სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პროცესი ვარკეთილიდან უნდა დაიწყოს და არა ვაჟა-ფშაველადან, სადაც 5-სართულიან შენობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
    თამუნა მუკბანიანი
    12.12.2017

     დედაქალაქში ხუთასზე მეტი ე.წ. "ხრუშჩოვკაა", მათი უმეტესობა ავარიულია და ექსპლოატაციის ვადა გასული აქვს. 1950-იან წლებში დროებით აშენებული სახლების ჩანაცვლება ყველა ხელისუფლების წინასაარჩევნო დანაპირებში ხვდებოდა, მათ შორის, მოქმედი მერისაც. ეს საკმაოდ რთული და ძნელი ამოცანაა, მერიისა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებშიც კი "ხრუშჩოვკების" შეცვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.

    2004 წლის მონაცემებით, დედაქალაქში 512 ხუთსართულიანი კორპუსია. ახალი სტატისტიკა არ არსებობს. ის არ აქვს არც თბილისის მერიას და არც სხვა სტრუქტურას. ამ სახლებში დაახლოებით 12 000-მდე ოჯახი ცხოვრობს. "ხრუშჩოვკების" უმრავლესობა საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩის ტერიტორია), კრწანისის რაიონში, ნავთლუღსა და დიღმის მასივშია.

    1950-იან წლებში "ხრუშჩოვკები" განიხილებოდა როგორც დროებითი საცხოვრებელი, რომელიც საბჭოთა მოქალაქეებს 1980 წლის შემდეგ, ანუ კომუნიზმის ეპოქაში აღარ დასჭირდებოდათ. იმ დროისთვის საბჭოთა ხალხი საკუთარ თავს ბევრად უკეთესი ბინებით უზრუნველყოფდა. ამის გამო გავრცელებულია არასწორი მოსაზრება, თითქოს "ხრუშჩოვკებს" 40-წლიანი გარანტიის ვადა ჰქონდა, რის შემდეგაც დაანგრევდნენ. სინამდვილეში, ნორმალური ექსპლუატაციისა და დროული კაპიტალური რემონტის პირობებში, ასეთი სახლები საუკუნეზე მეტს გაუძლებენ.

    დედაქალაქში ხუთსართულიანი კვარტალების მიმართ ახალი ინტერესი გაჩნდა. სამშენებლო კომპანია "ემ კვადრატი" "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე მუშაობს. შესაბამისი განცხადებით დეველოპერული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე გამოვიდა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის მერიასთან და მათ აქვთ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი ქავთარაძესა და ვაჟა-ფშაველაზე.

    ამ დროს მშენებლები ამბობენ, რომ აღნიშნულ უბნებში "ხრუშჩოვკების" მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირველი რიგის ამოცანა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული კორპუსების დემონტაჟია. რასაკვირველია, კომერციული თვალსაზრისით მათი განახლება ბევრად ნაკლებად საინტერესოა ინვესტორისათვის, ამიტომ აქცენტი ცენტრალურ უბნებზე კეთდება.

    ჯერ კიდევ მერობის კანდიდატობის დროს კახა კალაძე ამბობდა, რომ ქალაქის სხვადასხვა რაიონში ასეულობით "ხრუშჩოვკაა" და მათი ჩანაცვლება აუცილებელია, მხოლოდ არა ერთბაშად. კალაძის განმარტებით, თბილისის მერიას ამის არანაირი რესურსი არ აქვს და განახლება ინვესტორების ან კორპუსის მცხოვრებლების შექმნილი ამხანაგობების მიერ უნდა მოხდეს.

    "მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ინვესტორებს. მნიშვნელოვანია, თანხვედრა იყოს ინვესტორებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება, ხელშეწყობა. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. შეთავაზება უნდა იყოს სამი მიმართულებით: ფართების გამოსყიდვა, სხვა კონკრეტულ რაიონში საცხოვრებელი ბინების შეთავაზება ან "ხრუშჩოვკების" ადგილზე, ახალაშენებულ სახლებში ფართებით დაკმაყოფილება", - განაცხადა კალაძემ.

    ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ძველი 5-სართულიანი შენობების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებელია კომპლექსური ანალიზი. პირველი რიგის ამოცანაა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მსგავსი კორპუსების ჩანაცვლება, რადგან მათი უმეტესობა უკვე ავარიულია. სხვა უბნებში მდებარე "ხრუშჩოვკებს" საფრთხე ჯერ არ ემუქრება.

     "ჩვენი მოსაზრებით, ესაა კომპლექსური რეკონსტრუქციის საგანი, რაც ნიშნავს, რომ უნდა შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაშია ქსელები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა და, ზოგადად, მომსახურების სფერო და პარალელურად უნდა შევისწავლოთ, როგორია გამწვანება ადგილზე.

    ამავე დროს, ანალიზმა უნდა აჩვენოს, სადაც "ხრუშჩოვკებია", რამდენი ნამატის მიღება შეიძლება (სართულების თვალსაზრისით) და ამ ნამატის შემთხვევაში სკოლები, ბაღები, მომსახურების ინფრასტრუქტურა გაუძლებს თუ არა და იქნება თუ არა საკმარისი. სანამ დაბეჯითებით ვიტყვით, რომ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება უნდა მოხდეს, აუცილებელია კომპლექსური ანალიზის ჩატარება, რადგან ასეთი კორპუსების ნაწილი სავსებით დამაკმაყოფილებელია და სულაც არ არის ავარიული.

    ჩვენი ანალიზით, ვარკეთილის მესამე მასივში ავარიულია ძირითადი საცხოვრებელი ფონდი და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ჩანაცვლება. ერთობლივად, მთელ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს კომპლექსური განახლება და არა ცალკეული კორპუსების დანგრევა-აშენება. "ხრუშჩოვკები" მსხვილი ბლოკითა და აგურით არის ნაშენები, რაც სეისმური მდგრადობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა არის ადგილები, სადაც კორპუსები გაცილებით მყარია, მაგალითად, ვაჟა ფშაველასა და ქავთარაძეზე. იქ გაცილებით მდგრადია შენობები და ნამდვილად არ ემუქრება ჯერჯერობით არავითარი საფრთხე. ვფიქრობ, პირველი რიგის ამოცანა ვარკეთილის მესამე მასივია", - განუცხადა მერაბ ბოლქვაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

    არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი კი ამბობს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება აუცილებელია, რადგან ეს კორპუსები ვერ აკმაყოფილებს ვერავითარ სტანდარტს, მაგრამ მერიისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის პირობებშიც კი ამას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.

    "მისასალმებელია, რომ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. შენობები, რომელთაც ჩვენ "ხრუშჩოვკებს" ვეძახით, ტიპური პროექტებით აშენებული კვარტალებია. ეს რეალურად საძილე რაიონებია, ყოველგვარ ქალაქურ ურბანიზაციას მოკლებული. თავის დროზე მათ შეასრულეს პოზიტიური როლი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა დღეს ვეღარ პასუხობენ ვერავითარ მოთხოვნას, ვერც ესთეტიკურს, ვერც ქალაქგეგმარების და ვერც უსაფრთხოების თვალსაზრისით.

    მთავარია, ჯერ მოხდეს მთლიანად ტერიტორიული დაგეგმარება და თანმიმდევრულად ჩანაცვლდეს ხუთსართულიანი შენობები საჭიროებისა და აუცილებლობის მიხედვით. ასევე უნდა გაჩნდეს ინფრასტრუქტურა როგორც კულტუროლოგიური, ასევე სუფთა სამომხმარებლო პოზიციიდან გამომდინარე.

    "ხრუშჩოვკების" უბნები მრავლადაა და ამ პრობლემის ერთდოულად გადაჭრა შეუძლებელია ჩვენი რესურსით. სახელმწიფოს მონდომების, მერიისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის პირობებშიც კი ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გიგა ბათიაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ რუსეთის დედაქალაქში ხუთსართულიანების ჩანაცვლების პროგრამა 1999 წელს დაიწყო. გეგმის მიხედვით, მოსკოვში 1722 ხრუშჩოვკა უნდა დაენგრიათ. პროექტი ნაწილობრივ განხორციელდა. 2017 წლის თებერვალში კი "ხრუშჩოვკების" დანგრევის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა და მათ ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება მოითხოვა. პროცესის დასრულებას 2018 წელს ვარაუდობენ. აქედან გამომდინარე, მოსკოვშიც კი, სადაც რესურსი გაცილებით მეტია, "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებას, მინიმუმ, 20 წელი დასჭირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mixo   (08.01.2018)
    gaixaret tqven gagimarjot


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved