სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამუნა მუკბანიანი
    24.11.2017

     ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი საგარეო ფინანსური ვალდებულებების ზრდას აანონსებს. სახელმწიფოს მხარს უბამს კერძო სექტორიც და ისინიც კიდევ უფრო დიდი ტემპით იღებენ ახალ-ახალ ვალდებულებებს. საბოლოო ჯამში, მთელი ეკონომიკა ისევ ვალებს ჩამოეკიდა, რაც უახლოეს წლებში მძიმე შედეგის წინაშე დააყენებს ქვეყანას.

    2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგარეო ვალდებულებების მოცულობა 1 მლრდ 392 მლნ იყო, 2018 წელს კი 1 მლრდ 638 მლნ-მდე იზრდება. გამოდის, რომ მარტო ერთ წელიწადში ვალის ოდენობა 246 მილიონით იმატებს. აშკარაა, რომ სამთავრობო ვალი მძმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს შემდეგ წლებში.

    ვალის მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, თუმცა მის მოცულობას მშპ-სთან მიმართებით კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია. მისი მუდმივი ზრდა კი ცხადყოფს, რომ საჭიროა სტრატეგიის თანდათანობით შეცვლა. ევროკავშირი, მაასტრიხტის კრიტერიუმის შესაბამისად, ევროზონის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, სახელმწიფო ვალი არ აღემატებოდეს ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 60 პროცენტს.

    მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ქვეყნის საგარეო მდგრადობის უზრუნველსაყოფად საგარეო ვალის მოცულობა - ქვეყნის ექსპორტის 150 პროცენტს, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების 250 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. თუ საქართველოს ვალის მონაცემებს ამ მაჩვენებლებს შევადარებთ, ცხადია, რომ ჯერჯერობით გამოუვალ სიტუაციაში ქვეყანა შესული არ არის. ამიტომ ხელისუფლება საგარეო ფინანსური ვალდებულებების ზრდას თამამად აანონსებს. 2018-2019 წლებში მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდება.

    ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ამბობს, რომ საგარეო ვალის აღება კერძო სექტორის მხრიდან დადებითი მოვლენაა, ხოლო სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებების ზრდა - უარყოფითი, რაც შემდგომში მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს.

    "კორპორაციული დავალიანების ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესაქტივობა არ არის შენელებული და კომპანიები აგრძელებენ საქმიანობას. ვალს ჯერჯერობით ნამდვილად არ აქვს კატასტროფული სახე და მეტი წილი ალბათ კომერციული ბანკების მიერ აღებული სესხებია. რაც შეეხება სხვა სახის ბიზნეს სუბიექტებს, მათი საქმიანობისათვის საჭირო თანხის მოძიება საზღვარგარეთ არ არის ცუდი ტენდენცია იმიტომ, რომ ადგილობრივი ფულადი რესურსი ძალიან ძვირია. სამთავრობო ვალის ზრდა კი ძალიან ცუდია და გამოწვეულია წინდაუხედავი საგადასახადო პოლიტიკით. ყოველ წელს ბიუჯეტს თანხა აკლდება და სახელმწიფო იძულებულია, ისესხოს უცხოეთში. მისი მომსახურება და გასტუმრება მუდმივად მძიმე ტვირთი იქნება.

    მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ შეამსუბუქონ ბიუროკრატია, სწორედ თანხის გამოთავისუფლების მცდელობით უნდა აიხსნას. ეს არის თადარიგი, რომ მომავალი წლების ბიუჯეტს ნაკლები წნეხი ჰქონდეს ხელფასების სახით და მეტი რესურსი დარჩეთ ვალის გასასტუმრებლად. საგარეო ფინანსური ვალდებულებების ზრდა, როცა აღებული თანხა არ ხმარდება პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისათვის მასტიმულირებელი იქნება, კატასტროფული შედეგების მომტანია", - განუცხადა "რეზონანსს" ლია ელიავამ.

    ვალის ზრდას უარყოფით მოვლენად არ მიიჩნევს გიორგი ღაღანიძე. მთავარია, რაში დაიხარჯება მიღებული ფული და რამდენად მოხმარდება იგი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

    "ვალის აღება თავისთავად არაა პრობლემა. მთავარია, რაში და რამდენად ეფექტურად დაიხარჯება ეს ფული, მოხმარდება თუ არა აღებული ვალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. ვალის წილის გაზრდა აუარესებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. როდესაც მისი თანაფარდობა მთლიან შიგა პროდუქტთან იზრდება, რასაკვირველია, ეს არ არის დადებითი მოვლენა, რადგან ჩვენი აღებული ვალი უნდა იხადონ მომავალმა თაობებმა. თუ ისეთ პროექტებში დაიხარჯება, რომლებიც კარგი სტიმული იქნება ეკონომიკური ზრდისათვის, მაშინ მისი აღება გამართლებულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მთავრობამ ვალი აიღოს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, ეს სრული კატასტროფაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ღაღანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter