სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    40 დღეში ამხელა ფულის დახარჯვა ლარსა და ინფლაციას მორიგ დარტყმას მიაყენებს
    ნათია ლომიძე
    22.11.2017

     2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. ბიუჯეტის ხარჯები 305 მილიონი ლარით იზრდება. ამ ზრდის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი წელს 11.7 მილიარდ ლარს მიაღწევს და წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტი ფული იქნება დასახარჯი. 20 ნოემბრის მონაცემებით, ბიუჯეტიდან გადასახდელების სახით სულ 9,683 მლრდ ლარია გაცემული. გამოდის, რომ, ახალი ცვლილების შედეგად, წლის ბოლომდე, ანუ 40 დღეში 2 მლრდ ლარი იქნება დასახარჯი.

    ასეთი ტემპით ფულის ხარჯვამ შესაძლოა, ლარსა და ინფლაციაზე ზეწოლა გაზარდოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სწორი ფულად-საკრედიტო ოპერაციის გატარების შემდეგ მსგავსი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

    ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა რამდენიმე გადასახადის გადაჭარბებით შესრულებამ გახადა შესაძლებელი, ამიტომ ბახტაძის უწყებამ ცვლილებებისთვის პარლამენტს მიმართა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, ძირითადად, უკავშირდება 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას.

    2017 წლის ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხის სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ეკონომიკის დოქტორ ლევან ქისტაურს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება და ინფლაციის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელი არ იქნება, თუმცა რა მოჰყვება საბიუჯეტო ხარჯების გააქტიურების პროცესს, გადაჭრით პასუხის გაცემა უჭირს.

    "ბიუჯეტიდან წლის ბოლომდე გასახარჯი თანხა მათემატიკური ჯამით არ იანგარიშება. ფაქტია, რომ ქვეყნის ხაზინაში დამატებითი შემოსავლებია, ამიტომ, ყველა შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება. შეიძლება შემოსავლებში იქნეს აღიარებული და არ მოხდეს მისი სრულად ან ნაწილობრივ ხარჯში გაწერა და დარჩეს ნაშთის სახით.

    შემოსავლების კუთხით ბიუჯეტის ზრდა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ხარჯიც შესაბამისად გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, უნდა ზუსტად გაირკვეს, ხარჯებისა და შემოსავლების სტრუქტურაში რას გვთავაზობს მთავრობა.

    გამოიწვევს თუ არა დარჩენილ პერიოდში არსებული თანხის დახარჯვა ლარის კურსზე ან ინფლაციაზე ზეწოლას, ძნელი სათქმელია. როგორც წინა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, ზოგჯერ აქვს ადგილი მსგავს პროცესებს. ამჯერად გადაჭრით ვერ ვიტყვით, გამოიწვევს თუ არა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი ლარის მორიგ გაუფასურებასა და ინფლაციურ წნეხს.

    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საითკენ წავა ეს ფული. სოციალური მიმართულებით თუ დაიხარჯა, შეიძლება, ამან იმოქმედოს კურსზე, თუ წავა კაპიტალური ხარჯის ნაწილში, შედარებით ნაკლებად იმოქმედებს", - განუცხადა "რეზონანსს" ქისტაურმა.

    ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც მიიჩნევს, რომ მთავრობის სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემთხვევაში ბიუჯეტიდან 40 დღეში დასახარჯი 2 მლრდ ლარი ეროვნულ ვალუტასა და ინფლაციის პროცესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება დეკემბერში ბიუჯეტის ხარჯვა და ეროვნული ბანკი როგორ პოლიტიკას გაატარებს.

    "სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში არა მგონია, ამან რამე პრობლემა შექმნას. მთავრობა რომ გასცემს ამ თანხას, ისევ ეკონომიკიდან აქვს გადასახადების სახით ამოღებული. წინა 9 თვის საბიუჯეტო მონაცემებს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა თვეში გვქონდა პროფიციტური ხარჯვა, გარდა მარტისა, როდესაც დეფიციტური ხარჯვა შეინიშნებოდა. იმაზე მეტი თანხა ამოიღო მთავრობამ ეკონომიკიდან, ვიდრე დახარჯა.

    მოკლედ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება წლის ბოლო თვეში ბიუჯეტის გადასახდელების გაწერა და ეროვნული ბანკი როგორ პოლიტიკას გაატარებს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმოქცევაში ფულის მასა შეამციროს. მარტო ის, რომ ბიუჯეტიდან 2 მლრდ ლარია დასახარჯი, პრობლემას არ წარმოშობს", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter