სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სპეციალისტები ახალ საგადასახადო რეჟიმს ეჭვის თვალით უყურებენ
    ნათია ლომიძე
    25.11.2017

     ბაზრობაზე მოვაჭრე პირებს სპეციალური სტატუსი მიენიჭება და მათთვის დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი შემუშავდება. სამართლის სფეროს სპეციალისტები მთავრობის ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ მოვაჭრეთა ნაწილი ახალი სისტემით დაბეგვრის მომხრეა, რადგან დღევანდელი გადასახადების სიმძიმეს ვეღარ აუდიან.

    ფინანსთა სამინისტოს ინფორმაციით ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო მოთხოვნები, რისი შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ხდება ნებაყოფლობითი. ამასთან, პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად (დასაბეგრი შემოსავლის 20%), გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3%-ის ოდენობით.

    ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3-პროცენტიანი გადასახადით დაბეგვაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრით (დასაბეგრი შემოსავლის 20%).

    ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას კონკრეტულ პასუხს ვერ უსადაგებს სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი. მსგავსი წამოწყება წინა მთავრობასაც ჰქონდა, თუმცა საქმის სირთულის გამო მისი ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს. ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგება ახალი მთავრობაც.

    "წინა ხელისუფლებაც ცდილობდა, ბაზრობები და იქ დასაქმებული ადამიანების საქმიანობა (რომელიც ხშირად კანონს მიღმა იყო) მოექცია კანონის ფარგლებში. ახლაც არის მცდელობა, რომ ამ წყაროდან გაიზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა ასე მარტივად გადასაწყვეტი როდია.

    ხელისუფლება ცდილობს გაიიოლოს საქმე და პასუხისმგებლობა დააკისროს ბაზრობას. ჯერ ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან შესაძლებელია, ეს წამოწყება სულ სხვა რამეს უკავშირდებოდეს და ამაზე მეტი შემოგვთავაზოს მთავრობამ, მაგრამ მეეჭვება, მესამე პირზე პასუხისმგებლობის დაკისრებით შეიძლებოდეს ამ პრობლემის ოპტიმალურად გადაწყვეტა", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.

    ახალი საგადასახადო სისტემის მომხრეები სავაჭრო სფეროშიც არიან. მოვაჭრე და ინდმეწარმე მაია კაცაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი სისტემით იმ ძველი და მაღალი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რისი ვალდებულებაც დღეს აკისრიათ. მას მიაჩნია, რომ 3% არ არის ის განაკვეთი, რომ მოვაჭრეთა უკმაყოფილება გამოიწვიოს.

    "სადახლო სისტემა განთავისუფლებული იყო სალარო აპარატებისგან. ახლა ისევ ეკისრებათ აპარატით მუშაობის ვალდებულება, მაგრამ დაიბეგრებიან ერთობლივი შემოსავლის 3%-ით. მაგალითად, შპს იბეგრება 18%-ით და თუ ერთობლივი შემოსავლიდან 3%-ით დაიბეგრება ნებისმიერი ბაზრობის მოვაჭრე, ეს არ არის ძნელი გადასახდელი. მოგების გადასახადის 14%, რომელიც ახლა გვაქვს ვალდებულებად, გაცილებით მეტია.

    მაგალითად, პირი რომელიც არის შპს, ინდმეწარმე და ამავდროულად დღგ-ს გადამხდელია, ერთობლივი შემოსავლის 18%-ით იბეგრება და კიდევ დამატებით მოგების გადასახადს იხდის 14%-ს. ეს რას ნიშნავს, იცით? დღეს ბაზრობის ხალხი, ვინც სადახლო სისტემით ვაჭრობს, ჩვენზე უკეთეს პირობებშია საგადასახადო კუთხით, როგორც ჩვეულებრივ გადამხდელზე. ამ დროს ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანი რითი განსხვავდება მაღაზიაში მოვაჭრისგან, თუკი სასაქონლო მატერიალური მარაგი ერთი და იგივე აქვთ და ბრუნვაც ერთნაირია? ეკონომიკური კუთხით თუ ვიმსჯელებთ, აქამდე სახელმწიფო ლოიალური იყო, ბაზრობის მოვაჭრეები ძალიან კარგი შეღავათებით სარგებლობდნენ", - განაცხადა კაცაძემ და აღნიშნა, რომ ასეთი კანონი საბაზრო სისტემას უფრო დაარეგულირებს, მოვაჭრესა და მყიდველს შორის ურთიერთობას უფრო მოაგვარებს.

    "ამ კანონით ისეთი არაფერი იცვლება, რომ სახელმწიფოს შევედავოთ და ავჯანყდეთ - ამ გაჭირვებულ ხალხს რატომ უწესებენ გადასახადებსო. ასეთი კანონი რომ ყოფილიყო ჩვენ დროს (როდესაც "ბავშვთა სამყარო" და მიმდებარე ბაზრობები დაიწვა), იმ ზარალზე, რომელსაც ახლა თავიდან მარტივად იცილებენ, პასუხს სახელმწიფო აგებდა. ჩვენ ოფიციალური გადამხდელები ვიქნებოდით, მაშინ კი მხოლოდ ბაზრობის მფლობელებს ვუხდიდით.

    სალარო აპარატების სისტემა მყიდველსა და გამყიდველს შორის ვითარებას დაარეგულირებს, ეს ყველაფერი ბაზრობის სავაჭრო პოლიტიკის დასახვეწადაა მიმართული. ადამიანი, რომელიც რაღაცას ყიდის და აფასებს, ვალდებულია, ამ ფასზე პასუხი აგოს. ეს კულტურა არ არის ჯერ ბაზრობაზე და მისი რეგულირება დაბეგვრის ახალი მეთოდით დაიწყეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კაცაძემ.

    ახალი ინიციატივით, მოვაჭრეები გათავისუფლდებიან ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნებათ გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა. 2020 წლის კი ბაზრობაზე არასტაციონარულ სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება გადავადდება

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter