებ-მა კომერციულ ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს მოუწოდოს, რომ მომხმარებელთა ფინანსური დონის ამაღლებისკენ თავადაც გადადგან ნაბიჯი.

    "სტაბილურად მზარდია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა კითხვით მოგვმართავენ კონსულტაციის მიზნით. სასურველია, ამ ადამიანებმა მანამდე იქონიონ კავშირი ეროვნულ ბანკთან და ჩვენთანაც, სანამ სესხს აიღებენ. შემდეგ ძნელდება მათი პრეტენზიების დაკმაყოფილება. თუ რამეში ეჭვი ეპარებათ, დროულად უნდა გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტებთან.

    კომერციულ ბანკებსა და, ზოგადად, ნებისმიერ ბიზნესს მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული, რომ ჰყავდეთ რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი კლიენტი. ამაზე უნდა იფიქრონ და თავადაც გადადგან გარკვეული ნაბიჯი. სებ-მა მათ უნდა მოუწოდოს, მომხმარებელთა ფინანსური დონის ამაღლებაზე თავადაც იზრუნონ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კეპულაძემ.

    ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მისამართით ყველაზე მეტი პრეტენზია უკავშირდება სამომხმარებლო სესხებს, საკრედიტო ბარათებსა და მიმდინარე ანგარიშებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved