სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პროგრამის რეალურად ამუშავებას შესაძლოა, 20 წელიც კი დასჭირდეს
    ნათია ლომიძე
    30.11.2017

     ლარიზაციის პროგრამის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტისადმი ნდობა, გაზრდის ნაცვლად, შემცირდა. ქვეყანა 3/4-ით იმპორტდამოკიდებულია, რაც კიდევ უფრო ზრდის დოლარზე მოთხოვნას. ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო ლარიზაციის პროგრამის რეალურად ამუშავებას შესაძლოა, 20 წელიც კი დასჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, წლისთავზე ამ მხრივ არანაირი პროგრესი არ არის და თუ ეკონომიკური საკითხები არ მოგვარდება, ხელოვნური პროგრამებით დოლარის ლარით ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.

    ლარიზაციის პროგრამის შედეგებზე საუბრობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. მისი აზრით, ლარიზაცია მყისიერ შედეგს ვერ გამოიღებდა და ამ პროცესს 6-7 წელი დასჭირდება. დროა საჭირო, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის დონე შემცირდეს და 30%-ზე მეტი არ იყოს. ლარიზაციის ერთადერთი შედეგი ის არის, რომ მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილს აქვს საბანკო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, რაც კარგია მათი მომავლისთვის.

    სპეციალისტები მთავრობის წევრთა დამოკიდებულებას არ ეთანხმებიან და ვერც რაიმე ცვლილებას ატყობენ ქვეყნის ეკონომიკას თუ სამომხმარებლო ბაზარს. ამ ტემპით საქართველოში ლარიზაციის პროგრამის სასურველ შედეგამდე მიღწევას შესაძლოა, 20 წელი ან მეტიც დასჭირდეს. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ ამის განმაპირობებელი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკაა. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 75-77% იმპორტს უჭირავს. ვიდრე დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, დოლარზე მზარდი მოთხოვნა მუდმივად შენარჩუნდება. ხელოვნური რეგულაცია და იძულება, რომ ბიზნესმა და მოსახლეობამ ლარში აწარმოონ საქმიანობა, რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

    "იმ ქვეყნებს, რომლებმაც დედოლარიზაცია მოახდინეს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ შედეგამდე. მაგალითად, ისრაელს, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, 20 წელი დასჭირდა შედეგის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტი დაგვჭირდება, ამ დროს კი მომხმარებელი ზარალდება. დედოლარიზაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდეს, თუმცა ჩვენთან მწარმოებელი იქნება თუ იმპორტიორი, ყველა ითხოვს დოლარს.

    მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 75-77% იმპორტს უჭირავს. სანამ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, დოლარზე მზარდი მოთხოვნა შენარჩუნდება, ხელოვნური რეგულაცია კი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ლარში ფასდადებითაც კი გაურთულეს ხალხს საქმე, რადგან მუდმივი კალკულაცია უწევთ, რომ კურსი აკონტროლონ. ზედმეტად სწრაფი პროცესია და ქვეყანამაც ვერ აუწყო ფეხი ამ პროგრამას.

    პრობლემის მთავარი არსი არის ის, რომ ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა და გვინდა თუ არა, დამოკიდებული ვართ უცხოურ ვალუტაზე. თუ მაინცდამაინც ლარის კუპიურები გვინდა გვედოს ჯიბეში, ეს სხვა საქმეა. თავიდანვე განწირული იყო ლარიზაციის პროგრამა. სანამ ძირეული პრობლემა არ მოგვარდება, მას არ მოჰყვება შედეგი", - აღნიშნა მაკალათიამ.

    იმ პოლიტიკის პირობებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ტარდება, ლარიზაციის სრული შედეგის მიღწევა 6-7 წელშიც კი გართულდება. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარიზაციის ეფექტურობა მინიმალურია.

    "დღეს თუ ლარი არ არის სანდო ვალუტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის სანდო და სტაბილური. შესაბამისად, ბიზნესსა და მომხმარებელთა ნაწილს ურჩევნია, სესხი ჰქონდეს უცხოურ ვალუტაში.

    ის პოლიტიკა თუ გააგრძელეს, რომელიც ლარიზაციას უკავშირდებოდა, შემდეგი წლების განმავლობაშიც არაფერი შეიცვლება. რაღაც დოზით კი შეამცირდება ადამიანების დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე, თუმცა მნიშვნელოვან წვლილს ვერ შეიტანს იმაში, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა. საბოლოო ჯამში, ამოცანა იყო ისეთი, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურებულიყო, მაგრამ ამ მხრივ შედეგი არ გვაქვს.

    ლარიზაციის ეფექტურობა მიზერულია. დღეს თუ ლარი არ არის სანდო ვალუტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკა არ არის სტაბილური. 6-7 წელში ბევრი არაფერი შეიცვლება, ვალუტის სტაბილურობას მხოლოდ და მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს. დღეს როგორი ეკონომიკაც გვაქვს, ისეთია ლარიც", - განუცხადა "რეზონანსს" ყიფიანმა.

    ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაა, ერთ წელიწადში ლარიზაციით მიღწეული შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს. მოსახლეობა უფრო მეტად რომ ენდოს ლარს და საკუთარი დანაზოგი შეინახოს ეროვნულ ვალუტაში, საჭიროა გაცვლითი კურსის სტაბილურობა. განვლილ წლებსაც რომ გადავხედოთ, რა პერიოდშიც ლარი იყო სტაბილური, სწორედ მაშინ დოლარიზაცია მცირდებოდა და პირიქით. ჯანიაშვილი იმ ხელოვნურ პროგრამებს, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდვას აწესებს, ეჭვით უყურებს.

    "რასაც მთავრობამ ლარიზაცია დაარქვა, არ არის ეკონომიკის დედოლარიზაცია, ხშირად ტერმინები ერევათ ერთმანეთში. სხვა ქვეყნების მაგალითს რომ გადავხედოთ, დიდი დრო დასჭირდათ, სანამ შედეგს მიიღებდნენ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ სესხების გალარებაზე, მას ნამდვილად უნდა ნაკლები დრო და ასეც მოხდა. თუ საუბარია ეკონიმიკის დედოლარიზაციაზე, ეს მარტივი არ არის და ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის 6 წელიც კი ცოტაა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ლარი არ არის სტაბილური. მომხმარებელმა სესხების კონვერტირება რომ მოვახდინოს ლარში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დედოლარიზაციის წილი შემცირებულია.

    მოსახლეობა უფრო მეტად რომ ენდოს ეროვნულ ვალუტას და საკუთარი დანაზოგი შეინახოს ლარში, საჭიროა ვალუტის სტაბილურობა. ამას უახლესი ისტორიაც ადასტურებს. რა პერიოდშიც ლარი იყო სტაბილური, დოლარიზაცია მცირდებოდა და პირიქით. მე იმ ხელოვნურ პროგრამებს, რომლებიც შეზღუდვებს აწესებს (თუნდაც კრედიტის გაცემაზე ლარში ან სესხის გადატანას უცხოური ვალუტიდან ლარში), საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. ამით იზარალეს იმ მოქალაქეებმა, ვინც სესხების გალარებას ახდენდა (თუ დოლარში 7-8%-ში ჰქონდათ სესხი, ეროვნულ ვალუტაში გადატანისას 14-15%-ს სთავაზობდნენ ბანკები). საერთოდ, რაც მოხდა ამ მცირე დროში, იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს ხელისუფლება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter