სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "დღევანდელი ტარიფის შენარჩუნება გადამზიდავებს ძალიან გაუჭირდებათ"
    მარი ჩიტაია
    10.11.2017

     საქართველოში საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ მგზავრობის ტარიფების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მართალია, "თბილისის მიკროავტობუსში" ირწმუნებიან, რომ არაფრის შეცვლას არ გეგმავენ, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ეს არ იქნება იოლი. ისინი ფიქრობენ, რომ სავალუტო რყევებისა და საწვავის გაძვირების ფონზე მგზავრობის საფასურის შენარჩუნება გაუჭირდებათ და სავარაუდოდ, 10 თეთრის ფარგლებში მოიმატებს. მგზავრობის გადასახადი გაიზრდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და ტაქსების მომსახურებაზეც.

    ტაქსის კომპანიებმა და დამოუკიდებელმა მძღოლებმაც ტარიფები თვითნებურად ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაზარდეს. როგორც ცნობილია, მსგავსი ცვლილება მუნიციპალურ ტრანსპორტზე - ავტობუსებსა და მეტროზე არ იგეგმება. ეს ინფორმაცია მერიაში დაადასტურეს, თუმცა ტარიფის შესანარჩუნებლად, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მერიას გაცილებით მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს.

    შარშან ლარის გაუფასურების გამო "თბილისის მიკროავტობუსმა" მერიას მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხზე შეტყობინება გაუგზავნა. კომპანია ტარიფის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავდა, მაგრამ ფასი მაინც არ გაზრდილა. ამ ეტაპზე კი, როგორც ჩანს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ფაქტს "თბილისის მიკროავტობუსში" არ ადასტურებენ.

    "მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება", - განუცხადეს "რეზონანსს" კომპანიაში.

    ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები სხვაგვარად ფიქრობენ. "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ტარიფი გადამზიდავებს კბილებით უჭირავთ და გაძვირება თუნდაც 10 თეთრით სავსებით მოსალოდნელია.

    "კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი ვიცი, ოფიციალურად ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ექსპერტები, მათ შორის მეც, მგზავრობის დაახლოებით 10 თეთრით გაძვირებას ველოდებით. ტაქსის მომსახურების ტარიფი ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

    თხევად საწვავზე ფასის მატებას ყოველთვის მოჰყვება საავტომობილო გაზის გაძვირება. სავალუტო პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნება სატრანსპორტო სფეროში ძალიან გართულდება. ველოდები, რომ მგზავრობა გაძვირდება. არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიებმა სატარიფო პოლიტიკა შეცვალონ.

    ცნობილია, რომ საწვავი მომავალშიც გაძვირდება. ეს აისახება ტაქსებზე, სადისტრიბუციო კომპანიების მანქანებზე და, სავარაუდოდ, ყვითელ მიკროავტობუსებზე, რომელთა დიდი ნაწილი დიზელზე მუშაობს. "თბილისის მიკროავტობუსში" კბილებით უჭირავთ ტარიფი. ჩემი აზრით, 80 თეთრზე არ გაჩერდება ფასი, ეს ძალიან ძნელი იქნება.

    რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, გაძვირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ეს მაინც თბილისის მერიის პრესტიჟის საკითხია, თუმცა მას არსებული საფასურის შესანარჩუნებლად გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწევს. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ხელოვნურ პროცესს, რადგან ნაძალადევად მოხდება ფასის შენარჩუნება", - ამბობს მესხიშვილი.

    მართალია, ტარიფის საკითხს მძღოლები არ წყვეტენ, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ გაზრდილი ხარჯის გამო არსებულ პირობებში მუშაობა უჭირთ.

    "ტარიფის ყველა კომპონენტი გაძვირებულია. ეს შეეხება საწვავ-საპოხ მასალას, სათადარიგო ნაწილებს. მთელი ხარჯი და პასუხისმგებლობა მძღოლს აწევს კისერზე. ფასები სულ მაღლა იწევს და მხოლოდ ჩვენ ვართ მუდმივად ერთნაირ მდგომარეობაში. ბანკის კრედიტი გვაქვს აღებული. მინიმალურ შემოსავალზე ვმუშაობთ, ასე გაძლება არ შეგვიძლია", - ამბობს "თბილისის მიკროავტობუსის" ერთ-ერთი მძღოლი.

    მგზავრობის გაძვირება თბილისელებისთვის იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ლარის გაუფასურებაც ლამის საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.

    "თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობისას უმნიშვნელო შეღავათი გვაქვს, როცა დღეში ორჯერ ან მეტად გიწევს მგზავრობა, 15 თეთრით ნაკლებს იხდი. ამ პირობებშიც კი მიჭირს მგზავრობის საფასურის გადახდა. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ შევძლებ 1 ლარის ან თუნდაც 90 თეთრის გადახდას, თუკი ნამდვილად გააძვირებენ ტარიფს. მირჩევნია, ფეხით შემოვიარო თბილისი, ვიდრე მთელი თვის დანაზოგი მგზავრობაში დავხარჯო", - ამბობს ირმა ლოლაძე, თბილისელი მოქალაქე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter