სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ხალხს გაუძვირდა ცხოვრება, ჩინოვნიკები კი ძველებურად უზრუნველად არიან"
    მარი ჩიტაია
    29.11.2017

     მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და აშკარად იტყუება, როცა ოპტიმიზაციაზე საუბრობს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს ადმინისტრაციული ხარჯი, წინა წელთან შედარებით, 85 მლნ ლარით არის გაზრდილი. მთავრობა ამბობს ერთს, მაგრამ აკეთებს საპირისპიროს. ამ დროს მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება და მხოლოდ ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანების შემოსავალი მატულობს.

    ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე მუდმივად მიდის საუბარი, მაგრამ შარშანდელი 10%-იანი "ქამრის შემოჭირა" რეალურად არავის უგრძნია. ახლა ჯერი სამინისტროების გაერთიანებაზე მიდგა და რეგულაციები, წესით, პრემია-დანამატებსაც უნდა შეხებოდა, თუმცა პირობა ამ შემთხვევაშიც დაირღვა. სამაგიეროდ, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, მინისტრების ხელფასებს შეამცირებენ.

    "ამ სახის რეორგანიზაცია, როცა ერთეულები მცირდება, თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას. ეს არ იქნება მასშტაბური შემცირება, რადგან ძირითადი ფუნქციური ერთეულები, რომლებიც მუშაობდნენ, სხვადასხვა სამინისტროში თუ ერთ სამინისტროში, მაინც გააგრძელებენ მუშაობას. შემცირება შეეხება იმ ადმინისტრაციულ სამსახურებს, რომლებიც გაერთიანდებიან", - ამბობს სერგეენკო.

    ფაქტი ისაა, რომ ბიუროკრატიული ხარჯი ყოველწლიურად მატულობს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია 7 მლნ ლარით - 1,4 მლრდ ლარამდე, ხოლო საქონლისა და მომსახურების მიმართულებით მომავალ წელს 1,202 მლრდ ლარი დაიხარჯება, ანუ 78 მლნ ლარით მეტი, ვიდრე შარშან. ორივე კომპონენტში მთავრობა ჯამში 2,602 მლრდ ლარს დაჯარჯავს, რაც 85 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

    გარდა ამისა, საგანგაშოა კიდევ ერთი ფაქტი. როცა საქმე პრემია-დანამატებთან დაკავშირებულ რეგულაციებამდე მივიდა, ცნობილი ხდება, რომ, სინამდვილეში, ხელისუფლებაში სულ სხვა განზრახვაა. ირკვევა, რომ 2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ხელფასთან ერთად, დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც "ფულადი ჯილდო" დაერქმევა. იმას, რომ თითქოს მომავალი წლიდან ხელფასთან ერთად დანამატები აღარ გაიცემა, შესაბამისი კანონპროექტი არ ითვალისწინებს. პროექტი უკვე პარლამენტშია და როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, მისი დამტკიცება იანვრამდე უნდა მოესწროს.

    "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"კანონის პროექტზე ბიურომაც იმუშავა და წარდგენილი გვაქვს პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით. პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე ჯერ არ ყოფილა. მიმდინარეობს კომიტეტებში განხილვა", - აღნიშნა "ბათუმელებთან" საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე თეიმურაზ ჩიხრაძემ.

    მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი ადგენს თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) მაქსიმალურ ზღვრებს. მაგალითად, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო - 10%-ს.

    "დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დანამატის შემთხვევაში ზედა ზღვარი არ გვაქვს. ასეთი ზღვარი არც თანამდებობრივ სარგოზეა და, ფაქტობრივად, პრაქტიკაზე დაყრდნობით მტკიცდება საშტატო ნუსხა. პრემიებთან დაკავშირებით კი არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ზედა ზღვარს, პერიოდულობასა და რაოდენობას. პრემიის ზედა ზღვარი დღეს არის თანამდებობრივი სარგოს 100% და შესაძლებელია, გაიცეს კვარტალურად და სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით. ჯამში, პრემია შესაძლებელია გაიცეს წელიწადში 7-ჯერ", - აცხადებს ჩიხრაძე.

    პრემიებისა და დანამატების ზრდას სისტემურ პრობლემად აღიქვამს ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი თქმით, როცა მოხელე პრემიის მეშვეობით ყოველთვე წახალისდება, ამაზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება.

    "ხალხი არ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ დანამატი ან პრემია გაიცეს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, რაც ერთგვარი წახალისებაა ნებისმიერ სექტორში მომუშავე პირისთვის, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემატური ხასიათი. ბოლო წლებში მოვლენები აბსოლუტურად სხვა კუთხით ვითარდება. ნებისმიერ მოხელეს პირობითად თუ აქვს 3 000 ლარი ხელფასი, ამდენივეს ან მეტს დამატებით იღებს პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით. ყოველთვე პრემიით წახალისება მიუღებელია და არც ერთ ნორმაში არ ჯდება.

    რაც შეეხება დანამატს, ის გაიცემა იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს აქვს უნიფორმა შესაძენი ან იმ შემთხვევაში, თუ პირი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ყოველდღიურად უწევს ქალაქში ჩასვლა.

    ცხადია, ხელფასების მხრივაც არასახარბიელო ვითარებაა. სამწუხაროდ, არ იგრძნობა, რომ მთავრობა ხარჯების შემცირებას ახდენდეს. მინისტრების ხელფასების შემცირება ვერაფერს შეცვლის, სანამ ეს პროცესი სსიპ-ებსა და აიპ-ებს მასობრივად არ შეეხება. ეს ყოველივე არ იგრძნობა და რეალურად არც არაფერი შეიცვლება", - განუცხადა "რეზონანსს" ჩარგეიშვილმა.

    ბიუროკრატიულ ხარჯებსა და პრემია-დანამატების ზრდის ტენდენციას დამახინჯებული სისტემის ნაწილს უწოდებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

    "წლების განმავლობაში შეუცვლელი და მახინჯი სისტემა მივიღეთ - ბიუროკრატია, როგორც დასაქმების ბიურო. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 320 000 ადამიანი მხოლოდ საჯარო სექტორშია დასაქმებული. არ შეიძლება, როდესაც საქმეს სჭირდება ორი ადამიანი, იყენებდე ათი ადამიანის რესურსს. ეს ყველა შემთხვევაში ნიშნავს არაეფექტურ მუშაობას და, როგორც მინიმუმ, ათივე თუ არა, ცხრა მაინც უსაქმურობაში იღებს გადასახადის გადამხდელთა ფულს.

    სისტემა უნდა შეიცვალოს, რასაც სჭირდება პოლიტიკური ნება. აუცილებელია ჯეროვანი რეფორმა საჯარო სექტორში, რაც გამოიწვევს პრემია-დანამატების შემცირებას. დაზოგილი თანხა უფრო მეტად მოხმარდეს იმ საქმეს, რომელზეც ნამდვილად უნდა იხარჯებოდეს საბიუჯეტო რესურსი", - აცხადებს ალაფიშვილი.

    ხელფასებთან დაკავშირებით შენიშვნა არ აქვს, მაგრამ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით სისტემის მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს ფინანსისტი პაატა ბაირახტარი. მისი თქმით, მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯს ვერ ელევა, რაც მისი ერთ-ერთი სუსტი წერტილია.

    "საჯარო სექტორში მომუშავე რომ ღირსეულ ხელფასს იღებს, ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ვხედავთ ასევე, რომ პრემია-დანამატები უკიდეგანოდ გაიცემა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა-განმარატება არ კეთდება, თუ კონკრეტულ პირს რა დამსახურების გამო დაერიცხა დამატებითი სარგებელი. პირიქით, ვხედავთ, რომ ჩინოვნიკი, რომელიც ჯეროვნად არც ასრულებს თავის მოვალებას, საკმაოდ დიდ პრემიას იღებს, ეს წარმოუდგენელია, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება.

    მაღალი ხელფასები უნდა იყოს, მაგრამ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით სისტემა სრულიად მოუწესრიგებელია. ჩემი აზრით, ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ესტონური მოდელი შემოვიდა, ჩვენ ბიუჯეტში 0,5 მილიარდიანი დეფიციტი გვქონდა, რომელიც უნდა დაბალანსებულიყო გადასახადების გაზრდით, განსაკუთრებით აქციზითა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით. ჯობდა, ადმინისტრაციული ხარჯის დაეკლოთ და გადასახადები არ გაეზარდათ, მაგრამ საპირისპიროდ მოიქცნენ. მთავრობა ბიუროკრატიას ვერ შეელია და დეფიციტი დააბალანსეს გადასახადების ზრდით. მივიღეთ ის, რომ ხალხს გაუძვირდა ცხოვრება, ჩინოვნიკები ძველებურად უზრუნველად არიან", - აცხადებს ბაირახტარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter