სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჯერჯერობით კომერციული ბანკები დაწყნარდნენ, ფული დიდი ოდენობით აღარ გადის ქვეყნიდან"
    მარი ჩიტაია
    13.12.2017

     ლარის თავბრუდამხვევმა გამყარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კურსზე სპეკულაციური ფაქტორი მოქმედებს. აშკარაა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გამყარება ეკონომიკური პროცესის დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ზუსტად ერთ დღეში კურსი ერთბაშად 8 პუნქტით გამყარდა. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში არნახული სავალუტო სპეკულაციაა. ზოგი ასეთ მოსაზრებას ემიჯნება და კურსის ცვალებადობას უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეინვესტირებას უკავშირებს.

    ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ უკვე იშვიათია დასაბუთებული მსჯელობა, თუ რა იწვევს კურსის ჯერ მკვეთრ გაუფასურებას და შემდეგ - თავბრუდამხვევ გამყარებას. ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ ადგილი აქვს სპეკულაციას და კონკრეტულ მომენტში ლარის ნახტომისებური გამყარება ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ მაღალ მოგებას უკავშირდება.

    "კურსის ფორმირების ერთ-ერთი საფუძველი არის ქვეყანაში ფულის გატანის ან შემოტანის პროცესი. შესაბამისად, ამჯერად მორჩა სპეკულაციური ზეწოლა ლარზე. ეს გაგრძელდება მორიგ ფულის გაზიდვამდე, რასაც აუცილებლად უნდა ველოდოთ ახლო მომავალში. ლარის გამყარება არ იქნება ხანგძლივი პროცესი და მალე ისევ გაუფასურების გზას დაადგება. ეს არის ფულის გადინების შედეგი.

    ჯერჯერობით კომერციული ბანკები დაწყნარდნენ, ფული დიდი ოდენობით აღარ გადის ქვეყნიდან და კურსი გამყარდა. თუმცა, როგორც კი გაჩნდება ბანკების ან მათი კლიენტების მიერ ფულის გატანის შესაძლებლობა, ეროვნული ვალუტა ამას აუცილებლად იგრძნობს და ვარდნას დაიწყებს.

    საქართველოს არ აქვს კლასიკური საბაზრო ეკონომიკა და იქ კანონზომიერება ხშირად არ მოქმედებს, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. შესაბამისად, კურსის ფორმირება არ ხდება არც საბაზრო მექანიზმებით და არც ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. ეს არის წმინდა სპეკულაციური პროცესი, სადაც არც სეზონურობას აქვს მნიშვნელობა, არც ბიუჯეტის ხარჯვას და არც სხვა მიზეზს", - განმარტავს ელიავა.

    სწორედ ამიტომ, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სავალუტო პოლიტიკა, უარი თქვას მცურავ კურსზე და არეგულიროს იგი, როდესაც მკვეთრ რყევას განიცდის.

    "ნაკისრ მოვალეობას სებ-ი არ ასრულებს და საბოლოოდ მოსახლეობა ზარალდება. მაღალი ინფლაციის შედეგად ცხოვრების დონე ეცემა. ცხადია, გაზრდილი ფასი პირვანდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, რაც ეკონომიკას ძლიერ ნეგატიურ კვალს ამჩნევს. სებ-მა თუ არ დაიწყო ნორმალური მუშაობა, საქართველოს ეკონომიკას განვითარება არ უწერია და არც მოსახლეობის კეთილდღეობა ამაღლდება მომავალში", - დასძენს ელიავა.

    სპეციალისტები ლარის გამყარების საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავენ. საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ გამყარებას აქვს ერთჯერადი ეფექტი, რაც მალე გადაივლის.

    "არსებული კურსი არ ნიშნავს, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდა. ასე ნამდვილად არ არის. ჩვენთან სავალუტო კურსი არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. შესაძლოა, არც იყოს სპეკულაცია და დიდ ტრანზაქციებს რაღაც გავლენა მოეხდინა კურსზე, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სებ-მა არ უნდა დაუშვას ასეთი მკვეთრი ცვლილება გაუფასურების თუ გამყარების მიმართულებით. ნაკლებად ველოდები, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებს. შესაძლოა, ეს იყოს ერთჯერადი პროცესი. რაღაც კორექცია აუცილებლად მოხდება და ლარი ისევ გაუფასურდება", - განმარტავს ხომიზურაშვილი.

    განსხვავებული მოსაზრებისაა საბანკო სფეროს ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ლარის მყისიერ გამყარებას "ესტონური მოდელის" დამსახურებად მიიჩნევს. იგი არ გამორიცხავს, რომ ინვესტორებს გარკვეული თანხის რეინვესტირება მოეხდინათ.

    "კურსი მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ყალიბდება. უცხოელი ინვესტორების მიერ მოხდა მოგებების რეინვესტირება და ეს ლარსაც დაეტყო. ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი უკვე რეინვესტირებაზე მოდის, რაც ესტონური მოდელის დამსახურებაა. ამან ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების ზრდას, რაც ლარზე დადებითად აისახა.

    რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ კურსი მომავალშიც გამყარდება. ეს არის დროებითი მოვლენა, სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს ახალი წლის შემდეგ, როცა საგარეო ვალების დაფარვა მოუწევს როგორც საფინანსო, ასევე არასაფინანსო სექტორს. მაშინ კვლავ გაჩნდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და ეს ტენდენცია ლარზეც აისახება", - ამბობს ექსპერტი.

    ფაქტია, რომ კურსთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. რეალური მიზეზი, რამაც ლარს გამყარებისკენ უბიძგა, მაინც უცნობი რჩება. უფრო და უფრო რთული ხდება პროგნოზი, თუ რა პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნებს ლარი გამყარებისკენ აღებულ გეზს. სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები უკვე არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved