სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ოპტიმიზაცია თუ მხოლოდ ამ ექვს ადამიანს ეხებოდა, შეგვეძლო, საერთოდ არ გაგვეუქმებინა ეს სამინისტროები"
    თამუნა მუკბანიანი
    09.12.2017

     საჯარო მოხელეების ანაზღაურების მუდმივმა ზრდამ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი შეაშფოთა. საქართველოს მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეკომენდაციას აძლევს, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა უნდა შეიზღუდოს.

    მიუხედავად არაერთხელ გამოცხადებული ოპტიმიზაციისა და სამინისტროების გაერთიანებისა, სამთავრობო ხარჯი მაინც იზრდება. ბოლო 6 წელიწადში ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების მოცულობამ 35%-ით მოიმატა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა და რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მთავრობამ ხელფასების ზრდა შეზღუდოს.

    "ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, კაპიტალური ხარჯი კი იზრდება. უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით თავიდან იქნეს აცილებული დღგ-ს ზედმეტობის დაგროვება. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად, ხელფასების ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება.

    საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის, ინსტიტუციური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში", - აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

    მიუხედავად არაერთხელ გამოცხადებული ოპტიმიზაციისა და 2018 წლისათვის სამინისტროების გაერთიანებისა, ბიუროკრატიული ხარჯი მაინც იზრდება. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 1.049 მლრდ გაიცემოდა, ხოლო 2018 წლისათვის 1.413 მილიარდი გაიცემა. ესე იგი ახალი ხელისუფლების პირობებში ბოლო 6 წლის განმავლობაში ხელფასებზე (პრემიები, დანამატები და ა.შ.) თითქმის 400 მილიონი ლარით მეტი იხარჯება.

    ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ პრობლემა არამიზნობრივი სახსრებია, პრემია-დანამატები და მაღალი თანამდებობის პირების ფუფუნებაზე დახარჯული თანხები.

    "სახელმწიფო სექტორში ხელფასების მუდმივი ფიქსირება, შესაძლოა, გარკვეული პრობლემის შემქმნელი აღმოჩნდეს. ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 1010 ლარია. დამენთანხმებით, ეს არ არის დიდი შემოსავალი. მით უფრო, იმ ფონზე, როცა ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ერთი ადამიანია დასაქმებული.

    როცა სავალუტო ფონდი ამ რეკომენდაციას გასცემს, მისთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს ფინანსური სტაბილურობა. ჩვენთვის კი არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

    გარდა ამისა, მაღალი ანაზღაურებისა და ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში ადამიანები უკეთ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

    ჩევნ დავინახეთ, რომ, ბიუჯეტის ახალი კანონპროექტით, შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობამ იკლო სულ რაღაც ექვსი ერთეულით. ოპტიმიზაცია თუ მხოლოდ ამ ექვს ადამიანს ეხებოდა, შეგვეძლო, საერთოდ არ გაგვეუქმებინა ეს სამინისტროები. თითქოს შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა და ამ დროს ჯამური სახელფასო ფონდი გაიზარდა დაახლოებით 50 მილიონი ლარით.

    არამიზნობრივი სახსრები, პრემია-დანამატები და მაღალი თანამდებობის პირების ფუფუნებაზე დახარჯული თანხა ქმნის დიდ პრობლემას. მიუხედავად ამისა, ეს თანხა რომც დაიზოგოს, რეალურად ვერაფერს შეცვლის ქვეყნის ეკონომიკაში", - განუცხადა "რეზონანსს" ვახტანგ ჭარაიამ.

    ეკონომისტი რატი აბულაძე კი ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში გაიზარდა როგორც ხარჯი, ისე შემოსავალი, გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლებიც, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური სურათი არადამაკმაყოფილებელია და ისევ რისკების ზონაშია.

    "სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფონზე ბიუჯეტის ფორმირება ხელახლა მოხდება, რის შედეგად მოსალოდნელია საბიუჯეტო სახსრების შეკვეცა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. სამწუხაროდ, მოცემულ ეტაპზე ცვლილებები ასახული არ არის ბიუჯეტის პარამეტრებში. შესაბამისად, საკადრო ცვლილებების მასშტაბებსა და დაზოგილ თანხაზე ვერ ვისაუბრებთ. 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების ასახვა დაგეგმილია "მომავალში", თუმცა როდის, ესეც არ კონკრეტდება.

    რასაკვირველია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ხელფასებისა და ადმინისტრაციული დანახარჯების შეზღუდვის, მიზნობრივი სუბსიდირებისა და სოციალური პროგრამების გაზრდის მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანია. არსებული მოცემულობის ფონზე, ფონდის რეკომენდაციები ქვეყნისათვის საჭირო და გასათვალისწინებელია", - აცხადებს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter