ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ისედაც ძალიან დაბალ დონეზეა და ამიტომ სებ-ი მას კურსის სტაბილურობისთვის თითქმის ვეღარ გამოიყენებს
ქეთო გოგოხია
02.12.2024

საქართველოში  მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე  ძალიან უარყოფითად აისახა და ქვეყანაში დევალვაციის მძლავრი ტალღა დაიწყო. მართალია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი ჯერ კიდევ მწყობრშია და უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენა ეროვნულ ვალუტაზე არ მოქმედებს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაცვლითი კურსი მკვეთრ გაუფასურებას განიცდის. ,,ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2,90-იან ნიშნულს მიუახლოვდა, არჩევნებიდან დღემდე 14 თეთრით გაუფასურდა და სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.

თუკი ასე გაგრძელდება, სამომავლოდ, როცა პანიკა ჩაცხრება, ლარის გამყარება შეიძლება გაჭირდეს. ეროვნული ბანკის რეზერვები ისედაც ძალიან შემცირებულია და არის საფრთხე, რომ  ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდეს, რაც შემდეგში დომინოს პრინციპით სხვადასხვა მიმართულებაზე აისახება და ეკონომიკასაც დააზარალებს.

როგორი იქნება კურსი, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რისი მოლოდინიც ჯერჯერობით არასახარბიელოა. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დაძაბულობა შესაძლოა, ასე მარტივად და მოკლე პერიოდში ვერ ჩაცხრეს. 

შესაბამისად, როგორც  "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა  დავით კეშელავამ განაცხადა, ეროვნულ ბანკს გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდეს.

,,ძნელად შესაფასებელია, ლარის კურსი სამომავლოდ რას იზამს. ეს დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით წავა პროცესები, მოლოდინი კი სახარბიელო არ არის.  როგორც ჩანს, დაძაბულობა გაგრძელდება, ეროვნულ ბანკს კი გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა არ აქვს, ეს გამორიცხულია. ფიზიკურად აღარ არის საშუალება, თუკი პოლიტიკური ვითარება არ დაწყნარდება, უცხოური ვალუტის რა მარაგიც გააჩნია სებ-ს ლარის დასასტაბილურებლად არასაკმარისია. არსებული რეზერვები ლიკვიდურობისთვისაა განკუთვნილი და არა  კურსის გასამყარებლად. 

ალბათ, ინტერვენციები მაინც იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს ბაზრისთვის მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობის შესახებ, ამიტომ არ ვიცით, რა რაოდენობის დოლარი გაყიდეს ან იყიდება ყოველდღიურად. შესაბამისი ინფორმაცია გაუმჭვირვალეა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონასს" კეშელავამ.

მისი თქმით სავალუტო ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურება  დამოკიდებულია, როგორ გავითარდება სიტუაცია ქვეყანაში. წნეხი თუ ვერ მოიხსნა, გაუფასურების ტენდენცია არ  შეიცვლება.

,,კურსი სიმპტომივითაა, ეკონომიკაში მიმდინარე პროცხესებს ზედმიწევნით ასახავს. პროცესები კი განსაკუთრებით საშიშია და ამ ყველაფრის გამოძახილია სავალუტო ბაზარი. საშიშ პროცესში  ვგულისხმობ დასავლეთთან ურთიერთობის დამძიმებას, ფაქტობრივად, კავშირის გაწყვეტას, რაც ახლანდელი მთავრობის მიერ გაცხადდა და მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდშიც დიდ პრობლემას გამოიწვევს, რა თქმა უნდა, თუკი ეს ვითარება არ შეიცვლება", - დასძინა ჩვენთან საუბრისას მკვლევარმა.

როგორც ეკონომისტების აცხადებენ, ახლა ყველაფერი  პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, პროტესტი გაგრძელდება თუ უმოკლეს პერიოდშივე გაჩერდება.

საბანკო სფეროს ანალიტიკოსის, პროფესორ გოჩა თუთბერიძის პროგნოზი ლართან დაკავშირებით შედარებით მოკრძალებულია, თუმცა მანაც დაადასტურა, რომ ეროვნულ ვალუტას დიდი განსაცდელი ელის, თუკი დაძაბულობა და პროტესტი არ ჩაცხრება.  რამდენადაც ეკონომიკური პარამეტრები ჯერ კიდევ მწყობრშია, ამან შეიძლება, წნეხი ცოტათი შეამსუბუქოს.

,,ლარი ახლა მთლიანად პოლიტიკური პროცესების გავლენის ქვეშ იმყოფება. არჩევნების შემდეგ ძალიან მალე გამოიკვეთა  არასტაბილურობა, რამაც  გაუფასურება გამოიწვია და  რისკიც მაქსიმალურად არის გაზრდილი.  არჩევნების წინ ფსიქოლოგიურ წნეხს ლარმა გაუძლო, ამჟამად რეალობა საპირისპიროს აჩვენებს. 

მიუხედავად ყველაფრისა, ლარის კურსთან დაკავშირებით კატასტროფულ მდგომარეობას არ ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ  არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე  სრულიად  სტაბილურია. მთავარია, ეროვნულმა ბანკმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს კურსის გასამყარებლად და დროულ ინტერვენციებს მიმართოს, რა დონეზეც რეზერვები ეყოფა. ახლა  მკვეთრად გააქტიურდება უცხოური ვალუტაზე მოთხოვნა, რაც ლარისთვის დამატებითი წნეხია", - აღნიშნა ექსპერტმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ახლა მთავარია,  პოლიტიკური ვითარებაც დამშვიდდეს რაც ბოლო დღეების განმავლობაში, მთავრობის პოლიტიკური განცხადებების გამო კიდევ უფრო გაღრმავდა და საშიში სახე მიიღო. 

,,ექსცესები არის და ეს კურსის გაუფასურებისთვის დიდი სტიმულია. მოსალოდნელია, რომ საინვესტიციო ნაკადიც შემცირდეს და  რეზერვების  გატანის პროცესი დაიწყოს. ახლა ლარზე მთლიანად  ფსიქოლოგიური  ფაქტორების გავლენაა. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში როგორი ვითარება გვექნება, ეს უკვე დიდწილად მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული და იმაზეც, როგორ განვითარდება მაკროეკონომიკური პროცესები საქართველოში. ამ ეტაპზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია", - დასძინა გოჩა თუთბერიძემ.

"ბულმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე გუშინ ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.88 ლარს გადააჭარბა, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.81-ის კურსს 7 თეთრით აღემატება. ეს ზოგდად წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია. 2024 წლის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური ღირებულება 2.8690 ლარი იყო, რაც 14 ივნისს, პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღების შემდეგ დაფიქსირდა. ამჟამინდელი გაუფასურება კი ბოლო დღეების პოლიტიკუ დაძაბულობას უკავშირდება, რაც მწვავე საპროტესტო აქციებში გამოიხატა. თუკი ვითარება დამშვიდდბა, ეროვნული ვალუტა პოზიციებს ასევე სწრაფად აღიდგენს.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერმაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა.

„რაც შეეხება ლარის კურსს, ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით, მაგრამ იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში და იმის წინა აქციების შემთხვევაში. რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. 

რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არის დროებითი მოვლენა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც ძალიან მალე მოხდება, მაშინვე დაეტყობა ლარის კურსს.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×