სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა პირდაპირ დაადასტურა, მატებას 1 თეთრის ფარგლებში ვარაუდობენ
    მარი ჩიტაია
    09.12.2017

     ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდება. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა, ფაქტობრივად, დაადასტურა. "რეზონანსის" ინფორმაციით, ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 1-2 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სატარიფო სხვაობა მძიმე ტვირთი იქნება ხალხისთვის, რასაც არ დაუშვებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტარიფი 0,5-1 თეთრის ფარგლებში შეიცვლება.

    ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია ტარიფთან დაკავშირებით გუშინ გახდა ცნობილი. მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანის ვარაუდით, გადასახადი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

    "ტარიფის კორექტირება სემეკის კომპეტენციაა. გენერაციის რამდენიმე ახალი ობიექტია შესული ექსპლოატაციაში. ჩემი აზრით, ტარიფი, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუმცა არა მნიშვნელოვნად, რომ ეს მძიმედ დააწვეს მოსახლეობას", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" ჩიქოვანმა.

    ამით ეჭვი, რომ დენის გადასახადი მოიმატებს, კიდევ უფრო გამყარდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის გატარების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის წლის ბოლომდე დაითვლის.

    იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა კვლავ ჩიხში შედის, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ვარაუდობს, რომ დენის გაძვირების შემდეგ ცვლილება მოსალოდნელია მომსახურების დარგშიც, რაც ხალხს ცხოვრების პირობებს საგრძნობლად გაუუარესებს.

    "არ ველოდი, რომ ტარიფის ზრდა მოხდებოდა, მაგრამ დღეს ვართ ისეთ რეალობაში, როცა ეს ცვლილება გარდაუვალია. ენერგეტიკის სამინისტრომ დენის გადასახადის გაძვირება თითქმის აღიარა. ახალ ტარიფს სემეკი ძალიან მალე დაადგენს. ეჭვგარეშეა, რომ იგი მოიმატებს, მათ შორის, კომუნალურ კომპონენტში. რამდენადაც ვიცი, მაღალია დენის იმპორტი და, შესაბამისად, მოხმარებაც გაზრდილია.

    ეს არის პირველი ფაქტორი, რასაც ემატება დოლარის კურსი და ასევე ნავთობის ფასიც. მომავალში გაზიც გაძვირდება. ველოდები, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გადასახადს სადღაც 1-2 თეთრის ფარგლებში გაზრდიან. ცხადია, რა მაჩვენებლითაც უნდა მოხდეს მატება, მოსახლეობისთვის მძიმე სოციალური ტვირთი იქნება, რაც ცხოვრების პირობებზე ძალიან უარყოფითად აისახება", - ამბობს ჯგერენაია.

    ენერგეტიკოსების შეფასებით, ლარის გაუარესებამ გადასახადებზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც მთავრობას გამოუვალ სიტუაციაში მოაქცევს.

    "დენის გადასახადი აუცილებლად მოიმატებს, ეს აშკარაა. ლარი დოლარის მიმართ 2,70-ის ფარგლებშია, რაც სატარიფო პოლიტიკას შეცვლის. გაცვლითი კურსი 2,60-ის ფარგლებში რომ დასტაბილურებულიყო, რაღაც დონეზე ტარიფის შენარჩუნება მოხერხდებოდა - სამომხმარებლო ტარიფი მაინც დარჩეობოდა შეუხებელი. ახლა კი ეს წარმოუდგენელია. ყველას თავისებურად ესმის გაძვირება, მაგრამ 2 თეთრი ნამდვილად მაღალია, ასეთ ცვლილებას არ ველოდები. 0,5-0,1 თეთრის ფარგლებშიც რომ გაძვირდეს, ესეც ტიდი ტვირთია მოსახლეობისთვის, ამაზე მეტად არ უნდა მოხდეს ზრდა.

    ტარიფის მდგენელი ძირითადი კომპონენტი მაინც დოლარის კურსი იქნება, რითაც სემეკი იხელმძღვანელებს. ამდენად, სამომხმარებლო ტარიფის ზრდას უნდა ველოდოთ, თუ სავალუტო ბაზარზე ეს ვითარება შენარჩუნდება. სამწუხარო რეალობასთან ახლოს ვართ და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ახალი ტარიფი გვექნება, როგორც ეს სემეკის მიერაა განსაზღვრული.

    ვფიქრობ, შეეცდებიან, გადასახადი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს, რათა მოსახლეობის მდგომარეობაზე მტკივნეულად არ აისახოს. გაძვირების შემთხვევაში კი ალბათ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებენ. საფეხურებრივი ტარიფი ამ მიზნით დაწესდა, რომ საზოგადოების მოწყვლად ფენას გაეწიოს ანგარიში და მოსახლეობა ძალიან არ დაზარალდეს", - აცხადებს არაბიძე.

    სინამდვილეში კი გადასახადის ზრდით დაზარალდება არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენა, თითქმის ყველა ფენა, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა. ასე ფიქრობს ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე, რომელიც ბიზნესს მოუწოდებს, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ გაწიროს მოსახლეობა, რომელიც მიმდინარე ხარჯსაც ვერ უმკლავდება.

    "ჩემი ვარაუდით, გადასახადებს კიდევ გააძვირებენ. ბუნებრივია, რომ ეს საშუალოზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. დღეის მდგომარეობით, საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომლის შემოსავალი შეზღუდულია ან აქვს მინიმალური შემოსავალი, მის დიდ ნაწილს კვებას, კომუნალურ გადასახადებსა და მედიკამენტებს ახმარს. როცა ამ ხარჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მატულობს (ამ შემთხვევაში კომუნალური ტარიფი), არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც გაუჭირდება.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესს, რომ შეჩერების რაღაც მექანიზმი გამოიყენოს და არ გააძვიროს გადასახადი, რაც დიდ ტვირთად დააწყვება ხალხს და მსყიდველობით უნარს მნიშვნელოვნად შეამცირებს", - აცხადებს პაატა აროშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved