სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პაპუნა უგრეხელიძე: საქართველოში სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი ამუშავდა
    თამუნა მუკბანიანი
    31.10.2017

     მას შემდეგ, რაც საქართველოში კერძო საკუთრების უფლება სრულყოფილი სახით აღდგა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება მოსახლეობის მხოლოდ 25%-მა მოახერხა. პრობლემა წლების განმავლობაში ვერ გადაწყდა. ამიტომ 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონი და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა. იგი მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.

    თავდაპირველად რეფორმის ფარგლებში მიწების სპორადული რეგისტრაცია დაიწყო, ამჟამად კი უკვე ამოქმედებულია პროექტის მეორე - სისტემური რეგისტრაციის ნაწილიც. სააგენტო ვარაუდობს, რომ მფლობელები მიწებს 100%-ით დაიკანონებენ.

    1 წლის წინათ მიღებული კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. დაიწყო ქვეყანაში რეგისტაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის დაკანონების პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავდა.

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიწის რეგისტრაციის ყველა რეფორმით, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხორციელდებოდა, მოსახლეობის მხრიდან მიმართვა მხოლოდ 20-25% იყო, რაც საკმაოდ ცოტაა.

    "სახელმწიფო რეფორმას, რომელიც 2016 წლიდან დაიწყო, აქვს გარკვეული ისტორია და წინაპირობები. საბჭოთა კავშირის პერიოდში კერძო საკუთრება როგორც ასეთი არ არსებობდა. ასე რომ, უახლოეს ისტორიაში ეს ტრადიცია ჩვენ არ გვქონდა, სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით. მას შედეგ, რაც ჩვენი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, სახელმწიფომ თქვა, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კერძო საკუთრება და დაიწყო მიწის რეფორმა 1992 წლიდან, რაც 1999 წლის ჩათვლით გრძელდებოდა. იგი იყო მასშტაბური, თუმცა როგორც ყველა რეფორმას, განსაკუთებით კი საკუთრებასთან დაკავშირებულს, ბევრი ნიუანსი ახლდა თან. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნისათვის ამ ყველაფრის გათვალისწინება რთულია. ამ რეფორმის შედეგად, მოსახლეობის მხრიდან მიმართვამ მხოლოდ 25% შეადგინა. ეს მოცემულობა გვქონდა 2014 წლის მდგომარეობით", - განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

    "ბიზნეს-რეზონანსი": რამ განაპირობა მიწის დარეგისტრირების მსურველთა ასეთი დაბალი პროცენტი?

    პაპუნა უგრეხელიძე: დაბალი აქტივობა იყო იმიტომ, რომ მოქალაქეები აწყდებოდნენ ბიუროკრატიულ, სამართლებრივ და ფინანსურ ბარიერებს. ჩვენ მიზნად დავისახეთ, გაგვემარტივებინა მოქალაქეებისათვის საკუთრების რეგისტრაციის პროცესი. 2016 წლის პირველი აგვისტოდან მოქმედებს ახალი კანონი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ. ვფიქრობ, ამით მოქალაქეებს გაუმარტივდათ მიწის დაკანონება და შემცირდა ბიუროკრატიული ბარიერები.

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გახდა აბსოლუტურად პროაქტიური ორგანიზაცია, რომელიც ერთი სარკმლის პრინციპით მუშაობს და იმას, რაც ადრე მოქალაქეს თავად უნდა ეკეთებინა - დაეხარჯა დრო, ფული და ენერგია - ახლა აკეთებს საჯარო რეესტრი თავისი რესურსით. ნაწილის სუბსიდირებას ახდენს ეკონომიკის სამინისტრო, რაც ზემოხსენებულ ფინანსურ ბარიერებს ეხება. მოსახლეობის ნაწილს ძალიან უჭირდა იმ თანხის გადახდა, რაც მიწის აზომვით და აგეგმვით სამუშაოებს სჭირდებოდა. ამ ნაწილს დღეს სახელმწიფო აანაზღაურებს.

    რაც შეეხება დოკუმენტების მოძიებას ეროვნული არქივიდან, ამას 2016 წლის პირველი აგვისტოდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

    "ბ-რ": რადგან მიწის რეგისტრაციის რეფორმა მასშტაბურია, კიდევ რა ბიუროკრატიულ ბარიერებს მოუხსნის ახალი კანონი მოქალაქეებს?

    პ.უ: "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სანოტარო მედიაცია. სამეზობლო დავები, რაც საკმაოდ ხშირია, სახელმწიფოს მიერ გვარდება. წარსულში ერთადერთი გზა მსგავსი დავების აღმოსაფხვრელად სასამართლო იყო, რაც დროში ძალიან იწელებოდა. სანოტარო მედიაცია გულისხმობს სრულიად უფასოდ ნოტარიუს-მედიატორის მიერ მოკვლეულ გარემოებებს. მისი მიზანია, დაადგინოს, რა არის ობიექტური რეალობა და შეათანხმოს მხარეები, რათა ასცდნენ სასამართლო დავას.

    გვაქვს კიდევ ერთი სიახლე. ეს არის ფაქტების კონსტატაცია, რასაც ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. საჯარო სამართლებრივი, უფლებამოსილი სახელმწიფო მოხელეები გადიან ადგილზე, იკვლევენ გარემოებას, მოახდენენ ფაქტების კონსტატაციას, ანუ ობიექტური რეალობის დადგენას, შეუსაბამებენ ამ სამართლებრივ დოკუმენტაციას და აგზავნიან ჩვენთან ოქმის სახით. ეს არის ძალიან მოკლედ იმ სიახლეების შესახებ, რაც რეფორმით დაინერგა, რათა მოქალაქეებს მიწის რეგისტრაცია გაუადვილდეთ.

    სიახლეა საკადასტრო ნახაზის აგეგმვის ახალი ფორმა. ეს ყველაფერი კი არის სპორადული რეგისტრაცია, მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი კომპონენტი, როდესაც მოქალაქე მოდის ინდივიდუალურად.

    "ბ-რ": რეფორმა, უკვე წელიწადზე მეტია, მუშაობს. რა შედეგია დღეისათვის, რამდენად გაიზარდა მიმართვა და რამდენად მეტია პოზიტიური გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის კუთხით?

    პ.უ: პირველადი რეგისტრაციისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე თუ ჩვენთან მოდიოდა დღეში დაახლოებით 500-600 მოქალაქე, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან ეს ციფრი გასამმაგებულია და უკვე 2500-3000 მოქალაქე გვაკითხავს. ეს ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელია. წარმატებული შედეგი არის დღეში 1200-1400 პოზიტიური გადაწყვეტილება.

    "ბ-რ": რას გულისხმობს სისტემური რეგისტრაცია და რითი განსხვავდება იგი რეფორმის პირველი ეტაპისაგან?

    პ.უ: როდესაც მიწის აღრიცხვა ხდება, აპრობირებული მეთოდია სისტემური რეგისტრაცია. ამ დროს სახელმწიფო არ ელოდება მოქალაქის მიმართვას და თავად იწყებს აღრიცხვას კონკრეტული არეალების მიხედვით; თავად აწარმოებს აზომვით სამუშაოებს, მოიკვლევს უფლების დამდგენ დოკუმენტებს, შეაჯერებს ამ გარემოებებს და სისტემურად, ბლოკების სახით არეალში მიიღებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას.

    ჯერჯერობით სისტემური რეგისტრაციის პროექტი საპილოტეა და 12 განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავს. უნდა გამოვიკვლიოთ მთლიანი სურათი, რა ეკუთვნის კერძო პირს და რა - სახელმწიფოს, რომელია დაცული ტერიტორია და ა.შ.

    ჩვენ საქართველოში რამდენჯერმე ვცადეთ, განგვეხორციელებინა სისტემური რეგისტრაცია. ამ ეტაპზე ვეძებთ სწორ გზას, რომ არ შევქმნათ კიდევ ერთი შრე საკუთრების უფლების საკითხში, რომელიც კიდევ ერთხელ შექმნის პრობლემას.

    "ბ-რ": სულ რამდენია დაურეგისტრირებელი მიწა ამ ეტაპზე და, თქვენი ვარაუდით, რეფორმის სრულად განხორციელების შედეგ რამდენი დარჩება?

    პ.უ: ვინაიდან მიწის დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელია, შეუძლებელია ამ ეტაპზე სრულ ოდენობაზე საუბარი. ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ დაახლოებითი ციფრის თქმა, 25-30%-ია რეგისტრირებული. ჩემი ვარაუდით, სპორადული რეგისტრაციის რეფორმის დასრულების შედეგ დაახლოებით 70% სასოფლო-სამეურნეო მიწისა იქნება რეგისტირებული, ხოლო სისტემური რეგისტრაციის დასრულების შედეგ ველოდებით, რომ 100 პროცენტით იქნება აღრიცხული ყველა ის მიწა, რომელსაც ჰყავს მესაკუთრე.

    სისტემური რეგისტრაციის პროექტი გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში მიმდინარეობს: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    პაატა   (08.11.2017)
    2წელია საკუტარი მიწის დარეგისტრირებას ვცდილობ ყაზბეგსი და სულ რაგაც ბარიერებს მიქმნიან.არაფერი არ გამარტივებულა .

    სოფო ნებიერიძე   (06.11.2017)
    ყველაზე მაგარი საჯარო მოხელე პაპუნა უგრეხელიძეა! უაღრრსად კეთილშობილი და უნიჭიერრსი!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter