ბაზარზე თავისებური აჟიოტაჟია: ხალხმა იგრძნო მკვეთრი გამყარება და ცდილობს დოლარი სწრაფად "მოიცილოს"
ნათია ლომიძე
02.03.2017

 ლარის ელვისებური გამყარების კვალდაკვალ მოსახლეობა ცდილობს, დოლარი სწრაფად გადაახურდავოს და ნაკლები ზარალი ნახოს. ამიტომ ადამიანები, რომელთაც შემოსავალი დოლარში აქვთ ან უცხოეთიდან იღებენ გზავნილს, ვალუტას მასობრივად ახურდავებენ. სავალუტო ჯიხურებში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ, რამდენიმე ლარის მოგების გამო, ხალხი ცდილობს, დოლარი "მოიცილოს". ფინანსისტების აზრით, სანამ იმპორტზე მოთხოვნა არ გაიზრდება, გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება.

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე სავალუტო პუნქტის მეპატრონე მანანა სადუნიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოლო დროს ჯიხურს ყველაზე ხშირად თანხის გადამხურდავებელთა ის კატეგორია აკითხავს, ვისაც შემოსავალი დოლარში აქვს ან უცხოეთიდან იღებ ფულად გზავნილს.

"ვერ გეტყვით, რომ გადამხურდავებლების რაოდენობას ვერ ავუდივართ. არ აქვს ხალხს იმდენი დოლარი, რომ მასობრივად გადახურდაონ. ძირითადად ისინი აქტიურობენ, ვისაც უცხოეთიდან ურიცხავენ თანხას. ახლა წინასწარ ახურდავებენ თანხას, რადგან ლარი მყარდება და მომავალში უფრო დაბალ ნიშნულზე მოუწევთ გაცვლა", - აღნიშნა სადუნიშვილმა.

ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის გარეუბნებში მდებარე სავალუტო ჯიხურებში. ერთ-ერთი მათგანის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ გადამხურდავებელთა დიდი ნაწილი უცხოეთიდან იღებს გზავნილს. ისინი ჩარიცხვისთანავე ცდილობენ, ლარში გადაიყვანონ თანხა, რადგან გრძნობენ, რომ სავალუტო ოპერაციების დაყოვნებით ყოველდღიურად ზარალდებაინ. ისინი ცდილობენ, კურსის გამყარებით მინიმალური ზარალი ნახონ.

"სავალუტო ჯიხურებთან, ძირითადად, გადამხურდავებლების ის კატეგორია აქტიურობს, ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი. რამდენიმე მუდმივი კლიენტი მყავს, ზოგიერთს ბინა დოლარში აქვს გაქირავებული, ზოგი კი უცხოეთიდან იღებს გზავნილს. ეს ადამიანები ყოველთვიურად 500-1000 დოლარის ფარგლებში ახურდავებენ თანხას. ისინი ახლა ჩქარობენ, რომ ლარის მკვეთრი გამყარებით ნაკლები ზარალი ნახონ.

საპირისპირო ვითარებაა დოლარის მყიდველთა შემთხვევაში. ისინი მოლოდინის რედიმში არიან და აკვირდებიან სიტუაციას. მათ არ ეჩქარებათ, რადგან ყოველ დღე უიაფდებათ უცხოური ვალუტა", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა დარბაიძემ.

ლარის მსურველები საჭიროების მიუხედავად დოლარის სწრაფად გადახურდავებას ცდილობენ. მაია ღონღაძე ამბობს, რომ ლარის გამყარება მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან უცხოეთიდან ფულადი გზავნილს ადრე უფრო სარფიანად ახურდავებდა. დღეს კი "შემოსავალი" შეუმცირდა.

"დღეს გადავახურდავე 1500 დოლარი, ორი კვირის შემდეგ მჭირდებოდა, თუმცა ახლა მირჩევნია რამდენიმე ლარით მეტი ავიღო, ვიდრე ორი კვირის შემდეგ ნაკლებად გადავახურდაო. ჯერ კიდევ გუშინ კურსი 2.50 ნიშნულზე იყო, დღეს 2.46-ზე ჩამოვიდა. ამიტომ ვიჩქარე გადახურდავება, რადგან კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე არ მომიწიოს თანხის გადაცვლა.

ვიღაცისთვის ლარის გამყარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩემთვის - პირიქით. თანხას ყოველთვიურად მიგზავნიან, უცხოეთიდან. ბინაც მაქვს გაქირავებული დოლარში. სპეციალისტები სამომავლოდ ლარის გამყარებას კიდევ ელოდებიან, ამიტომ ვჩქარობ გადახურდავებას ჩემთვის მისაღებ ნიშნულზე", - აღნიშნა ღონღაძემ.

სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის დადებითი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გამყარებამ გამოიწვია, იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე სახელმწიფოსგან ხელშეწყობა იქნება. ადგილობრივი წარმოების გააქტიურება იმპორტზე მოთხოვნას ამცირებს და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაც ნაკლებია.

"მიახარია, რომ ხალხმა აქტიურად დაიწყო სავალუტო ბაზარზე მომედება, ცდილობენ ვალუტის გადაცვლის ოპერაციები ჩაატარონ. მოსახლეობის მსგავსი ქმედება დაკავშირებულია იმ დადებით მოვლენებთან, რომელიც უკავშირდება ექსპორტს, ეკონომიკის გამოცოცხლებას და ტურისტების მოზღვავებას.

თუკი არ გვექნება წარმოება და ვერ დავაკმაყოფილებთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, რასაკვირველია, სამომავლოდ გაიზრდება იმპორტი, გაჩნდება მოთხოვნა დოლარზე და შემდეგ დაიწყება ლარის კურსის ისევ გაუფასურება. ჯერჯერობით ასეთი ტენდენცია არ იკვეთება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×