ქვეყანა 10% სატრანზიტო მოცულობის შესაბამის თანხას ვერ მიიღებს
მაკა ხარაზიშვილი
13.01.2016

 საქართველო "გაზპრომისგან" 300-400 მლნ კბ/მ ბუნებრივ აირს წამოიღებს. გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო სომხეთში ტრანზიტისთვის ქვეყანა გაზის ნაცვლად, თანხას მიიღებს. დარჩა კიდევ ერთი დეტალი, რაზედაც ენერგეტიკის სამინისტრო არ საუბრობს - "გაზპრომის" მიერ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხა. იქნება იგი 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულების (10%) ადეკვატური, რომელსაც საქართველო ტრანზიტის საფასურად იღებს? სავარაუდოდ, არ იქნება. საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტისთვის 5%-ს ითვალისწინებს. "გაზპრომი" კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოითხოვს.

ენერგეტიკის სამინისტრო საზოგადოებას რუსულ გაზზე მოლაპარაკების დეტალებს ულუფებად აწვდის, თანაც მას შემდეგ, როდესაც "გაზპრომის" წარმომადგენლებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რუსეთი ოკუპანტი ქვეყნაა. გარდა ამისა, საქართველოს "გაზპრომთან" ურთიერთობის მწარე გამოცდილებაც აქვს.ამიტომაც, აბსოლუტურად ლოგიკურია ის კითხვები, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩნდება. ენერგეტიკის მინისტრი კი საზოგადოებას ირონიულად პასუხობს - "ბოდიში იმისთვის, რომ "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია".

ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელსაც ხელი აზერბაიჯანულმა პრესამაც შეუწყო, კალაძემ, როგორც თავად უწოდა "ვაიექსპერტებთან" (ეს ტერმინი ახლახანს დამკვიდრდა პოლიტიკურ ელიტაში) შეხვედრა გადაწყვიტა. მეტი დამაჯერებლობისთვის, მინისტრმა სტუმრებს მისი მოადგილეები და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილიც დაახვედრა.

სამინისტროში თათბირით ექპერტები კმაყოფილები და დამშვიდებულები დარჩნენ. მაგალითად, თორნიკე შარაშენიძე დარწმუნდა, რომ რუსულ გაზთან დაკავშირებული ინფორმაციები არც ისე საგანგაშოა და გაკვირვებულია, თუ რატომ იწვევს აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვები ასეთ აგრესიას.

"ახლა რაც მოვისმინეთ, იმაში თითქოს საგანგაშო არაფერია. საუბარია დეფიციტის შევსებაზე, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ რამდენიმე თვეა ეს ამბავი მიმდინარეობს, გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და როცა კითხვები ჩნდება პასუხად მოდის აგრესია. თვითონაც თუ არაფერს აშავებდნენ, ეთქვათ ეს ყველაფერი მშვიდად და ჩვენც ვიქნებოდით წყნარად", - განაცხადა შარაშენიძემ.

მინისტრმა ექსპერტებს აუხსნა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება 2,5 მლრდ კბ/მ-ია და ის 2012 წელთან შედარებით, 35-38%-ით არის გაზრდილი. ზამთარში ყოველდღიურად ქვეყანაში 11 მლნ-ზე მეტი კბ/მ გაზი შემოდის - 6 მლნ კბ/მ "სოკარის" გაზი, "ყაზახის" მილსადენიდან. 2,9 მლნ კბ/მ "შაჰ-დენიზიდან", 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი კი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც საქართველო სომხეთში ტრანზიტის საფასურად იღებს.

"სხვათა შორის, მინდა ვთქვა ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით", - გაახსენა კალაძემ ექსპერტებს და განმარტა, რომ საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა "სოკარის" განცხადებები, რომ აზერბაიჯანს საქართველოს გაზის მოთხოვნილების სრულად და უპრობლემოდ დაკმაყოფილება შეუძლია, საპირისპირო არგუმენტებით გააბათილა. მან აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში "სოკარის" მხრიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა იქმნება. ბოლო წლებში კი საქართველოში გაზის მოხმარება განუხრელად იზრდება.

"გარკვეული პრობლემაა "სოკარის" მილსადენიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ ზოგჯერ იძულებულნი ვართ, რომ ბალანსი აღვადგინოთ რუსული აირის ხარჯზე", - განაცხადა თვალაბეიშვილმა და დასძინა, რომ "შაჰ-დენიზის" წილი საერთო მოხმარებაში, დაახლოებით, 30%-ია, 50% არის "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზი, ხოლო 20% რუსული ბუნებრივი აირია.

ირანული გაზი ან დენის იმპორტი

ამ განცხადების შემდეგ, "სოკარის" მორიგი ინიციატივა გახდა ცნობილი - აზერბაიჯანული კომპანია არ გამორიცხავს, რომ თუკი საჭირო იქნება, საქართველოში ირანული გაზიც შემოიტანოს. "ჯორჯია თუდეის" ცნობით, "სოკარის" ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვაგიფ ალიევმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ნაბიჯს თეირანისათვის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.

"სოკარი" მყარად არის წარმოდგენილი საქართველოში. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2030 წლამდე მოქმედებს. ჩვენ ამ ქვეყნისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლები ვართ. აქვე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველო ირანისთვის", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანთან ირანს 1474 მმ-იანი გაზსადენი აკავშირებს, საბჭოურ პერიოდში ამ მილსადენებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაზმომარაგება ხდებოდა, 2006 წლიდან კი მილსადენი გამოიყენება ირან-აზერბაიჯანს შორის სვოპ-კონტრაქტის პირობების შესასრულებლად - აზერბაიჯანი 500 მლნ კბ/მ გაზის ექსპორტს ახორციელებს ირანში. შესაბამისად, ტექნიკურად, ირანიდან გაზის წამოღება არც ისე ადვილია.

ამასთანავე, ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმ მილსადენიდან დამატებითი მოცულობის მიღება, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის.

"ამჟამად არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია უფრო მეტი აირის გატარება. ამიტომ დამატებითი მოცულობის დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კახა კალაძემ და უფრო საშიში პერსპექტივაც დახატა - თბოსადგურების გაჩერებით ბუნებრივი აირის დაზოგვა, სანაცვლოდ კი ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა და ტარიფის 4-თეთრიანი მატება. "არის მეორე გამოსავალი, უარი ვთქვათ ბუნებრივ აირზე, შემოვიტანოთ დამატებითი ელექტროენერგია, თუმცა ეს ტარიფის 4-თეთრიან მატებას გამოიწვევს", - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა გაზსაცავის მშენებლობაზე, შესაბამისად, დამატებითი ბუნებრივი აირის ამ გაზსაცავში დარეზერვება უნდა მოხდეს. კერძოდ, ზაფხულში გაზის მოხმარება 7 მლნ კბ/მ-ით მცირდება და ეს მოცულობა გაზსაცავში შეინახება.

ნაღდი ფული ნატურის ნაცვლად

უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ფულს აიღებს და არა გაზს, როგორც აქამდე ხდებოდა. "ფულზე უნდა დავთანხმდეთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "გაზპრომი" ორი წელია ასეთ პირობებზე შეთანხმებას კატეგორიულად ითხოვს.

სპეციალისტების განცხადებით, "გაზპრომს" ყოველთვის სურდა, რომ სომხეთში გატარებული გაზისთვის ანგარიშსწორება თანხით მოეხდინა, თუმცა აქამდე საქართველოს მთავრობა ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენდა. როგორც ცნობილია, კავკასიაში სომხეთი რუსეთის მთავარი პოლიტიკური საყრდენია, შესაბამისად, "გაზპრომი" ტრანზიტის საფასურად საქართველოს მიერ წაღებულ 10%-ზე თანახმა იყო.

მართალია, ირან-სომხეთს შორის არსებობს გაზსადენი, მაგრამ რუსეთი პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაუშვებს, რომ მისი პარტნიორი ქვეყანა მთლიანად ირანულ გაზს დაუქმევდებაროს. ამიტომაც სომხეთთან ენერგეტიკული ურთიერთობისთვის საქართველოს დერეფანი ყოველთვის დასჭირდება.

ბუნებრივია, საქართველოსთვის უმჯობესია, სომხეთში ტრანზიტისთვის ბუნებრივი აირი მიიღოს, თანაც გატარებული მოცულობის 10% და არა ფული. თუმცა, თუკი ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება და ალტერნატიული გზა "გაზპრომისკენ" მიდის, კალაძე იძულებული იქნება, რომ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმოს, სადაც ტრანზიტისთვის ანაზღაურების ახალი პირობებიც ჩაიწერება. ახალი პირობებით კი, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, "გაზპრომის" მიერ გადახდილი თანხა, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულებაა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ციური   (14.01.2016)
ნაციონალების მმართველობისას რუსეთი "ანტიოკუპანტი"იყო თუ გაზპრომთან ხელშეკრულებების ადრეულ ვარიანტებზე წარმოდგენა არ ქონდათ...თქვენო უდიდებულესობა საზოგადოებავ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×