სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ინტერ რაოს" ერთი მოთხოვნა შეუსრულეს, ახლა მისთვის გადასახდელ ფულს მოსახლეობას აჰკიდებენ
    მარი ჩიტაია
    02.11.2017

     ეჭვი, რომ დენის გადასახადი მოიმატებს, კიდევ უფრო გამყარდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, "ხრამჰესი 1"-ის წარმოების ტარიფი 1,58 თეთრით, ხოლო "ხრამჰესი 2"-ის ტარიფი 1,85 თეთრით გაიზარდა. დიდია ალბათობა, რომ "ინტერ რაოს" კუთვნილი ელექტროსადგურებისთვის ტარიფების ზრდა კომუნალურ გადასახადზეც აისახოს.

    სემეკ-ის გადაწყვეტილება 1-ლი ნოემბრიდან 2018 წლის ბოლომდე ძალაში შევა. არ არის გამორიცხული, თვის ბოლომდე დენის ტარიფმაც მოიმატოს და ის იმავდროულად გახდება პირობა, რის საფუძველზეც "ინტერ რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან საარბიტრაჟო დავას შეაჩერებს.

    ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ - საკმაოდ საფუძვლიანი. ცნობილია, რომ "ხრამჰესის" ტარიფში სემეკ-მა 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ლარის გაუფასურების საშუალო ნიშნული გაითვალისწინა, რაც, მათი გათვლებით, დაახლოებით 26%-ია. ლიცენზიანტი კომპანია კი ტარიფში 2016 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით არსებული კურსის ასახვას ითხოვდა, რაც ლარის 40%-იან გაუფასურებას ეყრდნობა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ აღნიშნა, კომისიამ ინვესტორის გათვლებში ლოგიკა ვერ დაინახა.

    "სამწუხაროდ, დასაბუთება და ლოგიკა ამ მოთხოვნაში არ იყო, ისევე როგორც იმ მოთხოვნაში, რომ ეს ცვლილება განხორციელებულიყო სრული ტარიფების მიმართ - ერთ შემთხვევაში 8.2 თეთრის, ხოლო მეორე შემთხვევაში 9.4 თეთრის მიმართ. კომისია მათ ამ ნაწილშიც არ დაეთანხმა და ეს ცვლილებები ჩვენ მივუყენეთ ტარიფის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საინვესტიციო კომპონენტს წარმოადგენს", - განმარტა მილორავამ.

    "ხრამჰესების" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი სემეკ-ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რადგან ინვესტორი კომპანია "ინტერ რაო" წარმოების ტარიფის გაძვირებას უფრო მეტად ითხოვდა. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიის ინტერესებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალურ განმარტებას ამ ეტაპზე არ აკეთებს, რადგან სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს.

    ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე კი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე დავა "ინტერ რაომ" დენის გადასახადის გაძვირების სანაცვლოდ შეაჩეროს. მართალია, ამაზე დანამდვილებით საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ეჭვი არსებობს და არცთუ უსაფუძვლო.

    "ვფიქრობ, "ინტერ რაოს" აუცილებელი მოთხოვნა იქნება, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდეს. ველოდები, რომ ასეც მოხდება. არც ის არის გამორიცხული, ამის სანაცვლოდ რუსულმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დავა უკან გაითხოვოს. ყველაფერი იყო მიზანმიმართულად გაკეთებული და ამით საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობა დაზარალდება.

    2008 წელს, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი დამთავრდა, სახელმწიფომ "ხრამჰესები" გადასცა "ინტერ რაოს" ისე, რომ არ იყო ამის აუცილებლობა. ეს უშველებელი, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ელექტროსადგურები რუსულ კომპანიას მიზერულ ფასად - 108 მლნ დოლარად მიჰყიდეს. ორივე ჰესის სიმძლავრე დაახლოებით 210 მგვტ-ია. გამოდის, რომ 1 მგვტ 450 000 დოლარად გაიყიდა. ეს მაშინ, როცა "ნესკრა ჰესის" მშენებლობა კოლოსალური თანხა ჯდება. მისი 1 მგვტ ათჯერ ძვირია იმასთან შედარებით, რამდენადაც "ხრამჰესები" 8 წლის წინ გაიყიდა. მაშინ რუსულ კომპანიას საკმაოდ მაღალი ტარიფი დაუწესეს - 9,1 თეთრი, როგორიც იმ პერიოდში არც ერთ ელექტროსადგურს არ ჰქონია.

    გამოდის, რომ ჯერ იაფად მიჰყიდეს ჰესები, შემდეგ კი ყველაზე ძვირი გადასახადი დაუწესეს. ასეთი ტარიფი არც ერთ ძველ ელექტროსადგურს არ გააჩნია, თანაც იმხანად არანაირი ინვესტიცია კომპანიის მხრიდან არ ყოფილა. 2008 წელს, როცა ხელშეკრულება დაიდო, საუბარი იყო გრძელვადიან ტარიფზე, ესეც წინასწარ გაითვალა, საბაზისო ტარიფი არანაირ რეალობას არ ექვემდებარებოდა. ახლა კიდევ გაიზარდა წარმოების ტარიფი და ეს ყველაფერი, რასაკვირველია, გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. საბოლოოდ კომუნალური ტარიფი გაძვირდება, ეს გარდაუვალია, რითაც ჩვენი მოსახლეობა დაზარალდება", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

    იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, ბუნებრივი აირის ფასი რეგიონებში უკვე გაიზარდა. მართალია, ჯერჯერობით სატარიფო ცვლილების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე დენის გადასახადი შენარჩუნდება, მაგრამ უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან გააძვირებენ.

    "ტარიფის ზრდა ასე მარტივად არ ხდება. რამდენადაც მაქვს მოლოდინი, ამ ეტაპზე სემეკი გადასახადის შენარჩუნებას შეძლებს. ვფიქრობ, წარდგენილი მასალების საფუძველზე სატარიფო ცვლილება არ უნდა იგეგმებოდეს, თუმცა ეს მხოლოდ ჯერჯერობით, სამომავლოდ ტარიფი აუცილებლად შეიცვლება. ჩემი აზრით, ეს საკითხი დღის წესრიგში გაზაფხულიდან დადგება.

    არ გამოვრიცხავ, "ინტერ რაომ" საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე დავა სწორედ გადასახადის გაზრდის საფუძველზე შეაჩეროს, ყველაფერი მოსალოდნელია. დავა არბიტრაჟის მეშვეობით, როგორც ასეთი, ცივილური მეთოდია. ჩვენ უნდა მივაჩვიოთ კიდეც ინვესტორები, რომ გაარკვიონ თავიანთი სიტუაცია სასამართლოში, ეს არ არის ცუდი. მიუხედავად ამისა, ტარიფებთან დაკავშირებით საგანაგაშო არაფერია, წლის ბოლომდე მაინც", - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

    როგორც ცნობილია, "ინტერ რაო" ლარის გაუფასურებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ინვესტორი დავის მიმდინარეობისას სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ეყრდნობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ დაარღვია.

    "ინტერ რაოს" ნიდერლანდებში რეგისტრირებული "სილქ როუდ ჰოლდინგსი" და "გარდაბანი ჰოლდინგსი" თელას-ის 75%-ს და "ხრამი 1"-ისა და "ხრამი 2"-ის 100%-ს ფლობენ. "ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს ანალოგიური სარჩელით უკვე მიმართეს, სადაც დანაკლისი 125 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ამის პარალელურად, "ინტერ რაომ" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრშიც შეიატანა. საერთო ჯამში, კომპანია საქართველოსგან 175 მილიონ დოლარს ითხოვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (02.11.2017)
    წინათ ხადურზე გადადიოდა ასეთი საკითხები, ეხლა უკვე კონკრეტულად არავინ არის მოპასუხე... ყველაზე საინტერესო ის არის, როდესაც კეთდება განცხადებები მთავრობის წევრებისგან უმრავლესობის წევრებისგან, ეროვნული ბანკისგან, რომ კურსის ცვლილება არაფერს ნიშნავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს, იმაზე მეტი საპანიკო რა უნდა იყოს, თუ მოქალაქეს გასავლები გაეზრდება...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter