სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა კიდევ უფრო სწრაფად გაღარიბდება"
    მარი ჩიტაია
    14.11.2017

     წყლის ტარიფის გაზრდის საფრთხე ძალიან დიდია. მართალია, ასეთი ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ლარის გაუფასურების საბაბით გადასახადის გაძვირებაზე თითქმის ყველა საუბრობს. სემეკი ტარიფების განხილვას 15 ნოემბრიდან იწყებს. ყველა მოქმედი კომპანია ტარიფის ზრდას ითხოვს.

    იმ პერიოდში, როცა დენის გაძვირების საფრთხეა, წყლის გადასახადის გაძვირების რისკიც ლოგიკურად არსებობს. ამ დროს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისშიც წყლის მიწოდების პრობლემაა, ზოგან ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია. შეიძლება მომხმარებელს გაუძვირდეს წყლის გადასახადი ისე, რომ შესაბამისი მომსახურებაც ვერ მიიღოს. ეს პრობლემა ამ ეტაპზეც ძალიან აქტუალურია.

    სემეკის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოხდება გეგმური განხილვა, რის საფუძველზეც 2018 წლის ტარიფი დადგინდება. რეალურად შეიცვლება გადასახადი თუ არსებული შენარჩუნდება, უწყებაში ამაზე არავინ საუბრობს.

    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადასახადი მოიმატებს მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს. სხვა რომ არაფერი, წყალი ადგილობრივი რესურსია და, სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს.

    იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი რესურსი მომხმარებლებს შეღავათიან ფასში მიაწოდონ, ქვეყანაში წყლის საკმაოდ მაღალი გადასახადია და ეს ხდება იმის გამო, რომ ხალხს არ აქვს ინდივიდუალური მრიცხველები. სულადობრივი გადასახადი ასობით ათას თბილისელს მძიმე ტვირთად აწევს. გარდა იმისა, რომ მომხმარებლები მატერიალურადაც ზარალდებიან, წყლის რესურსი არამიზნობრივად იხარჯება.

    დედაქალაქში მოქმედი ტარიფის მიხედვით, წყლის სულადობრივი გადასახადი 3,15 ლარია, ხოლო 1 ტონა წყლის ღირებულება 26,5 თეთრს შეადგენს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გათვლით, 1 სული მოიხმარს თვეში 11 ტონა წყალს, რაც რეალურად წარმოუდგენელია.

    სპეციალისტები გადასახადის მომატებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. რამდენადაც წყალი ადგილობრივი რესურსია, იგი, სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს.

    წყლის რესურსების ექსპერტი, მეცნიერი პაატა გიორგაძე ფიქრობს, რომ დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ, ლოგიკურად, წყალიც გაძვირდება, რაც, მისი აზრით, მთავრობამ არ უნდა დაუშვას.

    "ლარის გაუფასურების გამო დღეს ფასი თითქმის ყველაფერზე მატულობს. როგორც ვიცით, დენის გაძვირებაზე საუბარი დაიწყო და რისკი რეალურად დიდია. წყლის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი არის ელექტროენერგიის ხარჯი. ეს გადასახადი თუ გაძვირდება, წყლის ტარიფზეც რაღაც დონეზე აისახება, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად მიუღებელია. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა უფრო სწრაფად გაღატაკდება. ბოლო პერიოდში ისედაც არნახულად არის ხალხი გაღარიბებული.

    მძიმე სოციალურ ფონზე ტარიფის მცირე ცვლილებაც კი მთავრობის მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. ლარის არსებული კურსის პირობებშიც კი წყლის ტარიფის გადახედვა დაუშვებლად მიმაჩნია. როგორც წყლის რესურსების ექსპერტი და მეცნიერი, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გამრიცხველიანების პოლიტიკა მოითხოვს დამატებით ხარჯს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რაც მეტი ეკონომიის გაწევის საშუალებას მისცემს ხალხს და წყალიც დაიზოგება.

    საქართველოში, სადაც წყლის მდიდარი რესურსით ვიწონებთ თავს, ტარიფის ზრდაზე ფიქრი დაუშვებელია. უკიდურეს შემთხვევაში თუკი გადასახადი მოიმატებს, ის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კომპენსირებული, რათა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. მით უმეტეს, ისეთ პერიოდში, როცა დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მოსახლეობა სიღარიბისკენ მიექანება", - აცხადებს პაატა გიორგაძე.

    ანალოგიურ პოზიციაზეა საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობის თავმჯდომარე გიორგი ძამუკაშვილი. ის არ მალავს, რომ წყლის გაძვირება მოსალოდნელია, რაც უმძიმესი ტვირთი იქნება მოსახლეობისთვის.

    "ველოდები, რომ ტარიფი ძალიან მალე შეიცვლება და, ბუნებრივია, მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. ჩვენი პრობლემაა, რომ წყლის დანაკარგი დიდია, მოსახლეობა არ უფრთხილდება მას და, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს საკუთარი ჯიბიდან თანხის გადახდა. საერთო მრიცხველი ყოველთვის მაღალ ხარჯს აჩვენებს და ეს ხდება იმის გამო, რომ წყალს ხალხი ყაირათიანად არ მოიხმარს, არ უფრთხილდება მას.

    გადასახადის გაძვირების შემთხვევაში, თუ ეს გარდაუვალი გახდა, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას. ამ ფონზე გამრიცხველიანება ნამდვილად არის შეღავათი და მომხრე ვარ, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს პროცესი.

    რაც შეეხება სულადობრივ ტარიფს, თითოეული მოქალაქე ვიხდით ტარიფს 600 ლ წყალზე დღეში. რეალურად ამდენის დახარჯვა შეუძლებელია 1 ადამიანის მიერ, მაგრამ ამ თანხაში წყლის დანაკარგიც არის გათვალისწინებული.

    სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. უნდა გააცნობიეროს, რომ ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირს, განსაკუთრებით პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს და გადასახადის თუნდაც მცირედი გაძვირებაც ამ კატეგორიის მოქალაქეებს ყოფით პრობლემას კიდევ უფრო დაუმძიმებს", - აცხადებს გიორგი ძამუკაშვილი.

    გამრიცხველიანების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს "მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე.

    "პირველ რიგში, ხალხმა უნდა ისწავლოს წყლის ყაირათიანად მოხმარება. ამაში კომპანიამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს არის მთავარი და არა წყლის გაძვირება, რასაც მუდმივად გვახსენებენ. ჩვენ ვემხრობით, რომ უმოკლეს ვადაში დასრულდეს გამრიცხველიანების პროცესი.

    რაც წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, ვერსად ნახავთ. ამაში დამნაშავეა თვითონ კომპანია, რომელიც არასწორად ეწევა საქმიანობას. მთელი სისტემა შესამოწმებელი და შესაცვლელია. მრიცხველი უნდა დააყენონ ყველგან, მაგრამ თბილისში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. ნებისმიერ რესურსთან შედარებით, ყველაზე უყაირათოდ წყალი გამოიყენება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა", - აცხადებს რუსიკო სიმონიძე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter