სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რამდენად დავძლევთ რეცესიას, ამას ჩვენ წლის ბოლოს ვნახავთ"
    ქეთი თოდუა
    18.09.2009

    ეკონომიკის გამოცოცხლებასთან დაკავშირებით ექსპერტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა პროგნოზები აქვთ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკის რეცესიის დასრულებაზე მიუთითებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთი ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთებას ერიდებიან.
    საქართველოს მთავრობაში კრიზისის დასასრული დაინახეს. მთავრობაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი სტაბილური ხდება. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნად ექსპორტისა ზრდას მიიჩნევს. გარდა ამისა, გააქტიურებულია მეორადი ავტომობილების რეალიზაცია, დასტაბილურდა ბინებით ვაჭრობა.
    მინისტრის განცხადებით, პირველი-მეორე კვარტალის სტატისტიკური მონაცემები უარყოფითია, მესამის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. მთავრობის ვარაუდით, მეოთხე კვარტალში ქვეყანა რეცესიიდან გამოვა და ზრდა დაფიქსირდება. საერთო ჯამში, ეკონომიკური მაჩვენებლები მაინც უარყოფითი იქნება, რადგან მხოლოდ მეოთხე კვარტალი წინა კვარტალების ვარდნას ვერ დააკომპენსირებს.
    ბაინდურაშვილი მიიჩნევს, რომ მოხმარების მასობრივი ზრდა სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება.
    "კრიზისის პიკი აპრილში დაფიქსირდა, ივნისიიდან კი მდგომარეობის დარეგულირება დაიწყო. ამ ეტაპზე სტაბილიზაცია სახეზეა, ზოგი მაჩვენებლი კი მცირედით იზრდება კიდეც. მაგალითად, ეს ექსპორტს ეხება. საქართველოს ეკონომიკა გახსნილი და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირებულია, ამიტომ ის დადებითი ტენდენციები, რომლებსაც მსოფლიოში აქვს ადგილი, საქართველოს მდგომარეობაზეც აისახა", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა "კომერსანტთან" ინტერვიუში.
    ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური სკეპტიკურად უყურებს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელსაც იგი ფლობს, ამგვარი პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა:
    "მე ვისურვებდი, რომ მართლაც ასე იყოს. ნეტავ, რაც ფინასნთა მინისტრმა ბრძანა, ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდეს. სამწუხაროდ, რეალობა სხვაა. ყოველ შემთხვევაში, ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. მინისტრს მეტი ინფორმაცია აქვს და ეტყობა, მან უკეთ იცის, რაც ხდება. ყველასთვის კარგი იქნება, თუ მისი პროგნოზები გამართლდება", - აცხადებს ნოდარ ხადური.
    ექსპერტი სხვადასხვა სფეროს გამოცოცოხლებასაც ეჭვის თვალით უყურებს. "გამოცოცხლება ნიშნავს გაძვირებას. მეორადი მოხმარების ბაზარზე ძალიან იაფია მანქანები. მშენებლობები ისევ გაჩერებულია. 1-2-კვირიანი პროცესები ეკონომიკაში არაფერს ნიშნავს, ხანგრძლივვადიანი პროცესები უნდა დაიწყოს, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს. მოლოდინები, რომ წლის ბოლომდე რეცესიას დავძლევთ, გადაჭარბებულია", - აღნიშნა ექსპერტმა.
    ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე ეკონომიკის გამოცოცხლების მცირე ნიშნებს ხედავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდა: "გარკვეული გამოცოცხლება ეკონომიკაში ნამდვილად შეინიშნება. სხვა საკითხია, რამდენად არის ეს რეცესიიდან გამოსვლა. ამას ჩვენ წლის ბოლოს ვნახავთ. ფინანსთა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად როგორიცაა პროცესები ეკონომიკაში, თუ გაგრძელდება, შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაში კრიზისი დასრულდეს."
    ექსპერტი რამდენიმე სფეროს გამოცოცხლებას ამჩნევს და ამ სფეროების გააქტიურების ფონზე ეკონომიკაში დადებითი ცვლილებები შეინიშნება. "გამოცოცხლებაა სამშენებლო სფეროში. კომპანიებმა უფრო აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც საერთოდ გაჩერებულები იყვნენ. სამშენებლო სექტორს გამოცოცხლებაში გარკვეული წვლილი სახელმწიფომაც შეიტანა სხვადასხვა პროექტების რეალიზაციით.
    წლევანდელი ტურისტული სეზონიც წარმატებული იყო წინა წლებთან შედარებით. გამოცოცხლება ეტყობა საბანკო სექტორსაც. ყოველივე ამის ხარჯზე მეტ-ნაკლებად შეინიშნება ტენდენცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდეს", - ასკვნის გიორგი ღაღანიძე.
    ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისათვის მთავრობა აპირებს გაზარდოს ინვესტიციები, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ინვესტიციების გაზრდა საკმაოდ რთულია. როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ ტრანზიტულ ქვეყნებში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია, კონკურენცია კი - გაზრდილი. თუმცა, მთავრობას გარკვეული გეგმაც გააჩნია უცხოური კაპიტალის მოსაზიდად. ამ გეგმას ისინი საზოგადოებას სექტემბრის ბოლოს გააცნობენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter