სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბანკების გარეშე ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია. ჩვენი საბანკო სისტემა ეკონომიკის პირდაპირი მტერია"
    ნათია ლომიძე
    17.11.2017

     ლარი დღითი დღე თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება ევროსა და დოლარის მიმართ. ვალუტის დევალვაციას ბაზარზე გაძვირებული პროდუქტიც ემატება, რაც მოსახლეობის ყოფას გაუსაძლისს ხდის. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები გაუფასურებაში მედიასა და სპეციალისტებს ადანაშაულებენ. ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ხელს სხვებისკენ იშვერენ. ლარი 2,80-მდე მივა და შემდეგ დაიწყება მისი შედარებითი გამყარება.

    ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მმართველი პარტია განმარტებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში მისვლით უნდა უპასუხოს.

    "ეროვნული ბანკის პასუხები ეკონომიკის კომიტეტის კითხვებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პასუხობს. უკეთესი იქნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოვუსმინოთ და კომიტეტზე გავმართოთ მსჯელობა", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

    ლარის გაუფასურების თაობაზე პროგნოზი არაერთხელ გამოუთქვამს "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოს ნიკა შენგელიას. "რეზონანსთან" 3 ნოემბრის ინტერვიუში მან ლარის კიდევ უფრო გაუფასურება (2,70-2,80 ნიშნულს შორის) დააანონსა, რასაც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. შენგელიას იგივე პოზიცია უკავია დღევანდელ ინტერვიუშიც და ამბობს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც მის არც ერთ ქმედებაში არ ჩანს.

    "რეზონანსი": როგორც მთავრობა, ასევე ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და აცხადებდნენ, რომ ლარი დასტაბილურდებოდა, დღეს კი სულ სხვა შედეგის წინაშე აღმოვჩნდით. რა არის ლარის ასე მკვეთრად გაუფასურების მთავარი მიზეზი?

    ნიკა შენგელია: ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების მიზეზად ტრანზაქციებს ასახელებს. ეს მხოლოდ ახლა რატომ გაახსენდათ, აქამდეც ხომ ხდებოდა გადარიცხვები. ამოიღონ და ნახონ, ვინ გააკეთა მსხვილი ტრანზაქცია, საქმე მილიონებს ეხება და ამაზე მთავრობაც და სებ-იც თვალს ხუჭავენ.

    საქართველოში კარგად მუშაობს ინფრასტრუქტურული მოწყობა. მიდის სარემონტო სამუშაოები, ამზადებენ ნიადაგს, რადგან 2018 წლისთვისაც ასევე გამოყოფილია დიდი თანხები. ასეთ ტენდერებში ძირითადად უცხოური კომპანიები იგებენ (აზერბაიჯანული, თურქული და სხვა). ისინი ახერხებენ, რომ წარმოადგინონ ტენდერში საავანსო გარანტიები, აკეთებენ ამის კონვენტირებას და აბრუნებენ ფულს უკან, თავიანთ ქვეყნებში. აქ მილიონებზეა საუბარი. ეროვნული ბანკი ასეთი ტრანზაქციების დროს უნდა ჩაერიოს ვითარებაში. როდესაც უცხოურ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებას, დაამატონ ისიც, რომ მათ ეს ფული არ უნდა გაიტანონ და უნდა დახარჯონ ლარში.

    საერთოდ, სებ-მა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს, თუმცა არ ასრულებს. უმძიმეს დღეშია საფინანსო ბაზარი ჩავარდნილი. რა უნდა გააკეთოს მცირე ბიზნესმა ამხელა მერყეობის პირობებში, ვერც კი წარმომიდგენია. ამ ყველაფერს იწვევს ასეთი პოლიტიკა, როგორსაც დღეს ატარებენ.

    ექსპორტ-იმპორტის თანხვედრა საკმაოდ აცდენილია ერთმანეთს, ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია და გვექნება ძალიან ცუდი პერიოდი. ასეთ პირობებში საჭიროა ეკონომიკური ბლოკის გააქტიურება, თუმცა მგონია, ამის იმედი ტყუილად გვაქვს. ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულის მასის ზრდა ლარის გაუფასურებას არ იწვევსო. მართალია, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც "ბლუმბერგის" დახურულ სისტემაში ვაჭრობს ასობით კომპანია და არა შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები. იქ მხოლოდ 3-4 ბანკი დომინირებს, რატომ არ ვაჭრობს 2000 კომპანია და რატომ არ არის ბაზარი ხელმისაწვდომი ყველასთვის?

    "რ": გაისმა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქვეყანაში სავალუტო ბაზარი საკმაოდ კარგადაა და მედია ამწვავებს ვითარებას. როგორ ფიქრობთ, როგორი ვითარებაა დღეს ან რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის დღევანდელი ნიშნული?

    ნ.შ: ჩემს ინტერვიუს, რომელიც თქვენთან თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, სწორედ ასეთი განცხადებები მოჰყვა - თითქოს ლარის გაუფასურების პროცესს ჩვენ ვაჩქარებთ. მაშინ ხაზი გავუსვი, რომ ლარი დოლარის მიმართ 2.70-2.80 შორის იტრიალებდა. სამწუხაროდ, პროგნოზი მართლდება. არასდროს არაფერს ვამბობთ შემთხვევით და შესაბამისი წყაროს გარეშე. ახლა ვაცხადებ, რომ 2.75-78 ნიშნულის შემდეგ გააკეთებენ კორექციას, რის შემდეგაც შეიძლება 2.68-იან ნიშნულს მივაღწიოთ, თუმცა 2.50 ოცნებად დაგვრჩება. რა ნიშნულზეცაა დათვლილი ბიუჯეტი, იქამდე ჩამოსვლას კარგა ხანს მოვუნდებით.

    "რ": სებ-ის პრეზიდენტი უმრავლესობამ სხდომაზე დაიბარა. როგორ ფიქრობთ, პარლამენტის მთავარი მესიჯი რა უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიმართ?

    ნ.შ: უმრავლესობა შეეცდება, ეროვნულ ბანკს "ყური აუწიოს". გააფრთხილებს, რომ არ მისცეს კომერციულ ბანკებს სპეკულირების საშუალება. რასაკვირველია, ყოფით პრობლემებზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება, რადგან ლარის დევალვაციის შემდეგ, ზოგადად, ცხოვრება გაძვირდა. ვფიქრობ, სებ-ი იძულებული გახდება, ლარი დააკორექტიროს. ან მოახდინონ ჩარევა, ან კეთილი ინებონ და აამუშაონ ფასიანი ქაღალდების ბაზარი და დაასრულონ ორი ბანკის ოლიგოპოლია. მოქალაქეებს თუ გვჭირდება ფული იმისათვის, რომ დავიწყოთ ბიზნესი, მხოლოდ ბანკებს უნდა მივმართოთ. მათ გარეშე ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია. ჩვენი საბანკო სისტემა ეკონომიკის პირდაპირი მტერია.

    "რ": მოსახლეობის მდგომარეობა ასეთ პირობებში საკმაოდ მძიმდება. რაში ხედავთ გამოსავალს?

    ნ.შ: გამოსავალი ერთია, გატარდეს სწორი საფინანსო პოლიტიკა და დარეგულირდეს ლარი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს. ძალიან რთულია, უმუშევარი ხალხი ასეთ ნიშნულს უყურებდეს. აქ დოლარის შეძენაზე არ არის საუბარი, საუბარია თვითგადარჩენაზე, არსებობაზე, რისი საშუალებაც უმრავლესობას არ აქვს. დაასაქმონ ეს ხალხი და იქნებ ისეც მოხდეს, რომ მსგავსმა სავალუტო რყევებმა მოსახლეობა ვერ შეაშინოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Gygyli   (21.11.2017)
    Gaymarjos sakartvelos dideba dideba vai chvens patrons

    პეტრე   (17.11.2017)
    ეს თუ მოსწონს ხალხს და ყოველ ნაბიჯზე ტაშს უკრავს მთავრობას დაე იყოს ასე, ალბათ შემდგომი ნაბიჯი იქნება კუპონიზაცია, თუმცა ის დროც მოსწონდა ხალხს და ტაშს უკრავდა...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter