სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია
    მარი ჩიტაია
    02.11.2017

     "დუინგ ბიზნესის" რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა. მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადასვლით საქართველო იმ ქვეყანათა ათეულშია, სადაც ბიზნესის კეთება და, შესაბამისად, საინვესტიციო გარემო მსოფლიოში საუკეთესოდ შეფასდა.

    საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციის დაწინაურებას ერთ-ერთი პირველი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია. "არის ყველა პირობა, რომ გაისად კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

    "საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში. წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მთავრობის წევრთა შეფასებით, ეს არის დადებითი ტენდენცია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავაც აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში.

    "2013 წელს მიღწეული იყო არა მერვე, არამედ მეცხრე ადგილი, თუმცა ეს იყო ძველი მეთოდოლოგიით. მას შემდეგ შეიცვალა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია და პროცედურების სიმარტივის და სისწრაფის მაჩვენებლებს დაემატა ხარისხობრივი მაჩვენებლები და, შესაბამისად, მაშინდელი მეცხრე ადგილი ახლანდელი რეიტინგის 23-ე ადგილის ტოლფასია", - განაცხადა ლილუაშვილმა.

    2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასეთია: ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, საქართველო და შვედეთი. საქართველო რეფორმების გატარების კუთხით რეიტინგის პირველ ოც ქვეყანას შორის ლიდერია.

    ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, საქართველოსთვის დღეს არსებული ეკონომიკური გამოწვევების, ასევე 4-5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროექტებში ჩართვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიების დადებითი შეფასებები და საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება.

    "ჩვენ 10 კომპონენტიდან 6-ში გვაქვს გაუმჯობესება, 4-ში კი ვინარჩუნებთ არსებულ პოზიციას, რაც, პრაქტიკულად, აქამდე არ მომხდარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დაწყების კომპონენტში მეოთხე ადგილზე ვართ. გარკვეული პროგრესი შეინიშნება მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ამ მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ. საქართველო ამ კომპონენტში მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ. ასევე კონტრაქტების აღსრულებისა და გადახდისუნარიანობის საქმეშიც პოზიცია გაუმჯობესებული გვაქვს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

    კურსი, რომელიც საქართველოს ბიზნესთან ურთიერთობისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად აქვს აღებული, გაუმჯობესებულია. ეს პროგრესი ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები განახორციელა. გარდა ამისა, ეკონომიკური ექსპერტის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი მსოფლიო ბანკის კეთილგანწყობა და ნდობის ამაღლება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვან შესრულებაზე. ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს მსხვილი პროექტების განხორციელება.

    იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბანკისა და დონორი ორგანიზაციების ნდობა იზრდება, ასევე იზრდება საინვესტიციო მიმზიდველობა საქართველოს მიმართ, ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გეგმები და პროგრამები, რაზეც მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, წარმატებით განხორციელდეს", - განაცხადა კალანდაძემ.

    საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. მისი თქმით, ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რეიტინგში მოპოვებულმა წარმატებამ რეალურად მოიტანოს შედეგი, რაც საბოლოოდ ინვესტიციებზე უნდა აისახოს.

    "დუინგ ბიზნესში" პოზიციის გაუმჯობესება, როგორც ფაქტი, არის ძალიან კარგი. რაც მაღლა ვიქნებით რეიტინგებში, ქვეყნის იმიჯისთვის უდავოდ პოზიტიური მომენტია. ცალკე საკითხია, რამდენად ასახავს იგი ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და რამდენად ახდენს გავლენას ინვესტიციების შემოსვლაზე. "დუინგ ბიზნესი" განსაზღვრავს, რამდენად მარტივია ბიზნესის რეგისტრაცია და მისი დახურვის პროცესი. ამაში იგულისხმება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა, ასევე გადასახადის გადახდის სიმარტივე და სხვა. ბიუროკრატიული ბარიერი ბიზნესისთვის დამაბრკოლებელი აღარ არის. მთავარია, რეიტინგში მოპოვებულმა წარმატებამ ქვეყნისთვის რეალურად მოიტანოს შედეგი, რაც საბოლოოდ ინვესტიციებზე უნდა აისახოს", - აცხადებს ჯანიაშვილი და დასძენს, რომ ბიზნესმენისთვის გაცილებით ყურადსაღებია, რამდენად არის დაცული საკუთრების უფლება ქვეყანაში, როგორია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მუშახელის კვალიფიკაცია და სასამართლოს დამოუკიდებლობის დონე.

    "ბიზნესის შექმნა, დარეგისტრირება და დახურვა მარტივია, მაგრამ წარმოების თვალსაზრისით აშკარად უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ცხადია, "დუინგ ბიზნესში" მეცხრე პოზიცია კარგი ფაქტია და ახლა სხვა მიმართულებითაც უნდა ვიზრუნოთ რეიტინგის გაუმჯობესებაზე, რაც მეტ ინვესტიციებს მოიტანს. საქართველოს მიმართ ინვესტორებსაც გაცილებით იმედიანადაც განაწყობს", - განმარტავს ანალიტიკოსი.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში: ბიზნესის დაწყება - მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი); კონტრაქტების აღსრულება - მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი) და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი). ამასთან, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით, არც ერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა. გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება - 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით), მშენებლობის ნებართვის მიღება - 77.57 (გაუმჯობესდა 0.02 ქულით), ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით), მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით), გადასახადების გადახდა - 87.14 (გაუმჯობესდა 0.04 ქულით), გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 55.59 (გაუმჯობესდა 15.57 ქულით).

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter