სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საპარლამენტო უმრავლესობა კობა გვენეტაძის მიმართ საკმაოდ მკაცრი იქნება
    მარი ჩიტაია
    21.11.2017

     საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ეროვნულ ბანკს კურსის სტაბილურობასა და ინფლაციის გაკონტროლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოსთხოვოს. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრებენ. ლარი უკვე იმ დონეზე გაუფასურდა, რომ მისმა მოჩვენებითმა სტაბილურობამაც კი 1 დღეზე მეტხანს ვერ გასტანა. 20 ნოემბერს კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა, მაგრამ მეორე დღესვე კვლავ დევალვაციისკენ აიღო გეზი.

    დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ სებ-ის ფუნქცია საბანკო სექტორის მიმართ უნდა გაიზარდოს, რაც კომერციულ ბანკებზე კონტროლის გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.

    საქმე იქამდეც მივიდა, რომ ლარზე სპეკულაციური მაქინაციებსა და ხელოვნური გაუფასურების შესაძლო ალბათობაზე უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ.  მათი განცხადებით, აქვთ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარი სწორედ კომერციული ბანკების მაქინაციების გამო უფასურდება.

    როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში 27 ნოემბერს მივა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადებები 16 ნოემბერს გააკეთეს. "ქართული ოცნების" წევრები ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ლარის გაუფასურების საკითხზე განმარტებას ითხოვენ.

    დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ლარის მკვეთრი რყევა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით არ არის გამოწვეული. კითხვაზე, რა ხდება რეალურად და რატომ უფასურდება კურსი, განმარტებას დეპუტატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ელოდება.

    "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აზრის მოსმენა და მისი ხედვის გაანალიზება. სავალუტო რყევების ასაცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს არანაირად არ უკავშირდება და გამოწვეულია სხვა მიზეზით. დიდი ალბათობით, ეს კომერციული ბანკების მაქინაციებია. ეს არ არის დასამალი. ფაქტია და ამას ყველა ჩვენგანი ხედავს, რომ საბანკო სექტორი სარგებლობს სიტუაციით. მისი მოგება კოლოსალურად იზრდება, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90%-ით ღარიბდება სწორედ ლარის გაუფასურების გამო", - აცხადებს ჭიჭინაძე.

    დეპუტატი ითხოვს, რომ სებ-ის ფუნქცია მომავალში უფრო ქმედითი გახდეს.

    "ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით გარანტირებულია და მის საქმიანობაში ხისტი და უხეში ჩარევა არ იქნება გამართლებული. ეს მოთხოვნა დღეს ნაკლებად გვაქვს, პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, რომ სებ-ი გახდეს უფრო ქმედითი, მეტი ფუნქცია მიეცეს და უფრო მეტი რეგულაცია მოახდინოს, პირველ რიგში, მეტი კონტროლი განახორციელოს კომერციულ ბანკებზე, რადგან არსებული ნორმები არასაკმარისია. 

    მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აბსოლუტურად განსხვავებულია იქიდან გამომდინარე, რა კურსსაც დღეს ლარი აფიქსირებს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი ვალუტა გაცილებით სტაბილური უნდა იყოს. შეიძლება, არის სხვა ხელისშემშლელი მიზეზიც, მაგრამ ბანკების ფაქტორი ერთ-ერთი პირველია. 

    რამდენიმე ხნის წინ "რიკო კრედიტის" ხელმძღვანელმა ისიც კი განაცხადა, რომ სავალუტო ცვლილების გამო 3 დღეში 5 მლნ იშოვა. ჩვენს ქვეყანაში 5 მილიონის 3 დღეში შოვნა საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან დამაფიქრებელია. ეს ნიშნავს, რომ 3 დღეში ვიღაცამ დაკარგა ეს ფული და რატომ ხდება ასე, სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაგვცეს პასუხი", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლარის გაუფასურების მიზეზად ბანკების ხელოვნურ ჩარევას მიიჩნევს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ისკო დასენი. დეპუტატი ფიქრობს, რომ კობა გვენეტაძის მოსმენისას ყურადღება ამ საკითხზეც გამახვილდება და საერთოდ, საპარლამენტო უმრავლესობა კობა გვენეტაძის მიმართ საკმაოდ მკაცრი იქნება.

    "ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა. ბევრ რამეს ვხვდებით. ყველა მონაცემით, ეროვნული ვალუტა არ უნდა იყოს ასეთ დღეში. ფაქტია, რომ რაღაც არაბუნებრივად ხდება და სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.  მაქვს ეჭვი, რომ ეს გაურკვევლობა სწორედ ბანკების ქმედებებს უკავშირდება", - განუცხადა ისკო დასენმა "რეზონანსს".

    საპირისპირო მოსაზრების არიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ლარის გაუფასურების მიზეზად მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას მიიჩნევენ.  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მთავრობა უნდა იღებდეს.

    "ქვეყანა ვერ ვითარდება, ფასები იზრდება, ლარი უფასურდება და მთავრობა ამ ნეგატიურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.  ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. მხოლოდ ეროვნული ბანკისკენ ხელის გაშვერა არასწორია არც მაშინ, როცა სებ-ი მათი პოლიტიკური გავლენის ქვეშაა და არც მაშინ, როცა არ იყო ამ გავლენის ქვეშ. არც ერთ შემთხვევაში მისი დადანაშაულება არ მიმაჩნია სწორად.

    ლარი უფასურდება იმის გამო, რომ მთავრობა ატარებს უპასუხისმგებლო ეკონომიკურ პოლიტიკას, ზრდის გადასახადებს, ბიუროკრატიულ ხარჯს, ვერ შემოდის ქვეყანაში საკმარისი ინვესტიციები იმისთვის, რომ დაბალანსდეს ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ამასობაში, ეკონომიკური ზრდის ტემპი იმდენად დაბალია, რომ ჩვენი ეკონომიკა რეალურად ვერ მიდის წინ. ეს არის მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი", -  აცხადებს კახიძე.

    ასე ფიქრობენ დეპუტატები. ამასობაში, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით კვლავ ეცემა. დევალვაციის პროცესი 24 ოქტომბრიდან დაიწყო და არასრულ 1 თვეში ეროვნული ვალუტა 10%-ით გაუფასურდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter