სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გადამუშავების" შემდეგ, ბიუჯეტი შრომის ანაზღაურების კუთხით 14 მილიონი ლარით გაიზარდა
    ნათია ლომიძე
    07.12.2017

     ბიუროკრატიული ხარჯები, შემცირების ნაცვლად, იზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს ადმინისტრაციული ხარჯი 77 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისა და სასაქონლო-მომსახურების ნაწილში. მთავრობის განცხადებები სრულიად განსხვავდება მისი მოქმედებისგან. რამდენიმე დღის წინ მინისტრები პირობას დებდნენ, რომ ხარჯების ოპტიმიზაციას მოახდენდნენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგეს.

    2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, შრომის ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იყო 1.399 მლრდ ლარი. მას შემდეგ, რაც სამინისტროები გაუქმდა და ხარჯების შემცირების პირობაც დაიდო, ამ მიმართულებით საბიუჯეტო გასაცემელი გაიზარდა. ახლა შრომის ანაზღაურების მიმართულებით 1,413 მლრდ ლარია გათვალისწინებული. მარტო ამ კომპონენტში მატება 14 მილიონი ლარია. ორიოდე დღის წინ პარლამენტმა მთავრობისგან სწორედ ასეთი გადამუშავებული პროექტი მიიღო.

    საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, "ევროპული საქართველოს" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება, ხოლო სოციალური ხარჯები არ იზრდება. არადა, წესით, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი სამთავრობო ხარჯის დაზოგვა უნდა ყოფილიყო.

    "რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2018 წლის ბიუჯეტში პირიქით, ამ გაერთიანებების შედეგად ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი, თან მატება არ შეხებია პენსიას, შშმ პირების დახმარებასა და დევნილთა შემწეობას. მთავრობა, პირველ რიგში, არ აკლებს ბიუროკრატიულ ხარჯებს და ზრდა არ არის გათვალისწინებული სოციალური ხარჯების მიმართულებით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

    მთავრობას მიდგომას უწუნებენ სპეციალისტებიც. ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა სოციალურ კომპონენტს ამცირებს, რაც მოსახლეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

    "ცალსახად არ ვეთანხმები ბიუროკრატიული ხარჯის მატებას. სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებს უნდა ხარჯავდეს. საბოლო ჯამში ამ მიმართულებით წასული ფული აკლდება სოციალურ მუხლებს. ამ მხრივ წაგებული რჩება მოსახლეობა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაღალი ხელფასები, პრემია-დანამატები და ხალხის ფული იფლანგება ზემდგომების კეთილდღეობაში.

    ბიუჯეტზე როდესაც საუბრობენ, მოჰყავთ არგუმენტი, რომ იგი უნდა იყოს დიდი, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ. თუმცა რეალობა ისაა, რომ უფრო მეტად იზრდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც არ ამართლებს. სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა იყოს გეგმაზომიერი, რაც დაბალ გადასახადებსა და კერძო სექტორში მეტ ფულს გულისხმობს", - განუცხადა "რეზონანსს" მაკალათიამ.

    იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაუქმდა, სახელფასო ზრდას არალოგიკურად მიიჩნევს სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი აზრით, ასეთი შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს შრომის ხარისხი და ოდენობა, რაც ბიუჯეტში არ ჩანს და ამ შემთხვევაში ლოგიკას მოკლებულია 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმარება.

    "ანაზღაურების ზრდა მიბმულია ეკონომიკურ ურთიერთობებთან, მიბმულია შესყიდვებთან და ა.შ. ციფრი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში ამ კუთხით, ძალიან დიდია და არ შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომლებიც ჩვენ 2018 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, რის ხარჯზე და რატომ იზარდება ბიუროკრატიული ხარჯი.

    აყველამ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი სამინისტრო და უწყება უქმდება და სახელფასო ზრდა ამ შემხვევაში, ცხადია, არ არის ლოგიკური. მეორე მოდელიც გვაქვს, შეიძლება, შევამციროთ სამინისტრო, მაგრამ ამ შემცირების ხარჯზე გავზარდოთ შრომის ხარისხი და ოდენობა, რაც ბიუჯეტში არ ჩანს და ამ შემთხვევაში ლოგიკას მოკლებულია ეს დაგეგმარება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჩარგეიშვილმა.

    მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, მთავარი მიზანი სწორი მენეჯმენტი და მართვის ეფექტიანობის გაძლიერებაა, რომლის თანამდევი პროცესი ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება. მდინარაძემ ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

    "როდესაც ჩვენ რეფორმაზე ვლაპარაკობთ, მთავარია, დავინახოთ უმთავრესი მიზანი. ეს არ არის ის, რაც წარსულში ხდებოდა - ნათესავებისა და აქტივისტების დასაქმება, რომელიც გამჯდარია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ფსიქიკაში. როცა საუბარია ოპტომიზაციაზე, მთავარი სწორი გადაწყვეტილებაა.

    მთავრობას 3-თვიანი ვადა მიეცემა იმისთვის, რომ ახალი მოდელის შექმნის შემდეგ, სწორედ სამინისტროებს დაევალოს, წარმოადგინოს სწორი და ოპტიმალური გეგმა, თუ რა სახის ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, ზუსტად რამდენით შემცირდება კადრები და რა რაოდენობის თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მდინარაძემ.

    მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კი პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ სტრუქტურული რეფორმა 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას ეტაპობრივად მოახდენს. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა იმ მოცემულობით, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს, თუმცა ახლა შეუძლებელია ითქვას, თუ რა ცვლილება განხორციელდება 2018 წლის ბიუჯეტში.

    "განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნული რეფორმა 2018 წლის ბიუჯეტზე ეტაპობრივად მოახდენს გავლენას მაშინ, როდესაც დასრულდება რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი და მოხდება იმ ადამიანების კომპენსაციის გაცემა, რომლებსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდებათ საჯარო სამსახურში. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გარკვეულ ცვლილებას დაექვემდებარება და ამ მიმართულებითაც მთავრობა შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს", - განაცხადა თადუმაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter