სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ლიკოკელი
    12.01.2017

     მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გალარების კამპანიის დაწყებას სტარტი მისცეს. კომერციულ ბანკებში 40 000 დოლარამდე სესხის ლარში გადატანის პროცესის დაწყება შესაძლებელი იქნება. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხებათ.

    საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

    "საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის პირველ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია. სულ ასეთი სესხი არის 33 ათასი.

    თუ მსესხებელს გააჩნია 40 000 დოლარზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება, ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში შეეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

    სუბსიდირება არ შეეხება მათ, ვისი შემოსავალიც არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება. თუკი სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პროგრამა იწყება 17 იანვრიდან და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

    ბანკებს ლარის ლიკვიდობას, რეფინანსირების სესხების სახით ეროვნული ბანკი მიაწვდის. ასევე უცხოურ ვალუტასაც, ვალდებულებებთან მიმართ შემცირებული სავალუტო აქტივების შესავსებად. დოლარაზე სებ-ს კომერციული ბანკები კვირაში 2-ჯერ მიაკითხავენ და გალარებული სავალუტო სესხის შესაბამის პორციას მიღებენ.

    სებ-ი ბანკს დოლარს "ფიქსინგით" მიჰყიდის, ოფიციალური გაცვლითი კურსით. ამისთვის, სავალუტო რეზერვებიდან 400 მლნ დოლარია გათვალისწინებული.

    ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაადგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

    "შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, მოხდება სესხების გალარების სუბსიდირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

    მისი აზრით, შემუშავებული პროგრამით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება იმიტომ, რომ მსესხებლებს, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება აღარ მოუწევთ.

    "ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურსს, რომელიც დასჭირებათ. სტატისტიკურად, 33 ათას მსესხებელს შეიძლება შეეხოს პროგრამა, მაგრამ მათი რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და ასევე მომართვიანობის რაოდენობა.

    საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის მერყეობასთან მიმართებით მოსახლეობის სესხების მომსახურების ნაწილში. ეს საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მსესხებელს აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში ვალუტის რყევის პირობებში", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

    ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, გალარების პროგრამით მოქალაქეებისთვის ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები შესუსტდება. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სტაბილიზაციისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი.

    "ფინანსური ტვირთის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას დოლარში აქვს სესხი. გალარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი ფინანსური დანაკარგების შემცირებას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის შემთხვევაში დოლარში ნომინირებული იპოთეკური სესხები ლარში გადაიტანონ", - განაცხადა ექსპერტმა.

    მისი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ მთლიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter