სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სოფლებში ხალხი აღარ ჩერდება, პირუტყვის მოვლა-პატრონობაც სულ უფრო ხარჯიანი ხდება
    მარი ჩიტაია
    21.11.2017

     მსხვილფეხა პირუტყვის გამოზამთრების საშუალება რეგიონებში აღარ არის, რის გამოც ხალხი საქონელს იშორებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით შესამჩნევია. დასავლეთ საქართველოში სიმინდი უამინდობამ და მავნებელმა გაანადგურა და არათუ პირუტყვის, არამედ ადამიანის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი, აღმოსავლეთში კი პრობლემა ზამთრის საკვების გაძვირებას უკავშირდება. წელს სათიბებში აღარ იყო მესამე-მეოთხე თაობის ბალახი, რაც საქონლის საკვებზე ფასის ზრდის მიზეზი გახდება.

    მსხვილფეხა პირუტყვის გამოზამთრების პრობლემა წელს თვალში საცემია. ბოლო წლებში მიგრაციული პროცესების გამო სოფელიც იცლება, რეგიონებში დარჩენილ მოსახლეობას კი საქონლის გამოკვების შესაძლებლობა აღარ აქვს. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. თუკი 2012-13 წლებში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 1,3 მლნის ფარგლებში იყო, მისი რაოდენობა ამ დროისთვის 900 000-მდეა შემცირებული.

    სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, დაეხმაროს რეგიონის მოსახლეობას. ტარდება პირუტყვის უფასო ვაქცინაცია, მარკირება, ფერმერების ინფორმირება, სეზონურ დაავადებებთან ბრძოლა, თუმცა წელს მოსახლეობის წინააღმდეგ თვით ბუნება წავიდა. ზაფხულის არანორმალურ გვალვას დასავლეთ საქართველოში მავნებლების გავრცელებაც დაერთო.

    სპეციალისტების ინფორმაციით, პრობლემა უფრო მეტად კერძო სექტორშია. გლეხებისგან განსხვავებით, ფერმებში საქონლის გამოკვება არ უჭირთ, სოფლის მოსახლეობა კი საბედისწერო არჩევანის წინაშეა: შინაური პირუტყვი დაზამთრებამდე უნდა მოიშოროს.

    სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი პრობლემას დიდწილად საძოვრების დეფიციტსაც უკავშირებს. რამდენიმე წლის წინ საძოვრები ეკონომიკის სამინისტრომ კერძო პირებზე გაასხვისა და სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა.

    "დასავლეთ საქართველოში ჩალა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზამთარში ეს გამოიწვევს საქონლის რაოდენობის შემცირებას, რაც გარდაუვალია. პირადად ვცხოვრობ სოფელში და ვხედავ, რაც იქ ხდება. მაგალითად, გურიის სოფლების უმეტესობაში მოსახლეობას თუ ჰყავდა 5 სულამდე საქონელი, ახლა 2-3 შერჩა. ხალხი უკვე ცდილობს პირუტყვის მოშორებას, რადგან საკვები არ აქვს. სამომავლოდ ეს თავისთავად გამოიწვევს ბაზარზე საქონლის ხორცის გაძვირებას.

    კერძო სექტორში უფრო უჭირთ, ამ მხრივ ბიზნესს პრობლემა, წესით, არ უნდა შეექმნას. ფერმებში ცოტა სხვა მდგომარეობაა. იქ გაადვილებულია სიტუაცია, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ჯერ კიდევ არის ბალახი და ისინი საძოვრებზე უშვებენ პირუტყვს. სოფლის მოსახლეობისთვის ესეც შეზღუდულია. ზოგან შორსაა საძოვარი, ზოგანაც ნადირის საფრთხეა და ა.შ.

    აღმოსავლეთ საქართველოში კი წელს ბალახი, ფაქტობრივად, არ ყოფილა, ამიტომ ცხვრის, ძროხისა და კამეჩის (ქიზიყში) გამოკვება გაუჭირდებათ. თუ დასავლეთში 4 თაობის ბალახი მოდის, აღმოსავლეთში მხოლოდ 2-ჯერ წამოვიდა მინდვრებში ახალი ბალახი. როგორც კი აცივდება, ხალხი საძოვრებით ვეღარ სარგებლობს.

    საკვები უკვე გაძვირდა, 7 ლარი ღირს ნამჯა. ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ საკმარისი მარაგი შეიძინოს. მით უმეტეს, ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - განმარტავს ზენაიშვილი და დასძენს, რომ წელს პირუტყვის სულადობა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიკლებს.

    "გლეხური მეურნეობა წელს დიდ გასაჭირშია. თუ დასავლეთში სიმინდი მავნებელმა გაანადგურა, აღმოსავლეთში გვალვის გამო ბალახის დეფიციტი იყო. ამის გამო თივა ძვირი ღირს და ხალხს მისი ყიდვის საშუალება ნაკლებად აქვს. საფრთხე გაჩნდა მეცხოველეობის სფეროში და სახელმწიფო ამას ყურადღებით უნდა მოეკიდოს, თუმცა ბოლო დროს ყურადღებას ისედაც იჩენენ", - ამბობს გოჩა ზენაიშვილი.

    ექსპერტების შეფასებით, გლეხები, ფერმებისგან განსხვავებით, წელსაც საქონლის შენახვის მამაპაპურ მეთოდებს მისდევენ და პირუტყვი ზამთარ-ზაფხულ საძოვრებზე ჰყავთ გაშვებული, სანამ თოვლი არ დადებს. ამიტომ არის საშიშროება, რომ უხარისხო კვება საქონელს დაასნეულებს.

    სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტის, პროფესორ ამირან კოჩალიძის თქმით, მსხვილფეხა პირუტყვისთვის სადგომები სათანადოდ არ არის მომზადებული. რაც არის, ისიც ელემენტარულ პირობებსაც არ უზრუნველყოფს.

    "დღეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა, სადაც კი მესაქონლეობას მისდევენ. სადგომების 80% მოთხოვნებს არ პასუხობს. მკაცრ ზამთარშიც კი პირუტყვს ღელეებისა და გუბეების ცივ, დაბინძურებულ წყალს ასმევენ. ცხადია, ეს მათ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. დიდი ალბათობით, არსებულ პირობებში პირუტყვი დასნეულდება.

    სერიოზული პრობლემაა საკვებიც, რომლის მომარაგებაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია. ახლა ზამთრის პირია და უკვე დგას საკვების პრობლემა. გლეხები მაქსიმალურად ცდილობენ, საქონელი ნოემბრის ბოლომდე ამყოფონ გარეთ, რათა როგორმე თავი გაატანინონ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი საძოვრების დეფიციტის გამო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კოჩალიძემ.

    მისი თქმით, მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა რეგიონებში უკვე შემცირდა, რადგან საქონელი შემოდგომაზევე გაიყიდა.

    "ერთწლიანი კულტურები (მაგალითად, იონჯა) რომ მასობრივად ითესებოდეს და მოგვყავდეს, მაშინ ეს პრობლემა არ იქნებოდა. ქვეყანაში საძოვრების სიმცირეა, რაც სულადობის შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს. ზოგ რაიონში უკვე დადგა ეს პრობლემა. მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტში ხალხი იძულებული გახდა, პირუტყვი გაეყიდა. ასეთი გადაწყვეტილება საკვების გაძვირების გამო მიიღეს. ნამჯა იქ უკვე 7 ლარი ღირს. საკმაოდ მაღალი ფასი აქვს თივას, როცა ყველაზე იაფად სწორედ ამ რეგიონში იყიდებოდა.

    მოკლედ, ხალხი საქონელს კლავს და ყიდის, რაც სულადობაზე საგრძნობლად იმოქმედებს. საჭიროა ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ძირეული გაუმჯობესება. საზამთრო და საგაზაფხულო საძოვრებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ჯერჯერობით ასე არ ხდება და რაც ბუნებრივადაა, იმით კმაყოფილდებიან. განვითარების პოტენციალი მეცხოველეობაში ნამდვილად არის და ასათვისებელია. იმდენად მაინც უნდა მოვახდინოთ სულადობის გაზრდა, რომ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ", - დასძინა ამირან კოჩალიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter