სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მალე მცირე აგს-ებზეც ბენზინი 2 ლარი ეღირება და შედარებით იაფი საწვავის ეპოქა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება
    ნათია ლომიძე
    28.10.2017

     ლარის გაუფასურებამ პირველი შედეგი უკვე "მოიტანა". დევალვაცია ნავთობის ბაზარმა მაშინვე იგრძნო. როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავმა 5 თეთრით მოიმატა. ავტოგასამართ სადგურებში აცხადებენ, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ძველი ფასების შენარჩუნება უჭირთ. საქმე ისე მიდის, რომ მალე მცირე აგს-ებზეც 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი ეღირება და შედარებით იაფი საწვავის ეპოქა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.

    ნავთობის ფასი მატულობს საერთაშორისო ბაზარზეც, სადაც ერთი ბარელის ღირებულებამ 59 დოლარს მიაღწია. გაძვირების ტენდენციამ ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა გავლენა. ავტოგასამართი სადგურების წარმომადგენლების თქმით, ამ პროცესს ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ვითარებამ, ასევე ლარის კურსის გაუფასურებამ. დღეს "პლატცის" ფასი 1 ტონა დიზელზე 533 დოლარს შეადგენს, ხოლო 1 ტონა ბენზინზე - 572 დოლარს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოტანილი 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,80 ლარია.

    საწვავის გაძვირებას ადასტურებს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ტენდენცია, პასუხის გაცემა უჭირს ავტოგასამართი სადგურების ქსელ "ფრეგოს" გენერალურ დირექტორ რუსუდან რამაზაშვილს. მისი თქმით, ბაზარზე გაძვირება ლარის დევალვაციამ განაპირობა. კომპანია შეეცდება ამჟამინდელი ნიშნულის მაქსიმალურად შენარჩუნებას, თუმცა თუ ლარი კვლავ გააგრძელებს დაღმასვლას, ფასს ვეღარ დაიჭერენ.

    "ფასები საწვავზე "გაიქცა". ამის განმაპირობებელი ფაქტორი როგორც საერთაშორისო ტენდენცია (2015 წლის შემდეგ 1 ბარელის ფასი ასეთი მაღალი არ ყოფილა), ასევე ლარის გაუფასურებაა, რაც საკმად სწრაფი ტემპით გრძელდება. ამ ეტაპზე ყველა კომპანია, იქნება ეს ბრენდირებული თუ არაბრენდირებული, ცდილობს, მაქსიმალურად დაბალი ფასი დაიჭიროს, თუმცა როდემდე შევძლებთ ამას, არ ვიცი. ჯერჯერობით ტენდენცია მზარდია. თუ კურსი ისევ ზემოთ წავა და არ შეწყდება გაუფასურება, რასაკვირველია, ეს გავლენას მოახდენს იმპორტირებული საწვავის ღირებულებაზე.

    საბითუმო ფასი იზრდება და თან საკმაოდ დიდი ნაბიჯებით. ამის შემდგომ რა იქნება, ჯერ პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა რეაგირება იმის მიხედვით მოხდება, რამდენით მოიმატებს ან დაიკლებს საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი და რა მდგომარეობა იქნება სავალუტო ბაზარზე", - განუცხადა "რეზონანსს" რამაზაშვილმა.

    ფასების ზრდას არ უარყოფენ სხვა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც. "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ აღნიშნა, რომ საწვავის გაძვირება როგორც საერთაშორისო ბაზარს, ასევე ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება. ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ ძვირი საწვავი იმ პროდუქტებსაც გააძვირებს, რომელთაც ტრანსპორტირება სჭირდება.

    "ლარის კურსის გაუფასურება, ბუნებრივია, ყველაფერზე უარყოფითად აისახება. არც ნავთობის ბაზარია ამ მხრივ გამონაკლისი. სამწუხაროდ, ლარის გაუფასურება საწვავის ფასის ცვლილებას იწვევს, რაც ჯაჭვური რეაქციით აისახება ყველა იმ პროდუქტზე, რაც ტრანსპორტირებასა და გადაზიდვასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ღირებულებაზე მყისიერად მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენებიც.

    სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ანალიზი რთულია, თუმცა ცვლილებები ფასის ზრდის ან კლების მხრივ მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მოვლენები საერთაშორისო და სავალუტო ბაზარზე. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა დიზელი 533 დოლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 572 დოლარი", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.

    საწვავის გაძვირებას ლარის გაუფასურებასა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატების ტენდენციას უკავშირებს "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძეც. საქმე ისაა, რომ ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასი სამომავლოდ სამომხმარებლო პროდუქციასაც გააძვირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდირებულ სადგურებს შორის "ლუკოილი" ყოველთვის დაბალი ფასით გამოირჩეოდა, სამომავლოდ ეს ძნელი იქნება.

    "ძალიან მიჭირს, ვისაუბრო, რა მდგომარეობა იქნება თუნდაც მოკლევადიან პერიოდში ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ საწვავის ღირებულება დამოკიდებულია როგორც გაცვლით კურსზე, ასევე "პლატცის" ფასზე. ნავთობპროდუქტების გაძვირება, რაც უკვე შეიმჩნევა ბაზარზე, გამოიწვევს ყველა იმ პროდუქტზე ფასის ზრდას, რასაც ტრანსპორტირება სჭირდება.

    ჩვენ შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა კლიენტები არ დავაფრთხოთ, რადგან გაზრდილი ფასი ნიშნავს ნაკლებ რეალიზაციას. ეს ნამდვილად არ გვინდა და ყველაზე უხალისოდ რასაც ვაკეთებთ, სწორედ ფასის მატებაა. ყველანაირად ვეცდებით, ამ მხრივ ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მიშველაძემ.

    ბენზინმა და დიზელმა გაძვირება ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყო და საცალო ქსელში დღემდე თითქმის 25 თეთრით მოიმატა. როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების წარმომადგენლები არ უარყოფენ ფაქტს, რომ საწვავის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით მაღლა უბიძგებს ყველა იმ პროდუქტის ფასს, რომელთაც ტრანსპორტირება და დისტრიბუცია სჭირდება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში გაძვირების ახალი ტალღაა მოსალოდნელი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter