სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუ იმავე სურათს მივიღებთ და ქვეყანა ახლა მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდებით გაივსება, რაღა აზრი ჰქონდა ცვლილებას"
    ნათია ლომიძე
    14.12.2017

     საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაძვირების ერთ-ერთი და უმთავრესი პირობა მათი რაოდენობის შემცირება იყო. აკრძალვამ ტენდენცია დიდად ვერ შეცვალა, რადგან იაპონური მანქანების მოყვარულები სხვა გზას დაადგნენ. ქვეყანაში გახშირდა მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდების იმპორტი. ასეთ შემთხვევაში მანქანების აქციზის გადასახადი შედარებით დაბალია და მსურველსაც უღირს იაპონური ავტომობილების ჩამოყვანა.

    ამ ტენდენციას იმპორტიორები მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე არა მარტო მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდები, არამედ შიგაწვისძრვიანი (მარჯვენა საჭით) მანქანებიც ჩამოჰყავთ.

    იაპონურ ჰიბრიდებზე გაზრდილ მოთხოვნას ადასტურებს საავტომობილო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი. მისი თქმით, თავდაპირველად განხორციელებული ცვლილებები, რის შედეგადაც მარჯვენასაჭიანი მანქანები გაძვირდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა. თუმცა, დღეს გარკვეული შეღავათების ფარგლებში მსურველები მარჯვენასაჭიან ჰიბრიდებს მაინც ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი განბაჟება ჩვეულებრივ ჰიბრიდებთან შედარებით 3-ჯერ ძვირია. მესხიშვილის აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლების დონეზეა საჭირო.

    "გადავხედოთ ჰიბრიდების განბაჟების სისტემას. მაგალითად, თუ მარცხენასაჭიანი ავტომობილის განბაჟება ჯდება 800 ლარი (ამ ტიპის მანქანებზე 60%-ინი შეღავათი მოქმედებს), მარჯვენასაჭიანის შემთხვევაში ფასი სამმაგდება და ღირებულება 2 400 ლარს აღწევს. ამ პირობებში არ მესმის, რატომ ირჩევს მომხმარებელი უფრო ძვირად ღირებულ პროდუქტს.

    მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟება გაძვირდა იმის გამო, რომ მსურველებს შეეძინათ მარცხენასაჭიანი მანქანები და ყოფილიყვნენ მეტად დაცულნი. აქ უკვე კითხვის ნიშანი ჩნდება. იკვეთება თვითღირებულების საკითხი. იაპონიაში მანქანები ღირს ძალიან იაფი. იქ ავტომობილების შეძენა 200-300 დოლარადაც თავისუფლად შეიძლება, ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი. ჰიბრიდების შემთხვევაში მთლად ასე არ არის, თუმცა იაპონია სხვა იმპორტიორი ქვეყნებისგან მაინც განსხვავდება დაბალი ფასით. ალბათ ამას უკავშირდება ისიც, რომ მყიდველს უღირს 3-ჯერ გაძვირებული გადასახადის გადახდა.

    ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროა, ისევ ხელისუფლების დონეზე. თუ იმავე სურათს მივიღებთ და ქვეყანა ამჯერად მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდებით გაივსება, მაშინ რა აზრი ჰქონდა ცვლილებას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ვერ იქნა წარმოდგენილი, უფრო მეტ ავტოსაგზაო შემთხვევას ახდენენ თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ამაზე, უბრალოდ, ზეპირად საუბრობდნენ", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

    მომხმარებლის მიერ მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდების მოთხოვნაზე საუბრობს იმპორტიორი გიორგი ცარციძე. იგი ადასტურებს, რომ ავტომობილების დაბალი თვითღირებულების გამო მყიდველს ურჩევნია, არჩევანი შეაჩეროს მარჯვენსაჭიან ჰიბრიდზე, რომლის განბაჟება 3-ჯერ იაფი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილისა.

    "მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება გაძვირდა და ჩვენ, იმპორტიორებს მათი შემოყვანის წილი მკვეთრად შეგვიმცირდა, მომხმარებელთა ნაწილი ჯერ კიდევ გაძვირებულ მანქანებს ყიდულობს. ალბათ იმიტომ, რომ აქ ხარისხისა და თავად ავტომობილის ღირებულების ამბავია. აშკარად სურთ იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანები და თანხასაც შესაბამისად იხდიან.

    რაც შეეხება იმას, რომ მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდების წილი გაიზარდა. ეს მართლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით იაფი ჯდება შიგაწვის ძრავათი მანქანის ჩამოყვანა, მძღოლების უმეტესობა მაინც მარჯვენასაჭიანს არჩევს, ჩვენ, იმპორტიორები კი ვმუშაობთ იმაზე, რისი მოთხოვნაც ბაზარს აქვს", - განუცხადა "რეზონანსს" ცერცვაძემ.

    იაპონიიდან ჩამოყვანილ ჰიბრიდულ ავტომობილებთან დაკავშირებით ვითარება ასეთია: მათი განბაჟებაც სამჯერ ძვირია, ოღონდ ისინიც სარგებლობენ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დადგენილი 60%-იანი შეღავათით. ამიტომაც მარცხენასაჭიანი შიგაწვისძრავიანი მანქანების გადასახადსა და მარჯვესაჭიან ჰიბრიდს შორის დიდი სხვაობა აღარ გამოდის (დაახლოებით 300-500 ლარი). შესაბამისად, მომხმარებელი უკვე არჩევანს იაპონურ მოდელებზე აკეთებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter