სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აგრარულ ბაზარზე შექმნილ ვითარებას თამამად შეიძლება ეწოდოს საგანგებო მდგომარეობა
    თამუნა მუკბანიანი
    16.10.2017

     საქართველოში წელს უჩვეულოდ უხვნალექიანი და ცივი გაზაფხული და გვალვიანი ზაფხული იყო, რამაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობა ძალიან შეამცირა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში მოსავლის დიდი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მომავალ ზაფხულამდე აგროპროდუქტის იმპორტის წილი მკვეთრად მაღალი იქნება.

    სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის სიჭარბე ბოლო წლებში აღარავის აკვირვებს, თუმცა წელს უამინდობისა და მავნებლების გამო ქართული პროდუქცია დახლებიდან გაცილებით ადრე გაქრება, ვიდრე წინა წლებში. უკვე აშკარაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის დიდი დეფიციტია მოსალოდნელი.

    ამავე დროს არის ხარისხისა და ფასის პრობლემაც. ქართული პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია, უმეტეს შემთხვევაში ექსპორტზე გადის, რადგან საქართველოში მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია.

    ამის ნათელი მაგალითია მწვანილის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია "ჰერბია", რომლის პროდუქტიც პოლონეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გააქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე "ჰერბიას" მწვანილზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ის ძირითადად ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება, წარმოებული მწვანილის 95% ექსპორტზე გადის.

    აგროსპეციალისტებისა და ფერმერების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ მომავალ ზაფხულამდე სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტი და იმპორტის სიჭარბე თვალში საცემი იქნება. ზამთრის მიწურულს კი მხოლოდ უცხოური სოფლის მეურნეობის ნაწარმი იქნება დახლებზე.

    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი კობა კობალაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმპორტირებული პროდუქციის წილი, რომელიც ისედაც საკმაოდ მაღალია აგროპროდუქტებში, წლეულს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

    "საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე დღის წინ აქტიურად აშუქებდნენ, თითქოს სამხრეთ საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოსავალი მოვიდა, რაც არ არის მართალი. ასე რომ იყოს, ეს ბაზარს დაეტყობოდა. წელს მინიმალური იყო ნალექების რაოდენობა, გამოვიარეთ საშინელი გვალვა. ცხადია, მოსავალი ყველგან ძალიან დაბალია. კარტოფილიც კი მცირე რაოდენობითაა და ეს ეტყობა კიდეც ბაზარს. უკვე 1 ლარი ღირს 1 კგ კარტოფილი და რა იქნება გაზაფხულზე?

    მოსავლის შემცირების მეორე ფაქტორი ფაროსანაა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა, არადა, პირველ ეტაპზე მარტივად შეიძლებოდა მასთან გამკლავება. რა თქმა უნდა, ამანაც შეამცირა მოსავლის ოდენობა.

    ამ ფაქტორების გათვალისწინებით აუცილებლად იქნება პროდუქტების დეფიციტი და კიდევ უფრო გაიზრდება იმპორტის წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კუთხით. წინა წლებთან შედარებით, ალბათ ბევრად უარესი ვითარება გვექნება. დღევანდელი მდგომარეობით ნამდვილად ასე ჩანს", - აღნიშნა კობა კობალაძემ.

    ასოციაცია "მომავლის ფერმერის" კონსულტანტ მიხეილ ჭიჭაყუას ვარაუდით, მიუხედავად რიგი ფაქტორებისა, იმპორტის განსაკუთრებულ ზრდას არ უნდა ველოდოთ.

    "წელს საკმაოდ რთული პერიოდი იყო როგორც ამინდის, ასევე მავნებლების გამოისობით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არა მგონია, იმპორტის წილი დიდად გაიზარდოს შარშანდელთან შედარებით. როგორც ხდება ხოლმე, ზამთარში უფრო დეფიციტური იქნება ქართული პროდუქტი, მაგრამ ეს ყოველთვის ასეა.

    მეფრინველეობაში როგორც ხორცის, ასევე კვერცხის თვითუზრუნველყოფის 100%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. რაც შეეხება ღორის ხორცს, 35-40%-ის ფარგლებში ვაკმაყოფილებთ ბაზარს, დანარჩენი, როგორც ყოველთვის, გაყინული ხორცი შემოდის. საქონლის ხორცის კუთხით 70%-ით თვითკმარი წარმოება გვაქვს.

    არ მგონია, ამ მხრივ წელს რამე შეიცვალოს. გრძელვადიანი პროგნოზი ნამდვილად გამიჭირდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მიხეილ ჭიჭაყუამ.

    აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ზამთარი კატასტროფულად რთული იქნება. დღეს ქვეყანაში აგროპროდუქტების მხრივ შექმნილ ვითარებას თამამად შეიძლება ეწოდოს საგანგებო მდგომარეობა.

    "თქვენს გაზეთთან ჯერ კიდევ ზაფხულში ვამბობდი, რომ რამდენადაც ცხელი ზაფხული გვაქვს, იმდენად მშიერი ზამთარი გველის-მეთქი და ამის წინაპირობა უკვე აშკარად ჩანს. აგფლაცია უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ქვეყანაში და რაც ყველაზე სავალალოა, ძალიან ცოტა მოსავალი მივიღეთ. განსაკუთრებით საზამთრო (სასაწყობე) ხილი გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობით.

    ერთი ყუთი ვაშლი უკვე 4-5 ლარი ღირს მაშინ, როცა წინა წლებში მისი ფასი ყველაზე დიდი 2 ლარი იყო, ანუ ფასი უკვე გაორმაგებულია. რაც შეეხება ციტრუსს, აქაც მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. ცუდი მდგომარეობაა ბოსტნეულშიც, რადგან მას საზამთროდ, ფაქტობრივად, ვერ გადავინახავთ.

    მწვანილზე ფასი უკვე გაზრდილია და ეს მოსახლეობაზე, რასაკვირველია, აისახება. ხორცპროდუქტების ღირებულება უკვე კარგა ხანია, ძალიან მაღალია. საქონლის რბილი ხორცი 17 ლარი ღირს, ძვლიანი კი 12 ლარიდან იწყება.

    ეს საგანგებო მდგომარეობაა, რომლის თავიდან ასაცილებლადაც მთავრობას აქამდე უნდა ემუშავა, თუმცა არც ახლა აქვთ რაიმე გეგმა შემუშავებული", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" პაატა კოღუაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter