ვახტანგ იობაშვილი: მოლოდინი დადებითია, შესაბამისად მომხმარებელი შეღავათს იგრძნობს
ქეთო გოგოხია
28.04.2025

ნავთობის ფასი გლობალურ ბირჟებზე მკვეთრ კლებას განიცდის, რასაც ქართული ბაზარი შეძლებისდაგვარად პასუხობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასმა ცვლილება რამდენიმეჯერ განიცადა. მთლიანობაში საწვავი ქართველ მომხმარებელს 15-20 თეთრით გაუიაფდა. ტენდენცია გაგრძელდება, თუკი უცხოურ ბაზრებზე არსებული დინამიკა შენარჩუნდება. ამ დროისთვის ხელს არაფერი უშლის, რომ საქართველოში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ დაკორექტირდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი იმპორტიორები ცვლილებას ადეკვატურად ასახავენ, რის შესაძლებლობასაც საგარეო და შიდა ფაქტორები იძლევიან.

,,შიდა ბაზარი დიდი ხანია სტაბილურია, საწვავი გლობალურ ბაზრებზე გაძვირდება თუ გაიაფდება, ქართულ კომპანიებშიც ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღება. ამას ხელს უწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილურობაც. მოგეხსენებათ, ლარი ბოლო პერიოდის განმავლობაში გამყარდა და არანაირი პრობლემა ამ კუთხით  ჩვენ არ გვაქვს. 

მოგეხსენებათ, სანავთობო ბაზარი ვარაუდებსა და პროგნოზებს არ ემორჩილება, წინასწარ დაკონკრეტება გამიჭირდება, მაგრამ ვადასტურებ, რომ მოლოდინი დადებითია, სამომავლოდაც ფასის ცვლილება მოხდება კლებისკენ. შეიძლება ეტაპობრივად განიცადოს კორექცია. მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ, ამიტომ მყისიერი რეაგირება მარტივი არ არის, თუმცა მცირე ბიჯებით ფასების იკლებს და ეს ტენდენცია ახლაც სახეზეა. 

ვნახოთ, როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება. ბიზნესი დიდი გლობალური პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. რაც მეტი სსტაბილურობა იქნება ბაზარზე, მით უფრო დაეტყობა ყველაფერს და შეღავათს ყველა მომხმარებელი იგრძნობს", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაიაფების მიზეზზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ, რომელიც განსაკუთრებით ჩინეთს და ევროკავშირს დაუწესა, მსოფლიო დიდ გაუგებრობაში ჩააგდო. ამასთან, გარკვეული გავლენა მოახდინა ,,ოპეკი პლუსის"  წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებამ ნედლი ნავთობის მოპოვების გაზრდასთან  დაკავშირებით. შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკაში ცვლილებებია და  სანავთობო ბაზრების სტაბილიზაცია დაიწყო. ფასების კორექტირება ხდება და ჩვენც შეგვეხო. 

მთლიანობაში მხარს ვუჭერ, თუკი ვინმე იქნება მშვიდობის მედროშე, მთავარია, შედეგი დაგვანახოს მსოფლიო სანავთობო ბაზრებს. როცა პირიქით ხდება ხოლმე ბალანსი ირღვევა, მას კარგი შედეგი არავისთვის მოაქვს. ამიტომ, როცა მცდელობაა ეკონომიკა დალაგდეს, ეს ბიზნესზეც სასიკეთოდ აისახება. 

ვფიქრობ, ცვლილებები გაგრძელდება, ვნახავთ სანამდე მივა. თუ მშვიდობა იქნება, აუცილებლად დასტაბილურდება ბირჟები, რაც მერე შიდა საცალო ფასებზეც აისახება. ნავთობპროდუქტი არის ისეთი რამ, რომლის საბოლოო ღირებულების პროგნოზება ჭირს, თუმცა მოლოდინი მაინც დადებითია, ", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა. 

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, რუსული საწვავის ჩანაცვლების პროცესს უკავშირდება. ბულგარეთიდან მოწოდებულმა პროდუქტმა უკვე 80%-ს მიაღწია. რუსეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 86% იყო.

,,რუსეთიდან მოწოდებული საწვავი, ფაქტობრივად, ჩანაცვლდა, მაგრამ ჩვენთვის ამას რაიმე სხვაობა არ მოყოლია. ამ ეტაპზე  რუსეთიდან ჩვენ არ ვიღებთ პროდუქტს, სხვადასხვა ქვეყნებიდან გვაქვს მოწოდება, მათ შორის, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და რუმინეთიდან. ბულგარეთიდან მოწოდებულმა პროდუქტმა უკვე 80%-ს მიაღწია. 86 % იყო რუსეთიდან მოწოდებული, ამდენად, მან რუსული საწვავი სრულად ჩაანაცვლა.

აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება, ძირითადად, დიზელი. რამდენადაც ვიცი, იქ ქარხნების გადაიარაღების პროცესი  დასრულებულია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის აზერბაიჯანული ბენზინის იმპორტთან დაკავშირებით. რა მოხდება, ეს სახელმწიფოების პრეროგატივაა.

ამ ეტაპზე  მთავარია, რომ მოწოდების კუთხით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ფასებიც  სტაბილურია. ამდენი წლის განმავლობაში შეგვეძლო, რაღაც დონეზე ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება გვქონოდა. პრაქტიკულად სრულად ვართ დამოკიდებული მესამე ქვეყანებზე, სადაც ვყიდულობთ და ვყიდით. ჩვენი მიზანია, იმპორტზე დამოკიდებულება საკუთარი წარმოების ხარჯზე შევამციროთ. თუნდაც მცირე რაოდენობით რომ აგვემუშავებინა საკუთარი წარმოება, ეს ხელს შეუწყობდა სტაბილურობას და და ფასებზე მანიპულაციის საშუალებასაც მოგვცემდა“, - განაცხადა იობაშვილმა.

ფაქტი, რომ ამ ეტაპზე, საწვავის ბაზარზე ფასები სამართლიანია და თანხვედრაშია საერთაშორისო ფაქტორებთან, ამ რამდენიმე დღის წინ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომაც დაადასტურა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტებზე  ფასები სამართლიანია და იმ ტენდენციებს შეესაბამება, რომელიც საქართველოში საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას - ესაა საერთაშორისო ფასები და ლარის კურსი. იანვარში გარკვეულწილად ფასები გაიზარდა და ეს იმით აიხსნება, რომ იმპორტის თვითღირებულება გაზრდილი იყო. 1-ლი თებერვლიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით ვითარებას თუ ავიღებთ, აქ უკვე კლების ტენდენცია გვაქვს, რაც უკავშირდება ასევე მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირებას და ადგილობრივი ვალუტის გამყარებას.

მსოფლიო ბაზარზე მკვეთრი კლება აპრილში დაფიქსირდა, შესაბამისად, გაიაფებულ იმპორტზე ალბათ ეს თვის ბოლომდე უფრო მეტად აისახება. ვფიქრობთ, რომ მაისში, თუ ეს ფაქტორები უცვლელი დარჩა, კიდევ უნდა ველოდეთ დამატებით ფასების ყველა ტიპის საწვავზე კლებას“, - განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×