ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასი ნახტომისებურად იზრდება
გვანცა წულაია
12.11.2024

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები იზრდება. `გალტ ენდ თაგარტში” ითქვა, რომ ნოემბრის პირველი კვირის მონაცემებით მატების ტემპმა 19-23% შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო პლატფორმაზე სტაბილურობას ელიან და არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა აირევა. 

"გალტ ენდ თაგარტის” 4-8 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე განთავსებული სამივე ქართული კომპანიის აქციების ღირებულება, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"საქართველოს ბანკის" ჯგუფის აქციები დაიხურა 45.75 ბრიტანული ფუნტი სტერლინგით, რაც 7.39%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით და 23.48%-ით მეტი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, 42.05-47.30 ბრიტანული ფუნტ სტერლინგის დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 92 ათასი აქცია შეადგინა.

"თიბისი ბანკის" ჯგუფის აქციები დაიხურა 30.60 ბრიტანული ფუნტი სტერლინგით, რაც 9.09%-იანი ზრდაა წინა კვირასთან შედარებით და 22.16%-იანი მატება გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 479 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, 27.95-31.40 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 93 ათასი აქცია შეადგინა.

"ჯორჯიან კაპიტალის" აქციები დაიხურა 11.40 ბრიტანული ფუნტი სტერლინგით. ეს ნიშნავს 8.78%-იან ზრდას წინა კვირასთან შედარებით და 18.87%-იან მატება გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, 10.40-11.56 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა.

საფინანსო ბაზრის მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ფინანსტ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა:

"რეზონანსი”: საერთაშორისო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ფასები იზრდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში საერთაშორისო პლატფორმაზე სტაბილურობას ელიან?

გიორგი ცუცქირიძე: სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მიმართულება, რაც ეკონომიკურ მოლოდინს განსაზღვარვს, არის სწორედ აქციების ფასი. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გარკვეული ნეგატიური მოლოდინი აისახება სავალუტო კურსზე, მაგრამ არანაკლებ მგრძნობიარეა აქციების ფასები, რომელიც ინვესტორთა განწყობის ინდიკატორია. თუ ინვესტორთა განწყობა პოზიტიურია, მაშინ, ბუნებრივია, რომ აქციების ღირებულება იზრდება, ხოლო, როდესაც მათ აქვთ გაურკვეველი მოლოდინი, მაშინ, პიქირით, ისინი ცდილობენ აქციები მოიცილონ, ანუ გაყიდონ. ეს კი მოთხოვნა-მიწოდებაში დისბალანსს წარმოქმნის და იწვევს ფასის ვარდნას. 

ახლა, ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და ბოლო დღეების გარემოება მიანიშნებს იმას, რომ ინვესტორთა განწყობა საქართველო ეკონომიკისა და პოლიტიკური პროცესებისადმი არის პოზიტიური, მიუხედავად სხვადასხვა სპეკულაციისა თუ მანიპულაციისა, რომელსაც ცალკეული საექსპერტო საზოგადოება თუ ოპოზიცია ახმოვანებს ხოლმე, მოსალოდნელ სანქციებზე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაყინვაზე და ა.შ. რასაც სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები მხარს უბამენ, თუნდაც თბილისში მყოფი რვა ქვეყნის ევროპარლამენტარი. 

ინვესტორებს იმის შიში რომ ჰქონდეთ, საქართველოში ტოტალურად გაყალბდა არჩევნები და ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამას ბუნებრივია, მშვიდად ვერ იქნებოდნენ და ნეგატიური პროცესებიც დაიწყებოდა. ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთი რამ არ ხდება. 

"რ”: წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნულ ბანკს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო რეზერვის გახარჯვა მოუწია ლარის კურსის სტაბილურობისთვის. რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სებ-ს ამ კუთხით?

გ.ც: როდესაც კურსის რყევა ერთჯერადია და არა ფუნდამენტური ფაქტორებისგან გამოწვეული, მაშინ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებული და სწორია, რომ სტრუქტურამ მოკლევადიანი რყევა დროზე ჩააცხროს და არ მოახდინოს ინფლაციური მოლოდინის გაუარესება. ამიტომ, სებ-ის პოლიტიკა მთლიანად გამართლებულია, მიუხედავად იმ ბრალდებისა თუ სპეკულაციისა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეკორდული რაოდენობის რეზერვი გახარჯა. 

კი ბატობო, 600 მილიონზე მეტი რეზერვი დახარჯა სებ-მა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ლიმიტი არსებობს?! ეროვნულმა ბანკმა როგორც დახარჯვა რეზერვები, ასევე შეუძლია მისი შევსებაც. 2025 წელს, მაგალითად, გაზაფხულზე, სებ-ს თავისუფლად შეეძლება რეზერვების შევსება. ამის არანაირი პრობლემა არ არის.

"რ”: წლის ბოლომდე რა შუალედში ელოდებით ლარის გაცვლით კურსს?

გ.ც: ბიუჯეტის დეფიციტი არის შემცირებული და პიქირით, ნამატი, დაგეგმილთან შედარებით, 700 მილიონით არის გაზრდილი. ეს პირველი ფაქტორია, რაც კურსზე მოახდენს დადებით გავლენას. მეორე ფაქტორი კი ეკონომიკური ზრდაში გამოსახება. ჩვენ 9-10%-იანი მატებას ვპრგნოზირებთ. მესამე გარემოება კი წინასაახალწლო გარემოებაა, ამ დროს მოსხლეობა დოლარს ცვლის ლარში, რადგან იყიდოს პროდუქცია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე ართუ სტაბილური იქნება, არამედ გამყარდება კიდევაც. 

"რ”: თბილისში ევროპარლამენტარების ჩამოსვლა ახსენეთ, ამის პარალელურად ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს და აქციებს აწყობს. ასეთი პოლიტიკური სიტუაცია ეკონომიკაზე თუ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას?

გ.ც: საქართველოში ევროპარლამენტარების ჩამოსვლა გასაგებია. ისინი ცდილობენ, რომ თავიათ ფავორიტებს - ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ და 1-2 განცხადებაც გააკეთონ, რომ საპროტესტო მუხტი როგორმე გააცოცხლონ ან შეინარჩუნონ, მაგრამ ეს ეკონომიკისთვის არ არის გადამწყვეტი, რადგან საქართველოს საკმაოდ სტაბილურად განვითარებადი ეკონომიკა აქვს და არ ირყევა ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე. ასეთი განცხადება შესაძლოა, მილიონი გაკეთდეს. ქვეყნის შიგნით აქციებიც ტარდება, ქუჩებიც იკეტება, მაგრამ, როდესაც ეკონომიკა მყარი და მდგრადია, ასეთი ფაქტორები არ მოქმედებს ეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის აღარც სავალუტო კურსზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×