სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    14 დეკემბრიდან 10 იანვრამდე კურსის რყევას კიდევ უნდა ველოდოთ, შემდეგ კი სავალუტო ბაზარი საბოლოოდ დამშვიდდება
    ნათია ლომიძე
    09.12.2017

     ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად სწრაფი გამყარება დაიწყო და 1 დღეში ერთბაშად 3 პუნქტით გაძლიერდა. ეროვნულ ბანკსა და მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ლარმა არჩევნების შემდეგ გაუფასურება მოლოდინის გამო დაიწყო და ახლა ეს პერიოდი უკვე ჩავლილია. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი გამყარების პროცესი დროებითია და 14 დეკემბრიდან 10 იანვრამდე კურსის რყევას კიდევ უნდა ველოდოთ. რეალურად რა სჭირს ლარს, მისი ზუსტი დიაგნოზი ვერ ხერხდება.

    ლარის უცაბედი გამყარების მიზეზი საზოგადოებისთვის ისევე უცნობია, როგორც მისი გაუფასურება ბოლო 1 თვის განმავლობაში. ოფიციალური განმარტება, თუ რა ფუნდამენტური ფაქტორი განსაზღვრავს გაცვლით კურსს, არ ჩანს, რაც ეროვნული ვალუტის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.

    ლარის მეტ-ნაკლებად დასტაბილურება მოულოდნელი არ ყოფილა "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოს ნიკა შენგელიასთვის. მისი აზრით, არსებულ კურსს, დიდი ხანია, ელოდებიან, თუმცა ამჟამინდელი ცვლილება დროებითი იქნება. შენგელია ვარაუდობს, რომ 14 დეკემბრიდან 10 იანვრამდე კურსი ისევ გაუფასურდება და 2.70-2.80-ის ფარგლებში იტრიალებს, შემდეგ კი ისევ გამყარებისკენ წავა.

    "ამაზე ჩვენი გუნდი, დიდი ხანია, საუბრობდა, თქვენთანაც ვახსენეთ, რომ კურსი 2.65-ის ფარგლებში ჩამოვიდოდა, თუმცა ეს დასტაბილურება დროებითია და 14 დეკემბრის შემდეგ ველოდებით კურსის აწევას. 2.80-ის ფარგლებს არ გასცდება, თუმცა დღევანდელთან შედარებით მაინც გაუფასურდება.

    უშუალოდ მიმდინარე კურსს რაც შეეხება, ეროვნულ ბანკს მიეცა გაფრთხილება, რომ შეეზღუდათ მადა კომერციული ბანკებისათვის. შედეგი უკვე არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მაღალია კურსი. არჩევნების შემდეგ მთელი ეს პერიოდი სპეკულაციები მიდიოდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ცოტათი დაიწია კურსმა, მაგრამ 14 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მაინც მოგვიწევს პატარა შოკური პერიოდის გადატანა", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

    ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში, როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა, არავითარი ფუნდამენტური სირთულის წინაშე არ იდგა ქვეყნის ეკონომიკა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელი არჩილ ბაკურაძე ამტკიცებს, რომ ლარის დევალვაცია საზოგადოებაში გაჩენილმა მოლოდინმა გამოიწვია. ახლა კი ფინანსისტი ლარის დასტაბილურებას ამ მოლოდინის გაქარწყლებას უკავშირებს და იმედოვნებს, რომ ის ხელოვნური პერიოდი, რომელიც დღეს ლარს უდგას, მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

    "ფუნდამენტურად არც ნოემბერში გაუარესებულა რამე, რაც ზედაპირზე ჩანდა იმასთან შედარებით. ის აჟიოტაჟი, ვფიქრობ, მოლოდინისა და პანიკის ამბავი იყო. ეკონომიკურ პარამეტრებს თუ გადავხედავთ, არაფერი გაუარესებულა.

    მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საკრედიტო ვალდებულება დოლარში აქვს, პანიკის საფუძველს აძლევდა კურსი, როდესაც 2.70-ს გადასცდა, მაგრამ ამაზე მეტად ხალხს აწუხებს ინფლაცია და ფასების ზრდა. ეს ნამდვილად არ არის კარგი ბაზრისთვის, რადგან ინფლაციური მაჩვენებელი არ უნდა გადასცდეს დაგეგმილ ზღვარს. პირადად მე მიმაჩნია, რომ სწორედ პანიკის გამო უფასურდება დიდწილად ლარი.

    რაც შეეხება დასტაბილურებას, ამასაც მოლოდინს მივაწერდი. აღარ არის ისეთი აჟიოტაჟი, რაც ლარის გაუფასურებას იწვევდა და სწორედ ამის გამო უმჯობესდება კურსი. რა იქნება თუნდაც წლის ბოლომდე, წინასწარ ვერ ვიტყვი და არასწორადაც მოვიქცევი, რომ რაღაც მოლოდინი შევქმნა. ვფიქრობ, ახლანდელი კურსიც დროებითია, იგი ხელოვნური გაუფასურების გამოა ზედმეტად გადახრილი და, სავარაუდოდ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - განუცხადა "რეზონანსს" ბაკურაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved