სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საქართველოში უცხოური კაპიტალის მოცულობა მატულობს, მაგრამ სამუშაო ადგილები არ იზრდება"
    ნათია ლომიძე
    12.12.2017

     საქართველოში ინვესტიციების მოცულობა თანდათან მატულობს, მაგრამ წარმოების განვითარების მხრივ, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება. 2017 წლის 9 თვეში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, ჯამურად, 1.346 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება. მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ საქართველოში ინვესტიციების ოდენობა ასე თუ ისე მატულობს, მაგრამ სამუშაო ადგილების რაოდენობა არ იზრდება.

    "საქსტატის" მონაცემებით, მესამე კვარტალში 235.9 მილიონი დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 23.2 მილიონი ლარით აღემატება. 2016 წლის მესამე კვარტალში რეინვესტირებული თანხები 212.7 მილიონ დოლარს შეადგენდა და, საერთოდ, ამ ტიპის დაბანდება მკვეთრად არის გაზრდილი. თუ 2016 წლის პირველ კვარტალში უცხოური რეინვესტირებული თანხა შეადგენდა 19.8 მილიონ დოლარს, 2017 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 201.9 მილიონი დოლარი იყო. შარშან მეორე კვარტალში რეინვესტირებულმა კაპიტალმა 86.3 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი - 153.7 მილიონი დოლარი. პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, რეინვესტირებულმა თანხებმა 591.5 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 318.8 მილიონი დოლარი იყო.

    პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობაზე ამახვილებს ყურადღებას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. თუკი წლევანდელი სამი კვარტალის სტატისტიკას გავაანალიზებთ, ასეთი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია:

    "მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.6%-ით მოიმატა. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტალის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო სავაჭრო ხელკონტრაქტები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. ვფიქრობ, მომავალი წელი უკეთესი იქნება ამ მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

    მართალია, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოცულობა იზრდება, მაგრამ ვერაფრით ხერხდება წარმოების განვითარება და მოსახლეობის დასაქმება. ეს ორი კომპონენტი თითქოს საერთოდ აცდენილია ერთმანეთისგან. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციების მზარდი მაჩვენებელი სამუშაო ადგილების შექმნასთან დინამიკაში არ არის. მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ როდესაც იზრდება ინვესტიციების ოდენობა, სამუშაო ადგილების რაოდენობა არ მატულობს, თუმცა იმ ადამიანების ანაზღაურება, ვინც უკვე დასაქმებულია, ზოგ შემთხვევაში უმჯობესდება.

    "შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი ინვესტიციება იზრდება, მაგრამ ამას თან არ ახლავს სამუშაო ადგილების მატება. წინა წლებში კი დასაქმების მაჩვენებელი მცირდებოდა კიდეც. გარკვეულწილად ქართულ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ამაზე გვქონდა კიდეც კვლევები. ესე იგი რაღაცაშია საქმე, ან არასწორი მეთოდით ვითვლით ან ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ინვესტიციაა, რომ ყიდულობენ უძრავ ქონებას, იხარჯება თანხები, რეალურად გადახდილია ინვესტიციის ფული, მაგრამ არანაირი სამუშაო ადგილი არ იქმნება. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, რატომაც არ უმჯობესდება დასაქმების მხრივ ვითარება.

    სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში. ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია და ანალიზი. მონაცემების სრულყოფაა საჭირო, როგორი მეთოდიკით ითვლება, სად მიდის ეს ინვესტიცია, როგორ დაბანდდება და ა.შ. ამ მიმართულებით ინფორმირებულნი არ ვართ", - განაცხადა ავთო სილაგაძემ.

    ინვესტიციების ზრდას დადებითად აფასებს პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თუმცა როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ჩვენთან მხოლოდ ციფრებს ადარებენ ერთმანეთს. 2017 წლის მესამე კვარტალში მართლაც არის მატება, რაც სასიამოვნო მომენტია, მაგრამ, ჯამურად, 3 კვარტალის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელსაც ისეთივე მონაცემები გვექნება, როგორიც იყო შარშან.

    "არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი ის, რომ დღევანდელი მიდგომა პრინციპულად განსხვავდება მე-20 საუკუნის მოდელებისგან. მაშინ ინვესტიცია ავტომატურად ნიშნავდა სამუშაო ადგილების ზრდას. 21-ე საუკუნის რეალობაში კაპიტალდაბანდებების შედეგად შეიძლება შემცირდეს კიდეც სამუშაო ადგილები, მაგრამ რომელიც შენარჩუნდება, შეიძლება მისი ანაზღაურება გაიზარდოს.

    თუ მხოლოდ ციფრებს შევადარებთ, მესამე კვარტალში მართლაც არის ზრდა, რაც სასიამოვნო მომენტია, მაგრამ თუ ჯამურად ავიღებთ სამი კვარტალის მონაცემებს, ალბათ წელი დასრულდება ისეთივე შედეგით, რაც იყო შარშან. აქედან გამომდინარე, ახალ საფეხურზე ვერ ავედით.

    თავისთავად ცხადია, ინვესტიციის განხორციელება ისეთ ქვეყანაში, რომლის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც ჰყავს აგრესიული მეზობელი, საკმაოდ სარისკოა, რადგან არ არსებობს ფიზიკური დაცვის გარანტია. თუ ჩვენ შევხედავთ ცენტრალური და აღმოსავლური ევროპის ქვეყნებს, დავინახავთ, რომ მათთან ინვესტიციების მკვეთრი ზრდა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს ქვეყნები დაუკავშირდნენ ნატოს; ანუ როდესაც გახდა ცხადი და ნათელი ინვესტორებისთვის, რომ მათი კაპიტალი იქნება დაცული და უზრუნველყოფილი, ისინი ერთბაშად გააქტიურდნენ. ამდენად, ეს არის დღევანდელი დღის თამაშის წესები.

    მიუხედავად ამისა, მთავრობას მაინც შეუძლია, ამ პირობებშიც აჩვენოს კარგი და ცუდი შედეგიც. ამისთვის გააზრებული პოლიტიკაა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ზოგადი პოლიტიკა ინვესტიციებთან მიმართებით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ღაღანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved