სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მძღოლები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია
    მარი ჩიტაია
    28.11.2017

     ლარის დევალვაციისა და საწვავის გაძვირების გამო საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრობის გაძვირება დაიწყო. ახალციხე-თბილისის მიმართულება პირველია, სადაც მგზავრობის საფასური გაიზარდა. მანამდე თბილისში ტაქსების მომსახურება დაახლოებით 1-2 ლარის ფარგლებში გაძვირდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მალე გაძვირების გზას ბევრი დაადგება, რადგან ავტოსადგურებში ფასების შენარჩუნებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით ახერხებენ, რაც ზოგიერთი გადამზიდავი კომპანიის შესაძლებლობასაც კი აღემატება.

    ახალციხე-თბილისის მიმართულება ათიოდე დღის წინ 2 ლარით გაძვირდა და 10 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონულმა მედიამ გაავრცელა. ვითარების ასე გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობა შიშობს, რომ მათი ხარჯები ოჯახის შემოსავლებს გადააჭარბებს.

    მგზავრობის ფასის მატების მიზეზებზე შპს "ჯეოტივის" დირექტორმა ისაუბრა. ნუგზარ მამუკაშვილმა იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მძღოლებს დღის განმავლობაში აწყდებიან.

    "გაძვირებული მგზავრობის მიუხედავად, მგზავრების რაოდენობა არ შეცვლილა. ლარის კურსის გაუფასურებას ყოველთვის თან სდევს პროდუქტისა და საწვავის გაძვირება. უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურებას არც უნდა ველოდოთ", - აცხადებს იგი.

    საქმე ისაა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები მგზავრობის მასობრივ გაძვირებაზე საუბრობენ. ერთადერთი, რის გამოც ავტოსადგურებში ტარიფების მატებისგან თავს იკავებენ, მაღალი კონკურენციაა, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებზე, სადაც მოთხოვნა დიდია. ზოგადად კი, აღმოსავლეთის მიმართულება უფრო ძვირია, ვიდრე - დასავლეთის.

    ამ ეტაპზე ყველაზე მყარი ფასი მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს. ესეც იმის გამო, რომ მთავრობა მის შესანარჩუნებლად თავს არ ზოგავს და ამისთვის საკმაოდ დიდ ხარჯს ეწევა. სამომავლოდ ალბათ მეტის ხარჯვაც მოუწევს, რადგან ცხოვრება ლამის ყოველდღიურად ძვირდება.

    რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, სავარაუდოდ, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ავტოსადგურ "დიდუბის" დირექტორი ნესტორ მიქატაძე განმარტავს, რომ მაღალი კონკურენციის გამო მგზავრობის გაძვირებისგან თავს მაქსიმალურად იკავებენ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

    "ლარი უფასურდება და ამ პროცესის პარალელურად ძვირდება თითქმის ყველაფერი, პირველ რიგში, საწვავი. საკმაოდ დიდი ხარჯი გვაქვს, მაგრამ კონკურენციის გამო ფასის შენარჩუნებას ვცდილობთ და მგზავრებს მისაღებ ტარიფებს ვთავაზობთ. არ ვიცი, სანამდე გავძლებთ ასე, მაგრამ თუკი არ იქნება უკიდურესი აუცილებლობა, ფასს არ შევცვლით. საბოლოოდ მაინც ლარის კურსზე ვართ დამოკიდებული, თუკი კიდევ გაგრძელდება გაუფასურება, ალბათ არჩევანის საშუალება აღარც ჩვენ დაგვრჩება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მიქატაძემ.

    საფასო ცვლილებას მომავალი წლიდან არც კომპანია "ნავთლუღის" წარმომადგენელი გია ქავთარაძე გამორიცხავს. იგი ამბობს, რომ საწვავის ფასი უკვე პიკზეა.

    "ჩვენი კომპანია მოსახლეობის ვიწრო სეგმენტს ემსახურება. მგზავრები კახეთის მიმართულებით გადაგვყავს. ვცდილობთ, ამჟამინდელი ფასი წლის ბოლომდე მაინც შევინარჩუნოთ, მაგრამ მომავალი წლიდან რა მოხდება, ვერაფერს გეტყვით. ლარის კურსი თუ არსებულ ნიშნულზე დარჩება, შეიძლება გავუძლოთ, მაგრამ ამაზე მეტად თუ გაუფასურდება, ფასების გადახედვა მოგვიწევს. მით უმეტეს, თუ საწვავსაც კიდევ გაგვიძვირებენ, რაზეც ბოლო პერიოდში მუდმივად მიდის საუბარი", - აცხადებს ქავთარაძე.

    კომპანია "ტრანსქველში" მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ალიკა ქუფარიშვილი ამბობს, მგზავრები ისედაც შეცოტავდა და ფასში მცირე სხვაობაც კი სერიოზულ პრობლემას ქმნის. მისი თქმით, ტაქსებთან კონკურენცია უჭირთ და მგზავრობის გაძვირება ამ პრობლემას უფრო მეტად დაამძიმებს.

    მართალია, ტარიფის საკითხს მძღოლები არ წყვეტენ, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ გაზრდილი ხარჯის გამო არსებულ პირობებში მუშაობა უჭირთ.

    "რაჭის მიმართულებით ვმუშაობ. ფასის ყველა შემადგენელი ნაწილი გაძვირებულია. ეს ეხება საწვავ-საპოხ მასალას, სათადარიგო ნაწილებს. მთელი ხარჯი და პასუხისმგებლობა მძღოლს აწევს კისერზე. ფასები დღითი დღე მაღლა იწევს და მხოლოდ ჩვენ ვართ მუდმივად ერთნაირ მდგომარეობაში - ჩვენთვის არაფერი იცვლება. ბანკის სესხი გვაქვს, თანაც ზურგს უკან უამრავი ვალდებულებაა. მინიმალურ შემოსავალზე ვმუშაობთ. ასე გაძლებაც აღარ შეგვიძლია", - ამბობს მძღოლი.

    ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ კომპანიებს ტარიფები ხელოვნურად კბილებით უჭირავთ და ასე დიდხანს ვერ გაძლებენ. შესაბამისად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მასობრივად გაძვირებაა მოსალოდნელი.

    "საწვავის ფასის ზრდას პარალელურად ყოველთვის მოჰყვება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირება. სავალუტო პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნება სატრანსპორტო სფეროში ძალიან რთულია. ველოდები, რომ ახალციხე-თბილისის მიმართულება არ იქნება გამონაკლისი და მგზავრობას სხვა მიმართულებებზეც გააძვირებენ. არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიებმა სატარიფო პოლიტიკა შეცვალონ. მით უმეტეს, საწვავის ფასი მომავალშიც მოიმატებს.

    როგორც ვიცი, ავტოსადგურებს კბილებით უჭირავთ ტარიფები. მიუხედავად ამისა, ფასის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. ამ დრომდე თუ არ აძვირებდნენ მგზავრობის საფასურს, ეს ხდებოდა ხელოვნურად. ჩვენ გვაქვს ძალისძალად შეკავებული ფასები და ასე დიდხანს არ გაგრძელდება", - ამბობს მესხიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter