"ყაზტრანსგაზი" ტარიფს ზრდის, მეპურეებში გაურკვევლობა, მთავრობას კი დანაპირები მიავიწყდა
მარი ჩიტაია
28.02.2015

 როგორც ჩანს, თბილისის მოსახლეობას პური გაუძვირდება. მეწარმეების განცხადებით, თვითღირებულების ზრდა პროდუქტის ფასზეც იმოქმედებს, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ნეგატიურ სოციალურ ფონს შექმნის. პურის გაძვირება უკავშირდება იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის მატებას, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება "ყაზტრანსგაზმა" მიიღო.

კომპანია ტარიფს 15 თეთრით აძვირებს და აქამდე განსაზღვრული 75 თეთრის ნაცვლად, იურიდიული პირები 1 კბ/მ გაზზე 90 თეთრს გადაიხდიან.

"ყაზტრანსგაზის" სპეციალურმა მმართველმა, გიორგი ბენაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ეს გადაწყვიტილება არ შეიცვლება, ვინაიდან ტარიფის შენარჩუნება ამ დრომდე შიდა რეზერვების საშუალებით ხდებოდა, რაც უკვე ამოიწურა. მას შემდეგ რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, "ყაზტრანსგაზმა" 11 მილიონი ლარით იზარალა.

კვების ობიექტების წარმომადგენლები და მეწარმეები აცხადებენ, რომ ტარიფის გაძვირება კატასტროფაა და თბილისში პურპროდუქტებზე ფასს გაზრდის.

მეწარმეების განცხადებით, ფასის "დაჭერას" მაქსიმალურად შეეცდებიან, მაგრამ ხანგრძლივი დროით ეს შეუძლებელი გახდება. ისინი მიიჩნევენ, რომ პურის არსებული ფასი ვერ იქნება თვითღირებულებასთან შესაბამისი და უკიდურესი არჩევანის წინ აღმოჩნდებიან: გააძვირონ პროდუქტი ან წარმოება შეაჩერონ.

მეწარმეები მაინც იმედოვნებენ, რომ პრემიერ-მინისტრი პირობას შეასრულებს და მეპურეების ინტერესს დაიცავს. პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფასის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდება, თუმცა ეს ძალისხმევა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

"გაცილებით ადრე, "ყაზტრანსგაზის" განცხადებამდე, გაზის ტარიფის გაძვირებაზე საზოგადოებას ჯონდი ბაღათურიამ, "ქართული დასის" ლიდერმა 3 თვის წინ ამცნო. მაშინ სატარიფო ცვლილებაზე საუბარი არც ყოფილა. ეს ადასტურებს, რომ გაზის გაძვირება დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეს.

რა განცხადებაც უნდა გაკეთდეს, მე მჯერა პრემიერის და დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი პირობას შეასრულებს. მან გარკვევით თქვა, რომ ცვლილება მეპურეებს არ შეეხებათ. ეს პროცესი მაინც თუ მოხდა და გაზს გაგვიძვირებენ, ბიზნესზე მტკივნეულად იმოქმედებს. მარტო ცხობა ხომ არ არის, მთელი პროცესია - ტექნიკური გადაიარაღება, ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა. მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იცვლება, მაგრამ ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს შეცვლას ვერავინ ახერხებს.

ამ მხრივ ახალ ხელისუფლებაზე დიდ იმედს ვამყარებ. მინდა ვიფიქრო, რომ მეწარმეების საქმიანობას ხელი შეეწყობა და ჩვენ საზიანოდ გადაწყვეტილების მიღებას არ დაუშვებენ. არ მინდა ნეგატიური განწყობა შემოვიტანო და პურის გაძვირებაზე ვისაუბრო. ამით სოციალური ფონი უკიდურესად დამძიმდება, რადგან პურის ფასი სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც აისახება. შეიძლება ითქვას, იგი არის სოციალური ბარომეტრი, მისი გაძვირება ცხოვრების გაძვირების ტოლფასია, რადგან საფასო ტენდენციაზე ცუდ გავლენას მოახდენს.

10-თეთრიანი სხვაობა მოსახლეობას დაარტყამს. კარგად მახსოვს, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ გადასახადების შემცირება იყო და თუ ვერ გააიაფებენ, გაძვირება მაინც არ დაუშვან", - აღნიშნა დოლიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

ზოგიერთმა მეპურემ თავისი პროდუქცია უკვე გააძვირა, თუმცა მსხვილი საწარმოები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული ფასების შენარჩუნებას. "პური 10 თეთრით რომ გაძვირდება, მერე 10 თეთრს დისტრიბუცია მოუმატებს, 10-ს მაღაზია და ასე გაგრძელდება. ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა. ამიტომ ვცდილობთ, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ურთულეს დროში ვმუშაობდით, როცა მეწარმეებს ძალით აკოტრებდნენ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 60 ლარი ღირდა, იმდროინდელი ვალი დღესაც მოგვდევს", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ქვეყანაში ბევრ პროდუქციაზე, მათ შორის, პურზე ფასის მატებას გამოიწვევს. შესაძლოა ის სწორედ 10 თეთრით გაძვირდეს.

ამ რამდენიმე დღის წინათ გაზის ტარიფის გაძვირებაზე ენერგეტიკის მინისტრმაც ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, პურის ფასში გაზის მარჟა არის ძალიან ცოტა, ამიტომ გაზის ფასის 15-20-თეთრიანი მომატება სურათს პურის ფასში ნამდვილად არ ცვლის.

"იმ შემთხვევაში თუ კომერციულ ობიექტებს გაზი გაუძვირდება, პურის ქარხნებზე უნდა იყოს სპეცტარიფი", - განაცხადა მინისტრმა. მიუხედავად ამისა, ასეთ ტარიფზე საუბარი ჯეჯერობით არ არის. "ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თუ როდიდან ამოქმედდება შეცვლილი ტარიფი. როგორც გია ბენაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, დღესდღეობით სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, თუმცა კომპანიამ უკვე მიმართა მას და შექმნილია კომისია, რომელსაც დეტალური ინფორმაცია აქვს.

საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან და კონკრეტულად რა და როდის იქნება, არ იციან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×