სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლარსა და ინფლაციაზე წნეხი გაიზრდება
    მარი ჩიტაია
    01.12.2017

     ზუსტად 1 თვეში ლარის კურსის გაუფასურებაზე უარყოფით გავლენას საბიუჯეტო გადასახდელებიც მოახდენს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში გასახარჯი თანხის მოცულობა იმდენად დიდია, რომ სავალუტო ბაზარსა და ინფლაციურ პროცესებზე მისი უარყოფითი როლი სავსებით მოსალოდნელია.

    როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ჩანს, წლის ბოლომდე 11 მლრდ 414 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. 29 ნოემბრის მონაცემებით კი, გადასახდელების კუთხით 9 მლრდ 944 მლნ ლარია გაწერილი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, ზუსტად 1 თვეში 1,5 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს. გარდა ამისა, პარლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი იზრდება და გადასახდელების ნაწილში 11,7 მლრდ ლარს მიაღწევს. ამიტომ წლის ბოლომდე დასახარჯი იქნება 1,8 მლრდ ლარი, რაც საშუალო თვიურ ხარჯს (დაახლოებით 900მლნ ლარი) ორჯერ აღემატება.

    სხვაობა იმდენად დიდია, რომ სავალუტო ბაზარს აშკარად პრობლემა ელის. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ფიქრობს, რომ შექმნილი პრობლემის მიზეზი ბიუჯეტის არათანაბარზომიერი და არაეფექტური ხარჯვაა.

    "ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში დასახარჯი თანხის მოცულობა საკმაოდ დამაფიქრებელია. 1 თვეში 1,8 მლრდ ლარის დახარჯვა წარმოუდგენელია. ამხელა ნაშთი გამოწვეულია იმით, რომ არაეფექტიანი ხარჯვითი სისტემა აქვთ. აშკარაა, რეგიონული მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ მათ ხელთ არსებული საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენებას. რაიონებში დასაქმებულებმა ხშირ შემთხვევაში კომპეტენციის დაბალი დონის გამო არც იციან, როგორ დახარჯონ ეს თანხა, რა პროექტების განხორციელებას მოახმარონ და როგორ გადაანაწილონ ფული ისე, რომ რეგიონის კეთილდღეობაზე აისახოს.

    ციფრებიდან ჩანს, რომ იდეალურად არ არის საქმე. ეს ბოლო წლების პრობლემაა და ხშირად რჩება თანხა დაუხარჯავი. ცენტრალური ხელისუფლება მერე თავს იმტვრევს, სად და როგორ გადაანაწილოს იგი. ალბათ უკვე იფიქრეს, რას მოახმარონ ეს რესურსი - წლის ბოლომდე დახარჯონ, თუ მომავალი წლისთვის გადაიტანონ. აშკარაა, რომ ხარჯვითი ნაწილიც კი არ არის სწორად ათვისებული", - განუცხადა "რეზონანსს" მაკალათიამ და დასძინა, რომ გადასახდელების ნაწილში დარჩენილი თანხის ერთბაშად 1 თვეში დახარჯვა სავალუტო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს და ინფლაციაზეც უარყოფითად აისახება.

    "საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ რაც მეტი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უკეთესია, უფრო მეტი საშუალება იქნება სოციალურად გაჭირვებული ფენის დასახმარებლად, მაგრამ ასე არ არის საქმე. სინამდვილეში ბიუჯეტის 80% და მეტი შედგება გადასახადებიდან აკრეფილი ფულისგან, რაც ჩვენი ჯიბიდან არის ამოღებული. რაც ნაკლები იქნება იგი, მეტი ფული დარჩება ხალხს და კერძო სექტორს. ისინი შემდეგ ბევრად უკეთეს სერვისს შეიძენენ, ვიდრე მათ სახელმწიფო სთავაზობს.

    წლიდან წლამდე ვაწყდებით პრობლემას, როცა საბიუჯეტი რესურსი აუთვისებელი რჩება. თუკი მთავრობა გადასახდელების ნაწილში დარჩენილი თანხის 1 თვეში დახარჯვას შეეცდება, ეს ინფლაციური პროცესების გაღრმავებას გამოიწვევს. მასშტაბური არ იქნება, მაგრამ პრობლემას აშკარად შექმნის.

    გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა საგარეო ვალების სიმძიმეც, რაც ეკონომიკური ზრდის პროცესზე უარყოფითად აისახება და კურსზეც უარყოფითად იმოქმედებს", - ამბობს მაკალათია.

    ასეთი მოსაზრების მიუხედავად, სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მდგომარეობა არ არის საგანგაშო და გადასახდელების ნაწილთან დაკავშირებით პრობლემა ნაკლებია. ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ვარაუდობს, რომ 1,8 მლრდ ლარიდან ნაწილი ნაშთის სახით დარჩება და მომავალი წლისთვის გადაინაცვლებს.

    "არ ვფიქრობ, რომ დარჩენილი თანხის სრულად ათვისება მოხდება. 10 თვის მონაცემს თუ გადავავლებთ თვალს შემოსულობების ნაწილში, გეგმა 90%-ით არის შესრულებული და რაიმე ხარვეზს ვერ ვხედავ. შეიძლება თქმა, რომ ხარჯვითი ნაწილის თვალსაზრისითაც მიმდინარე წელი ერთ-ერთი საუკეთესოა. არათანაბარ ან დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით ზოგიერთი მოსაზრება აშკარად გადაჭარბებულია. რამდენადაც ვიცი, 1,8 მლრდ ლარი არის ნაშთის სახით და არა დასახარჯი თანხა.

    გადასახდელების ნაწილში დარჩენილი რესურსი წელს არ დაიხარჯება და, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის გადაინაცვლებს. ნაშთი პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც წლის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ჩემი აზრით, ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით რისკზე საუბარი გადაჭარბებულია", - ამბობს გვიდიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter