"ფინანსთა მინისტრმა რომ მოითხოვოს ინფორმაცია, პასუხს ვერ მიიღებს"
მაკა ხარაზიშვილი
10.03.2015

 5 მარტს ეროვნულმა ბანკმა 900 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი გასცა. ხაზგასასმელია, რომ აქედან 200 მილიონი ლარი მუდმივმოქმედი სესხია. შედეგად, ძლივს ცოტათი გამყარებული ლარი ისევ გაუფასურდა. სპეციალისტების აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული კომიტეტი, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკიც შევა, ხოლო კომიტეტს ექნება უფლება, დააკვირდეს სავალუტო აუქციონებს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია როგორ ყალიბდება კურსი.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი რეფინანსირების სესხები 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა. რეფინანსირების სესხის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. "ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს", - აღნიშნავენ სებ-ში.

რაც შეეხება მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხებს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ასევე განმარტებულია, რომ იგი 2010 წლის აპრილიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე.

ასეულობით მილიონი ზედმეტი ლარი

ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს ყოველ ხუთშაბათს გასცემს, მუდმივმოქმედ სესხებს-"საჭიროებისამებრ". წინა ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხის გარდა, 200 მილიონი ლარის მუდმივმოქმედი სესხი გასცა და იმ დღეს მცირედით გამყარებული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,1740 ლარამდე გაუფასურდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ასეთი დიდი რაოდენობის მუდმივმოქმედი სესხი მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ სებ-მა რეფინანსირების სესხებთან ერთად, მუდმივმოქმედი სესხებით კომერციული ბანკების მომარაგება აქტიურად 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო. კერძოდ, ზუსტად 31 დეკემბერს სებ-მა კომერციულ ბანკებს 40 მილიონი ლარის მუდმივმოქმედი სესხი მისცა, ხოლო აუქციონით 650 მილიონი ლარი გაყიდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხები კვირაში ერთხელ გაიცემა; ამის პარალელურად იანვარში, თებერვალსა და მარტში სებ-ი მუდმივმოქმედ სესხებსაც გასცემს.

2008 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე ყველაზე დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხი - 400 მილიონი ლარი სებ-მა აუქციონზე მხოლოდ ერთხელ - 2011 წლის სექტემბრეში გაიტანა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლის შემოდგომიდან რეფინანსირების სესხების მოცულობის ზარდა აღინიშნება. ასევე იზრდება მიმოქცევაში ლარის მასა.

2013 წლის დეკემბერში სებმა პირველად გასცა 450 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. ეს ის პერიოდია, როდესაც ლარი გაუფასურებისკენ მიდის. იანვრის ბოლოს ეს მაჩვენებელი 480 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, იმ დღესვე სებ-მა ბანკებს 100 მილიონი ლარის მუდმივმოქმედი სესხიც მისცა. 2013 წლის თებერვალში რეფინანსირების აუქციონზე უკვე 580 მილიონი ლარი გაიყიდა. 2015 წლის იანვრამდე, ძირითადად, ამ რაოდენობის სესხები გადიოდა აუქციონზე.

გადამამალული ინფორმაცია

2013-14 წლებში "ბიზნეს რეზონანსმა" ეროვნულ ბანკს რამდენჯერმე სთხოვა განმარტება - რატომ იზრდებოდა რეფინანსირების სესხების მოცულობა ასე მკვეთრად, თუმცა ეროვნული ბანკისგან პასუხი ვერც ერთხელ მივიღეთ.

2015 წლის იანვრიდან რეფინანსირების სესხების მოცულობა ერთბაშად 700 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა ეროვნული ბანკი 700-700 მილიონ ლარს ყიდის, ამასთანავე კომერციულ ბანკებზე მუდმივმოქმედ სესხებსაც გასცემს.

ამჯერად ეროვნულ ბანკში განგვიმარტეს, რომ საქართველოში რეფინანსირების სესხების მოცულობაზე ძირითად გავლენას ახდენს "ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის ცვლილება", მთავრობის ოპერაციები და ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები. კონკრეტულად 2014 წლის ბოლოს რეფინანსირების სესხების ზრდა სწორედ ამ ფაქტორებით იყო გამოწვეული.

"ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნე, გახლდათ ის, რომ წლის ბოლოს მოხდა საბიუჯეტო ნაშთების ხაზინაში გადატანა. ამიტომ 350 მილიონი გადავიდა ხაზინაში 150 მილიონი უკან დაბრუნდა, შესაბამისად, ის 200-მილიონიანი დანაკლისი, რომელიც გაუჩნდათ ბანკებს და მეორე მხრივ, ჰქონდათ დასაცავი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, დაკომპენსირდა რეფინანსირების სესხების ზრდით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძახით მოკლევადიან ლიკვიდობის მართვას. არანაირი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება. თანხები, ხშირ შემთხვევაში, ღია ბაზრის ოპერაციებზე გავლენას არ ახდენს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ერთ-ერთ ბრიფინგზე.

საბიუჯეტო ნაშთების კომერციული ბანკებიდან ხაზინაში გადატანა 2015 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა გაცილებით ადრე დაიწყო - 2013-14 წლებში. ეკონომისტების განმარტებით, მართალია ეს არის 7-დღიანი სესხი, მაგრამ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამ სესხის მოცულობა ეტაპობრივად გაიზარდა და უკვე პიკს მიაღწია.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განმარტავს, რომ მიმოქცევაში ნებისმიერი მოცულობის ლარის გატანა კურსის ფორმირებაზე გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი, რომელიც 5 მარტს გაიცა.

"ფულის მასის ზრდა გაცვლით კურსზე პირდაპირ ახდენს გავლენას, ელემენტარულად ლარის მიწოდების მრუდი მიდის მაღლა. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ზეგავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეფინანსირების სესხების აუქციონებზე ინფორმაცია გაქრა ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან. მოგეხსენებათ, სებ-ის მთავარ გვერდზე ეს ინფორმაცია ყოველთვის იდო, ახლა აღარ დევს. ეს კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს სპეციალურად ხომ არ დამალეს", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხს ხშირად დამატებითი ემისიის ხაჯზე გასცემს და არა რეზერვების. შესაბამისად, რეფინანსირების სესხში ლარის დევალვაციის ელემენტი მუდმივად დევს.

"ჩემი აზრით, რეფინანსირების სესხი ერთ-ერთი ყველაზე მავნე მონეტარული ინსტრუმენტია, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. მისი არსი ის არის, რომ იგი კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემებს უგვარებს. ნიუანსი ერთ რამეშია: ეროვნული ბანკი ასეთ სესხს ხშირად დამატებითი ემისიის ხარჯზე აკეთებს და არა თავისი რეზერვების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, რეფინანსირების სესხში ლარის დევალვაციის ელემენტი მუდმივად არის ჩადებული. აქ ჩნდება ფარული ნაღმი, რომელიც დრო და დრო ფეთქდება ხოლმე", - აცხადებს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ გადა იმისა, რომ აღნიშნული პაროცესი ბაზარზე სარგებლის განაკვეთს ხელოვნურად ამცირებს, ასევე მოქმედებს გაცვლით კურსზე.

"იმ დროს, როდესაც მოთხოვნაა უცხოურ ვალუტაზე, შეიძლება რეფინანსირების სესხი სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებისთვის იქნეს გამოყენებული. ჩემი აზრით, გასული თვეების კრიზისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ - რეფინანსირება იყო. გარდა ამისა, ღია ბაზარზე ეროვნული ბანკისგან იყო გარანტია, რომ ისინი კურსის ფორმირებაში არ ჩაერეოდნენ, ფაქტობრივად, დევლვაციაზე თვალს დახუჭავდნენ, ასეთი მანიპულიციებისთვის კი ფართო ასპარეზი იყო", - ამბობს პაატა შეშელიძე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე ლარის მორიგი გაუფასურებისას არსევე რეფინანსირების სესხებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც ლარის სტაბილურობას პრობლემები აქვს სებ-მა რეკორდული რაოდენობის რეფინანსირების სესხი გასცა.

"რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდით ეროვნული ბანკი ახორციელებს ლარის მასის მიწოდებას ფულად ბაზარზე, რითაც თანაფარდობა დოლარისა და ლარის მასებს შორის ირღვევა ლარის "საზიანოდ". ეს ბოლო დღეებშიც გამოჩნდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,26-დან 2,11-მდე გამყარდა, თუმცა შემდგომ ეროვნულმა ბანკმა, 900 მილიონამდე გაზარდა რეფინანსირების სესხები, თანაც მუდმივმოქმედი სესხის საშუალებით, რომელიც გულისხმობს აუქციონის გარეშე, ბანკისთვის გარანტირებულად კრედიტის მიცემას", - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი აზრით, აბსოლუტურად აუხსნელია რისთვის ხდება რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდა. თეორიულად ამის მიზანი ბანკების ლიკვიდობის შევსებაა, რათა მოხდეს საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დონეზე, მაგრამ გაუგებარია სესხების მოცულობა მკვეთრად რატომ იზრდება.

"იანვარში რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდის მიზეზად სახელმწიფოს მიერ დეპოზიტების ხაზინის ანგარიშზე გადატანა დასახელდა, თუმცა რეფინანსირების სესხების ზრდა ფიქსირდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო კომერციული ბანკებიდან დეპოზიტებს გაიტანდა. ჩემი აზრით, 5 მარტს გაცემულ რეფინანსირების სესხს სახელმწიფოს დეპოზიტების გატანასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ეროვნული ბანკი ლარისთვის კრიზისულ ერთის მხრივ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრობს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ბანკებისთვის ფულის მიწოდებას, რაც ნეგატიურად მოქმედებს კურსზე", - ამბობს ჭიჭინაძე.

ვალუტის კურსის დადგენა გასაიდუმლოებულია

მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის, ფინანსური წრეებსთვის, სპეციალისტებისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელია ინფორმაცია სავალუტო და რეფინანსირების სესხების აუქციონებზე რომელი ბანკები მონაწილეობენ, როგორია მოთხოვნა-მიწოდება კონკრეტული სუბიექტების მხრიდან.

ემზარ ჯგერენაიას ინფორმაციის სავალუტო ბაზრის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ეროვნული ბანკისთვის არის ხელმისაწვდომი.

"მაგალითად, "ბლუმბერგზე" ვაჭრობა მიმდინარეობს ბროკერული სისტემით. არავინ იცის დაწვრილებითი ინფორმაცია ვინ ან რამდენი იყიდა. ამ ინფორმაციასთან წვდომა მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს. ინფორმაცია დაფარულია ფინანსთა მინისტრისთვისაც. დავუშვათ გიყიდა 50 მილიონი დოლარი. ფინანსთა მინისტრმა რომ დასვას კითხვა, ვინ იყიდა ეს თანხა, პასუხს ვერ მიიღებს", - განმარტავს ემზარ ჯგერენაია და დასძენს, რომ სავალუტო ვაჭრობის წესით, ეს სწორია. თუმცა, როდესაც ქვეყანა სავალუტო კრიზისის ზღვარზეა, აუცილებლად უნდა შეიქმნას ერთიანი ანტიკრიზისული კომიტეტი, სადაც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული ბანკიც შევა და კომიტეტი აღნიშნულ პროცესს დააკვირდება. "ამ კრიზისის დროს რაღაც უნდა შეიცვალოს", - მიიჩნევს ჯგერენაია.

პაატა შეშელიძის განცხადებით, "ბლუმბერგის" სისტემაში წვდომა აქვს მხოლოდ ბანკებს და თანაც ყველას არა (ისინი, რომლებიც საწევრო თანხას იხდიან). ვაჭრობაში კი მონაწილეობენ ის ბანკები, რომლებსაც ვაჭრობის უფლება აქვთ შეძენილი.

"სავალუტო ვაჭრობაში, როგორც წესი, ერთი და იგივე ბანკი მონაწილეობს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ოლიგოპოლიური სისტემაა - რამდენიმე ბანკი ერთმანეთში ვაჭრობას. ამ დროს ლარზე ან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის წამოყენება შეუძლია ძალიან ბევრ კორპორაციას და სხვა ფინანსურ სტრუქტურას. გამოდის, რომ ვიწრო წრეში წყდება კურსების ფორმირება, ხოლო ვინ რა ივაჭრა და რამდენი საჯარო არ არის. ეროვნული ბანკი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას არ ახმაურებს. რაც არასწორია", - ამბობს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, ვაჭრობის შედეგი აისახება თითოეული ადამიანის "ჯიბეზე", შესაბამისად, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელიც მის ბედს წყვეტს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×