სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მილიარდიანი პროექტის ბედი მიანდეს კომპანიას, რომლის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროშიც კი ბევრი არაფერი იციან
    მაკა ხარაზიშვილი
    (20.07.2010)
    მთავრობის გათვლებით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 800 მილიონი დოლარი დაჯდება და სამშენებლო სამუშაოები 4-5 წელიწადს გასტანს

    "ხუდონჰესს" ბრიტანელი ინდოელები ააშენებენ. ენერგეტიკის სამინისტროს ჰესის მშენებლობის უფლება, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული - "ტრანსელექტრიკისთვის" 2007 წელს პირდაპირ გადაუცია. არც ტენდერი ან კონკურსი, აუქციონი, ან ამის მსგავსი არაფერი ჩატარებულა. უფრო მეტიც, საზოგადოებისთვის ეს თემა სრულიად უცნობია, ასევე უცნობია პარლამენტარებისთვისაც.
      მაგალითად, ჭუბერის მაჟორიტარი დეპუტატის გია არსიანის ინფორმაციით, "ხუდონჰესს" 1,5 თვეში ჩეხები ააშენებენ. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების ერთი ნაწილის განცხადებით, სვანეთში ხუდონის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, მეორე ნაწილის თქმით კი თუკი ჰესს კვალიფიციური ინვესტორი ააშენებს პირიქით კარგია, ვინაიდან ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
      ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობა 2011 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავრობას ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის ასაშენებლად მთავრობას ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ინდურ-ბრიტანული კომპანია "ტრანსელექტრიკი" შეურჩევია, რომლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა.
      მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, ინდოელები 2007 წელს შემოვიდნენ ხუდონში, რომლებსაც გარკვეული პირობების შესრულება უნდა უზრუნველყოთ. "მერე აღმოჩნდა, რომ მათ ეს პირობები დაარღვიეს და დავიწყეთ პროცედურები ინვესტორთან დადებული დოკუმენტაციის გასაუქმებლად", - აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.
       
      როდესაც ამის შესახებ ინვესტორს შეტყობინება გაეგზავნა, მოულოდნელად ყველა პირობა შესრულდა. "არ ვიცი მენეჯმენტი შეიცვალა თუ სხვა რამ მოხდა, ყველა შეუსრულებელი ვალდებულება კი შესრულდა. ფულის გადახდიდან დაწყებული სხვა სამუშაოებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი გაასწორეს", - აღნიშნა ვალიშვილმა.
      მისი ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მემორანდუმში და ინვესტორის ვალდებულებები უფრო დაკონკრეტდა. "ახლახანს იყო ინვესტორი ჩამოსული და თქვა, რომ თანხის 30% სხვადასხვა ანგარიშებზე უკვე მობილიზებული აქვს", - განაცხადა ვალიშვილმა.
      კერძოდ, ინვესტორმა განსახლებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკეები დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს და მათ შესაბამისი კომპენსაციებიც გადაუხადოს. ვალიშვილის თქმით, თავის დროზე მოსახლეობამ კომპენსაციები მიიღო, თუმცა ვინაიდან ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს, ინვესტორს დაევალა, რომ კომპენსაციები თავიდან გასცეს.
      201-მეტრიანი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გათვალისწინებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში (2010 მ ზღვის დონიდან), მდინარე ენგურზე. მთავრობის გათვლებით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 800 მილიონი დოლარი დაჯდება და სამშენებლო სამუშაოები 4-5 წელიწადს გასტანს. ხუდონის სიმძლავრე 700 მეგავატი იქნება, ჰესს შესაძლებლობა ექნება წლიურად 1,5 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავოს. ჰესის მიერ გამომუშავებული ტარიფი, დაახლოებით, 4 ცენტი ეღირება, ეკონომიკური უკუგება იქნება 5%. პროექტის მიზანია, მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა.
      პროექტი ითვალისწინებს თაღოვანი კაშხლის მშენებლობას 170-მეტრიანი სვეტებით, რომელიც მოიცავს 141 თაღოვან ნაწილს. კაშხლის ზომა განაპირობებს რეზერვუარის 230 მილიონ კუბურ მოცულობას. სახელმწიფო გეგმავს ხუდონის კაშხლის მშენებლობასთან ერთად, ენგურზე დინების აყოლებით, კიდევ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას (ტობარის ჰიდროელექტროსადგური 600 მეგავატის სიმძლავრით და 2,2 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავებით და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების კასკადი - 87 მგვტ სიმძლავრით).
      სხვათა შორის, ხუდონის კაშხლისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე ენგურზე 1979 წელს დაიწყო და 1989 წელს პოლიტიკური, ეკოლოგიური და ასევე სეისმური რისკებიდან გამომდინარე, შეჩერდა. კერძოდ, ხუდონის პროექტის განხორციელება 1990-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაბლოკეს.
      ხუდონის კაშხალი და ჰესი ერთ-ერთია საბჭოთა პერიოდში დაპროექტებულ იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროელექტრონაგებობას შორის, რომელთა მიზანი იყო დასავლეთ საქართველოში, მდინარე ენგურის აუზის ჰიდრო-საგენერაციო შესაძლებლობების ათვისება. ზუსტად იმავე პერიოდში დასრულდა და ამუშავდა ენგურის ჰესი და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი, ხოლო მდინარის დინების ზემოთ მდებარე ხუდონის ნაგებობის მხოლოდ ნაწილობრივ აშენება მოესწრო.
      აღსანიშნავია, რომ მდინარის წყალი თავს იყრის ზემო სვანეთის რეგიონის ზედა ხეობაში, შემდეგ მიედინება ვიწრო, ღრმა კანიონებში, გაივლის დაბლობებს და ბოლოს ჩაედინება შავ ზღვაში.
      დინარის სრული ვარდნა 2,600 მ შეადგენს, აუზი 4,062 კვ/კმ მოიცავს, საშუალო გრძელვადიანი გადინება 5.35 კუბური/კმ-ია, ხოლო ჰიდროპოტენციალი შეფასებულია 21 მილიარდი კვტ/სთ-ის ოდენობით (აქედან 5.5 მილიარდი კვტ/სთ უკვე ათვისებულია).
      ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დახმარებით განხორციელდა. წინასწარ კვლევებში, ხუდონის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სავარაუდო ეკოლოგიური ზემოქმედება შეფასდა მინიმალურად. თუმცა, გეოლოგების ერთი ნაწილის განცხადებით, გარემო ბოლომდე შესწავლილი არ არის.
      გეოლოგები აცხადებენ, რომ ხუდონის მშენებლობა გააძლიერებს ტყეების, ბუნებრივი ჰაბიტატის და მდინარის ბინადარ სახეობათა დაკარგვის პროცესს, ასევე მდინარის ზედა დინების წყალშემკრები მიდამოების დეგრადაციას, რომელიც გამოწვეული იქნება სარეზერვუარო მიდამოს დატბორვით.
      რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, 1992 წელს ჩატარებული განსახლების მასშტაბების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ პროექტმა, შესაძლოა, იმოქმედოს 6 სოფელზე, დაახლოებით, 1000 ადამიანზე.
      არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ექსპერტების განცხადებით, გამორიცხული არ არის, კაშხლების მშენებლობამ გამოიწვიოს გარკვეული სასათბურე გაზების გამოტყორცნა. გაზების გამოტყორცნა ადგილობრივ კლიმატზე მნიშვნელოვან პირდაპირ გავლენას არ მოახდენს, თუმცა ის თავის წვლილს შეიტანს კლიმატის გლობალურ ცვლილებაში. გარდა ამისა, დიდი წვიმების შემთხვევაში, მატულობს მეწყრიანობის რისკი, რადგან, თავის მხრივ, იზრდება ტყეების გაჩეხვის ტემპი. ზამთარში კი ზვავსაშიშროება მოიმატებს ფერდობებზე ბუნებრივი ბარიერების მოშლის გამო.
      მშენებლობისა და წყალსაცავის მოწყობის ეტაპებზე მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო (ე.ი. საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები და ბოსტნები) და ტყის ნიადაგების გაქრობა წყლით დასატბორ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ნაგებობის მშენებლობის ადგილას და მათ სიახლოვეს. ნიადაგების კარგვა, ძირითადად, მოხდება ხაიშისა და სხვა სოფლების დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე.
      წყალსაცავის დატბორვა კი მდინარის წრფივ სისტემას გადააქცევს ტბის მსგავს სისტემად, რასაც მოჰყვება წყლის ბიოცენოზის შეცვლა და ნაპირზე არსებული ტყეებისა და მცენარეული საფარის გაქრობა.
      შეიცვლება წყალში მოსახლე ფაუნა (თევზები, მდინარის კიბოები და მდინარის ფსკერის უხერხემლოები), ხოლო მათ შორის, ენდემური სახეობები, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს.
      თუმცა, სპეციალისტების მეორე ნაწილის განცხადებით, ხუდონი შენდებოდა იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირის სამხრეთი უზრუნველეყო პიკური სიმძლავრით. ახლაც, თუკი მეზობელ ქვეყნებში მოიძებნება გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაღების საიმედო ბაზარი, შეიძლება ხუდონის მშენებლობა მომგებიანი და განსახორციელებლად მიზანშეწონილი პროექტი გახდეს.
    მთავარია, პროცესი იყოს გამჭირვალე, თუმცა როგორც ყოველთვის ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობას ქვეყნისთვის ერთობ მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოება ყველაზე გვიან გებულობს. "რეზონანსი" შეეცადა ხუდონის მშენებელ ბრიტანელ ინდოელებზე ინფორმაციები მოეძიებინა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ინტერნეტ სივრცეში "ტრანსელექტრიკის" შესახებ თითქმის არაფერია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter