ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის ყველა მცდელობა ჩავარდა
გვანცა წულაია
17.04.2025

საქართველოს ეკონომიკური განვითარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, ეკონომიკას პრობლემა არ შექმნია. დინამიკა დადებითია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებისგან მუდმივად მიმდინარეობს ისეთი მოსაზრების შეთხზვა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. მთავრობა და ექსპერტთა დიდი ნაწილი მსგავს რეალობას გამორიცხავს. 

საქართველოში რომ ეკონომიკური კრიზისი არ არის ამას ადასტურებს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის იანვარში მშპ 11.1%-ით გაიზარდა, ხოლო თებერვალში – 7.7%-ით. მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი შემდგომ თვეებშიც. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები მშპ-ს პროგნოზს ზრდიან. 

კრიზისული სურათის შექმნა, ამ ეტაპზე, აქტიურად აღარ ხდება, მაგრამ გასულ თვეებში ამაზე მუდმივი მიდიოდა საუბარი. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის პროგნოზი იყო, რომ თებერვალში და მარტში ჩამოიქცეოდა ქვეყნის ეკონომიკა, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ორი თვე დაიწყო 9,4%-იანი ზრდით, წლის დასაწყისიდან კი უკვე გასულია 4 თვე და მუდმივად დადებითი დინამიკაა.

"შემიძლია ამოვიღო ე.წ. ექსპერტების შეფასებები, რომელიც კეთდებოდა დეკემბერში. ისინი აცხადებდნენ, რომ სამ თვეში ქვეყანა ჩამოიქცეოდა ეკონომიკური კუთხით. გავიდა სამი-ოთხი თვე და ჩვენ ვდგავართ მყარად. კოლექტიური ნაცმოძრაობა არც მალავს, ღიად საუბრობს იმაზე, რომ მათ უნდათ ავნონ ქვეყანას. სიხარულით ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ეს აქციები გაგრძელდება, დაგვასანქცირებენ. რომ გამოდიხარ და ამბობ, ახლა მე ვიმუშავებ, სანქციებს დავაწესებინებ და ეს შექმნის ისეთ ეკონომიკურ პრობლემებს, რომ ქვეყანა დაიქცევა, ეს ხომ ხელის გულზე დევს. 

როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ასეთი ოპოზიცია რაიმე სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის. პირდაპირ უპირისპირდებიან სახელმწიფოს, ქვეყნის და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს. უკრაინაში 45%-იანი ეკონომიკური ვარდნა რომ იყო, ვინ იზარალა ამით? რა თქმა უნდა, რიგითმა უკრაინელმა მოქალაქემ. ეს ადამიანები გამოდიან და მარტო იმას კი არ ამბობენ, რომ ქვეყანა დაიქცევა, არამედ ამბობენ, რომ ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დავაზიანოთ, რომ ქვეყანა ჩამოიქცესო. პირდაპირ ამბობენ ამას. 

პროგნოზი ჰქონდათ, რომ უკვე თებერვალში და მარტში უნდა ჩამოქცეულიყო ქვეყნის ეკონომიკა. ლარის კურსი უნდა ყოფილიყო 3,0-იან ნიშნულს ზევით, ინფლაცია ორნიშნა და ა.შ. 

შარშან ჩვენ მოვახერხეთ და გვქონდა საშუალო 9.6% ეკონომიკური ზრდა. ეს წელიწადიც, პირველი ორი თვე დავიწყეთ 9.4%-ით. ამას ვინარჩუნებთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. რადიკალების ამოცანაა, რომ დავასანქცირებინოთ ქვეყანა, დავაქციოთ, ჩვენი ამოცანაა საპირისპირო. ეკონომიკა რომ დაიკლებს, ამით ხომ საზოგადოება დაზიანდება", - განაცხადა კობახიძემ. 

ეკონომისტთა ნაწილი მთავრობის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიზისული ფონის შექმნის მცდელობა ნამდვილად არსებობდა. როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ "რეზონანსს" განუცხადა, მსგავსი არაფერი ხდება, ეკონომიკური განვითარება არ შეფერხებულა და მომავალშიც ასე იქნება. 

"აქციების და პოლიტიკურად რთული დღეების დროსაც ვამბობდი, რომ არ იქნებოდა რაიმე სერიოზული კრიზისი მოსალოდნელი. პრაქტიკულად, ასეც მოხდა, კრიზისი არ არის ქვეყანაში და პირიქით, გრძელდება წინსვლა, რაც ყველასთავის ძალიან სასიამოვნოა. ასე გაგრძელდება შემდგომ პერიოდშიც. ჩვენი ქვეყანა ასეთი ტემპით განვითარებას გააგრძელებს და წლიური შედეგი იქნება არანაკლებ 6%-ის. 

კრიზისული ფონის შექმნა, გარკვეულწილად, პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდებოდა, რომლითაც უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური მიზნების მიღწევა, მაგრამ ვხედავთ, რომ რეალობა სხვაგვარია. საბედნიეროდ, კრიზისი აქ გვაქვს და არც გვექნება. განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ვხედავ. 

მაშინ, როდესაც კრიზისზე საუბრობდნენ, ერთ-ერთ ფაქტორად ითვალისწინებდნენ იმას, რომ შეწყდებოდა ურთიერთობები, ხელი შეეშლებოდა თანხის შემოდინებას საქართველოში. ასევე, სირთულეები იქნებოდა ინვესტირების კუთხით და პრობლემები შეიქმნებოდა სავაჭრო ბრუნვაში. რეალურად, ამ სავარაუდო ფაქტორებმა არ მოახდინა უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და მშპ პროგრესირებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ. 

აქციების ახლაც მიმდინარეობს და პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციის დროს, არასახარბიელო მოლოდინი ჰქონდა სტატისტიკოსს გივი მომცელიძეს, თუმცა როგორც ახლა აცხადებს, მისი მაშინდელი პროგნოზი რეალობას არ შეესაბამებოდა. 

"სიტუაციის შესაფასებლად ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გვაქვს, ეკონომიკური ზრდა იქნება, ინფლაცია, თუ ტურიზმი, მაგრამ ყველაფერი არ არის ცნობილი, ბევრი მონაცემი არ არის ცნობილი. რა სტატისტიკური შედეგიც გვაქვს, იქ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ქვეყანა სერიოზულ კრიზისში შედის. 

ჯერჯერობით ყველა მონაცემი არ გვაქვს, თუნდაც ინვესტიციები როგორ იყო წლის პირველ კვარტალში. ასე რომ, რაღაც ვიცით, რაღაც არა და ზუსტი სურათის დასანახად ყველა მაკროეკონომიკური მონაცემები უნდა გვქონდეს ხელთ. ამისთვის კი გარკვეული პერიოდია საჭირო. 

აქციების გამო რაღაც პერიოდში იყო ვარდნა, შემდეგ ისევ გამოსწორდა ვითარება, თუმცა მერე რაღაც-რაღაცები კიდევ მოხდა. დასავლეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა, 1-2 თვეში არ გამოჩნდება, არამედ შეიძლება აისახოს თვეების ან 1-2 წლის შემდეგ. ზუსტი სურათის სანახავად ყველაფრის ცოდნაა საჭირო და გარკვეული პერიოდის ჩავლა. 

აქციების მიმდინარეობს პერიოდში ეკონომიკური მოლოდინი პესიმისტური მქონდა. მეგონა, უფრო იქნებოდა შეფერხება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად ვარ განწყობილი, მაგრამ რატომ უნდა მოვიტყუო? ჯერ მაინც დაველოდოთ დროის გასვლას და ყველა საჭირო მონაცემის გამოქვეყნებას, შემდეგ უფრო შევძლებს რეალობის დანახვას”, - განუცხადა გივი მომცელიძემ "რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×