სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    21.11.2017

     მთავრობა დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას გეგმავს. ამ ცვლილებით მეწარმეები ელექტრონული განაცხადის შედეგად ზედმეტი დღგ-ს დაბრუნებას 5-7 სამუშაო დღეში შეძლებენ, რაც ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება და განვითარების საშუალებასაც მისცემს.

    ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მეწარმეებისთვის ეს დამატებით დაახლოებით 500 მილიონ ლარზე წვდომის შესაძლებლობას ნიშნავს. მინისტრის პოზიცია ბიზნესისთვის დღგ-ს დაბრუნების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, რასაც იმთავითვე გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა.

    კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ამ პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხდება.

    ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივას ივწ-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილი დადებითად აფასებს. როგორც მან "საქმის კურსს" განუცხადა, დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა ბიზნესს დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. იგი ამბობს, რომ დღეს ბიზნესს საკმაო დრო სჭირდება იმისთვის, რომ მისი ფული დაიბრუნოს და ამაში არა მხოლოდ დროს, არამედ ადამიანურ რესურსსაც ხარჯავს.

    "ყველაზე კარგი ნაბიჯი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იქნება, გააუქმოს ავანსის დღგ-თი დაბეგვრა და დატოვოს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, ვისთვისაც იყო გამიზნული. ეს ძირითადად გათვლილი იყო იმ კომპანიებისთვის, ვისაც გრძელვადიანი კონტრაქტები ჰქონდათ და ამის გამო დღგ-ს გადახდა წლობით ვადდებოდა. ეს იქნება დიდი შეღავათი ყოველდღიურ საქმიანობაში როგორც ბიზნესისთვის, ასევე თავად შემოსავლების სამსახურისთვისაც.

    ამის ადმინისტრირება ძალიან რთულია, რამდენადაც ჩვენ არ ვსაუბრობთ დღეში ერთ და ორ ოპერაციაზე. ბიზნესს შეიძლება ათობით კონტრაქტი ჰქონდეს ყოველდღიურად. შემოსავლების სამსახურმა უნდა შეამოწმოს ეს ყველაფერი, რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერ მოახერხებს ან მოახერხებს დიდი ადამიანური რესურსის ჩართვით, რაც აღარ იქნება ეფექტური", - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

    როგორც ცნობილია, საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებამ, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას ითვალისწინებს, დეველოპერული და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია.

    უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ფინანსური მენეჯერი ნათია წიფურია განმარტავს, რომ 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული ცვლილება დღემდე პრობლემად რჩება. მან ახლახან "კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიამ ცვლილების დანერგვის თხოვნით "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასაც" მიმართა, რომელსაც მთავრობასთან შუამდგომლობა და დახმრება სთხოვა.

    "ავანსი 20 პროცენტია, რომელსაც სახელმწიფოსგან ვიღებთ, გამოდის, რომ რეალურად არ ვიღებთ, რადგან შემდეგ 18 პროცენტს ბიუჯეტში ვიხდით. არანაირი შეღავათები არ დაწესებულა, რეალურად კი, გამოდის, რომ ბიუჯეტში თანხას ვიხდით კრედიტის საფუძველზე", - აცხადებდა წიფურია.

    ავანსის დღგ-თი დაბეგვრა აფერხებს ინვესტიციებსაც. რეინვესტირებისთვის კომპანიას თავისუფალი ფინანსური სახსრები სჭირდება, დღეს არსებული შემოსავლით კი მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს და ვალდებულებებს ისტუმრებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter