სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    4 წელიწადში ენერგეტიკაში უცხოური კაპიტალდაბანდება 60%-ით შემცირდა
    მარი ჩიტაია
    30.11.2017

     ენეგეტიკის სფეროსადმი ინევესტორებს ინტერესი სულ უფრო უქრებათ. მართალია, მთავრობას ამის აღიარება უჭირს, მაგრამ სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა არ შემცირებულა, რასაც არავინ იზიარებს. ისინი აცხადებენ, რომ ენერგოსექტორი უცხოური კაპიტალის კლებას განიცდის. გამუდმებული პროტესტისა თუ სხვა მიზეზის გამო, საქართველოს ენერგეტიკის მიმართ ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს.

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა, სინამდვილეში, არ შემცირებულა. "ჩვენ, უბრალოდ, დაგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ მომენტისთვის იდენტიფიცირებული არის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ჰესები, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს.

    სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვს ახალი მემორანდუმები, რომლებიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან", - განაცხადა მინისტრმა.

    ოფიციალური სტატისტიკა სულ სხვა სურათს აჩვენებს. "საქსტატის" ინფორმაციით, ენერგოსექტორში 2017 წლის ორ კვარტალში შემოვიდა სულ 26 მლნ დოლარის ინვესტიცია, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 75 მლნ დოლარს შეადგენდა. დაახლოებით ამდენივე იყო ინვესტიციები 2015 წლის პირველ ორ კვარტალში (65 მლნ დოლარი), ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი სულაც 101 მლნ დოლარს შეადგენდა.

    როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, ინვესტიციებმა ენერგეტიკის დარგში 2016 წლის ბოლო კვარტალში დაიწყო კლება. ამ პერიოდში ქვეყანაში 983 ათას დოლარზე მეტი უცხოური კაპიტალი არ შემოსულა და ასეთ დაბალ ტემპს დღემდე ინარჩუნებს.

    წლიურ ჭრილში თუ მიმოვიხილავთ, ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება 2013 წლიდან ფიქსირდება. აღნიშნულ პერიოდში სექტორში 244 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მას შემდეგ კი პერმანენტული კლებაა და უკვე 2016 წელს 117 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა. მიმდინარე ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, წელს ენერგეტიკაში საინვესტიციო მაჩვენებელი 100 მლნ დოლარს საკმაოდ ჩამოსცდება.

    ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციები შემცირდა, მაგრამ გაიზარდა შიდა ინვესტიციების მოცულობა, რისი ტენდენციაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია შესამჩნევი.

    "ქვეყნის დასავლეთში ცოტაა რაიონი, სადაც მცირე ჰესები არ შენდება. მარტო სვანეთი რომ ავიღოთ, მიმდინარე პერიოდში იქ 5 მცირე ჰესი იგება ადგილობრივი ინვესტიციით. ოფიციალურ სტატისტიკაში შესაძლოა, ეს არ იყოს აღრიცხული. მართალია, უცხოური ფულით შენდება ეს ჰესები, მაგრამ, გასაგები მიზეზის გამო, რეკლამირება არ ხდება. ადრე გახსნილიც არ იყო პროექტი, რომ საზეიმოდ აღინიშნებოდა მისი დაწყება. ახლა მიდგომა შეიცვალა, თანაც ინვესტორები ამა თუ იმ პროექტის გახმაურებისგან თავს იკავებენ.

    ზოგადად კი ჰესების მშენებლობის მიმართ უარყოფითი განწყობა უცხოელ ინვესტორებზე ნამდვილად მოქმედებს. ვერ გეტყვით, ფულადი ნაკადები როგორ მოძრაობს, მაგრამ, რეალურად, ჰესების მშენებლობა არ შენელებულა. მთავარია, იქნება თუ არა მთავრობა მოსურნე, რომ საქართველოში ჭარბი ელექტროენერგია შეიქმნას, რის შესახებაც ხელისუფლების მესვეურთა პოზიცია ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია", - ამბობს ფირცხელანი.

    ენერგეტიკოსის პოზიციას არ ეთანხმება ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორი უცხოური ინვესტიციების კლებას ნამდვილად განიცდის. მისი თქმით, მთავრობის მხრიდანაც შეიცვალა მიდგომა, რამაც საინვესტიციო გარემოზე ასევე უარყოფითად იმოქმედა.

    "ამ ეტაპზე ენერგეტიკის სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესშია და ამან ინვესტორებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ყველამ იცის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც დიდი ჰესების მშენებლობის მიმართაა. სვანეთისა და რაჭის მაგალითზეც დასტურდება, რომ ყველა ასეთი პროექტის განხორციელება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

    სხვადასხვა დროს დაფიქსირებული პროტესტის გამო შეფერხდა ინვესტიციების განხორციელება და ამან პოტენციურ ინვესტორებზეც იმოქმედა. რაც შეეხება შიდა ინვესტიციებს, არა მგონია, ამ მხრივ რამე ინტერესი იყოს. მცირე პროექტები ყოველთვის მიმდინარეობდა, მაგრამ ამას საინვესტიციო გარემოზე არსებითად არ მოუხდენია გავლენა", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

    მისი თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, იცვლება მიდგომა ენერგოპროექტების მიმართ, რაც ინვესტიციებზეც აისახება.

    "ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ელექტროენერგიას გავიტანდით თურქეთში, მაგრამ იქ ტარიფები შემცირდა და მისი გატანა უკვე აღარ არის ეფექტური. ამანაც, თავის მხრივ, შეუშალა ხელი ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში. იცვლება მიდგომა ენერგეტიკული პროექტების მიმართ, რაც ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება", - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter