სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    20 დეკემბრამდე სავალუტო ბაზარზე ურთულესი პერიოდი იქნება, ეროვნული ვალუტა საბოლოოდ 10 იანვრის შემდეგ დასტაბილურდება
    ნათია ლომიძე
    29.11.2017

     სავალუტო ბაზარზე ყველაზე რთული პერიოდი იწყება. ლარზე 3 კვირის განმავლობაში დიდი წნეხი იქნება. როგორც წესი, ყოველწლიურად სავალუტო კრიზისი ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, რადგან კომპანიები იმპორტირებულ პროდუქტს იმარაგებენ, ახლოვდება ვალების დაფარვის პერიოდი და ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება. ფინანსისტები იმ ფაქტორებს ასახელებენ, რომელთა გათვალისწინებითაც მძიმე ეტაპის გადალახვა მეტ-ნაკლებად მშვიდად იქნება შესაძლებელი.

    შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებში "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაზე ლარის კურსმა 2.82-იან ნიშნულს მიაღწია. ჯერ ყველაზე რთული პერიოდი არ დაწყებულა და ამ ზღვრამდე ლარს ბევრი არაფერი უკლია. წესითა და რიგით, შარშანდელი სცენარი თავიდან სწორედ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა აირიდოს, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსგავს მცდელობას ვერც ერთის მხრიდან ვერ ხედავენ.

    წლის ბოლო თვეს საკმაოდ კრიზისულად მიიჩნევს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძე. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტდამოკიდებულება და სახელმწიფო ვალების გასტუმრების პერიოდია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რათა შეაჩეროს გაუფასურების პროცესი და შეინარჩუნოს სტაბილური კურსი, რომელიც შეიძლება კიდევ დაეცეს 3-4 კვირაში.

    "დეკემბრის შუა რიცხვები საკმაოდ კრიზისული პერიოდია თითქმის ყოველ წელს. ქვეყანაც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ამას ემატება ვალების დაფარვის პერიოდი, თუმცა მასზე დიდ პრობლემად იმპორტის გააქტიურებულ შემოტანას მივიჩნევ. მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს პრობლემის მოგვარებას. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის არის მთლიანად ინერტული. საჭიროა, მან გამოიყენოს ინტერვენციები და ბაზარს მიაწოდოს დოლარი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს ვალი აქვს დასაფარი დეკემბრისთვის.

    იმპორტს მასშტაბებს, უბრალოდ, ვერ შეამცირებენ, რადგან ამის რესურსი არ აქვთ. ამიტომ ამ მომენტისთვის ყველაზე ჭკვიანურია ინტერვენცია, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს შედარებით სტაბილურობას და კრიზისს მეტ-ნაკლებად იოლად გადავლახავთ. ეროვნული ბანკი რამდენად გადადგამს ამ ნაბიჯს, არ ვიცი, რადგან ვერ ვხედავ მათგან აქტიურობას. თუ ინტერვენცია არ მოახდინეს, ან ვალების დაფარვას მოიმიზეზებენ, ან - მცურავ კურს, ან - სხვა რამეს", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

    კრიზისული პერიოდის დაძლევისათვის ეროვნულ ბანკს რამდენიმე რჩევას აძლევს საბანკო სფეროს სპეციალისტი, "ეფიქს ჯგუფის" ხელმძღვანელი ნიკა შენგელია. მისი თქმით, სებ-მა უნდა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების სესხებზე, რომლითაც კომერციული ბანკები მუდმივად სარგებლობენ. ასევე ინვესტორებს უნდა შეუზღუდონ საავანსო ღირებულებით ჩარიცხული თანხების კონვენტირებით გატანა უცხოეთში. პარალელურად უნდა შემცირდეს საწვავის აქციზის განკვეთი.

    "ეროვნულ ბანკსა და მთავრობას აქამდე უნდა დაეწყოთ მზადება ამ პერიოდისთვის. როდესაც გაააქტიურეს კომერციული ბანკებისთვის სესხების გაცემა, უნდა მოემატებინათ საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 25 საბაზისო პუნქტით. ისინი ყოველთვის იმას გააკეთებენ, რაც უნდათ, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება არ სჩვევიათ, თუმცა მაინც ვურჩევ, ასწიონ რეფინანსირების განაკვეთი, შემოიღონ რეგულაცია ტენდერების ფარგლებში, უნდა შეუზღუდონ საავანსო ღირებულებით ჩარიცხული თანხების კონვერტირებით გატანა უცხოეთში.

    გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გადაიხედოს აქციზის განაკვეთი ნავთობპროდუქტებზე. იგი უნდა შეამცირონ ან დაიყვანონ ადრინდელ დონეზე. ესტონური მოდელი კი, რომელიც თავს მოახვიეს ქვეყანას და სინამდვილეში არ მუშაობს, მოარგონ ბიზნესის ინტერესებს.

    ფაქტია, რომ მოსახლეობასა და ქვეყანას არაფერში ეტყობა წინსვლა, მხოლოდ პარამეტრები და ციფრები იცვლება, რომელსაც აქვეყნებენ, არადა, ეს მხლოდ და მხოლოდ არაფრის მთქმელი სტატისტიკაა.

    ეროვნული ვალუტის კურსზე მაინც გავამახვილებ ყურადღებას და ვიტყვი, რომ დეკემბრის 20-მდე 2.70-2.80-ის დიაპაზონში იტრიალებს, ხოლო მის დასტაბილურებას 10 იანვრის შემდეგ ველოდებით", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter