სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანაკლიისა და ფოთის პორტის წარმომადგენლები ერთმანეთს აგრესიულად უყურებენ
    ნათია ლომიძე
    02.12.2017

     ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობას საქართველოში უკვე არსებული პორტების მფლობელები საჭიროდ არ მიიჩნევენ, თუმცა ამ პროექტის დასრულება ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში პორტებს შორის ბრძოლა უკვე ძალიან გამძაფრდა.

    ფოთის პორტის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლოურსენი დაუფარავად აცხადებს, რომ ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.

    "არანაირ გათვლები არ მაქვს ანაკლიასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ანაკლიის პორტის საჭიროებას. ამბობენ, რომ ღრმაწყლოვან პორტს აშენებენ, მაგრამ დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთის მიღების საჭიროება.

    ახალ აბრეშუმის გზას თუ შევხედავთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ის ჭრის შავ ზღვას ბულგარეთისკენ, რუმინეთისკენ ან უკრაინისკენ. დიდი ხომალდები არ აირჩევენ მარშრუტად შავ ზღვას, ეს აზრს მოკლებულია. წარმოდგენაც არ მაქვს, რა იცის საერთოდ "კონტი ჯგუფმა" მსოფლიოს ამ ნაწილზე. ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ?

    მართლა არ გვესმის, რატომ ვაშენებთ პორტს დამატებით 2 მილიონ კონტეინერზე, როდესაც დღეს მთელი ბაზარი დაახლოებით 400 ათასი კონტეინერია, შეიძლება ცოტა ნაკლებიც", - ამბობს ფოთის პორტის დირექტორი.

    ფოთის პორტის დირექტორის აზრს არ იზიარებს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და მიიჩნევს, რომ "აიფიემ ტერმინალსი" ფარულ ლობირებას ეწევა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში ანაკლიის პორტის წინააღმდეგ.

    "ის, რაც მოვისმინე, არის შემაშფოთებელი. თანაც მაშინ, როდესაც ქვეყანა ატარებს აბრეშუმის გზის ფორუმს, მოწვეულია 60 ქვეყნის წარმომადგენელი და ხდება იმის დემონსტრირება, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი ამ მარშრუტზე. ძალიან უხერხულია, დანიის წარმომადგენელი ეუბნებოდეს საქართველოს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, როდესაც დანიაში 5 ღრმაწყლოვანი პორტია და სწორედ ასე შექმნეს პოტენციალი ქვეყნის განვითარებისთვის. მე მინდა, მას გადავცე - ძალიან კარგი, რომ "აიფიემ ტერმინალსმა" თავი გამოაჩინა და ღიად წარდგა საზოგადოების წინაშე. ის ფარულ ლობირებას ეწევა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში ანაკლიის პორტის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის წინააღმდეგ. კარგია, რომ სახე გამოაჩინა.

    ეს არის ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, შეფასებით, საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები წინ ეღობება იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველომ უნდა მიიღოს", - განუცხადა "ანალიტიკას" მამუკა ხაზარაძემ.

    "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ანაკლიის პორტის მშენებლობას ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველოში არსებული პორტების ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება ქვეყნის რეალურ ბაზარს, რის გამოც საჭიროა უფრო დიდი და მომგებიანი პროექტის დაწყება.

    "ფოთის პორტის დირექტორის განცხადება არ არის ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული. ისინი არ ფიქრობენ ამ საკითხზე, მხოლოდ აღიქვამენ იმ მოცემულობას, რაც დღეს აქვს საქართველოს, ანუ რა მოცულობის ტვირთი გადაიზიდება საქართველოს დერეფნის გავლით და ეშინიათ კონკურენციის. როდესაც ანაკლიის პორტი აშენდება, მათ წაართმევს ტვირთს, რაც ამჟამად აქვთ.

    რეალურად, ქვეყანას აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი. ანაკლიის პორტი ამ საკითხის განვითარებას ხელს შეუწყობს, რადგან შეიძლება ამ ეტაპზე როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტიც წამგებიან საქმედ მივიჩნიოთ. დღეს ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურა არის დაბალი სიმძლავრის და ანაკლიის პორტის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter