ჯერ ზამთარი არ დამდგარა და კრიპტომაინინგის გამო რეგიონს დენი ვეღარ მიეწოდება
გვანცა წულაია
12.11.2024

ზამთარი ჯერ არ დამდგარა, თუმცა სვანეთში პრობლემები უკვე შეიქმნა. საუბარია კრიპტოვალუტის მაინიგზე, რის გამოც, რეგიონში დენის არანორმალური მოხმარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ციფრული ვალუტის აპარატების გამო, მესტიაში პრობლემა ყოველწლიურად მზარდია და სიტუაცია უკვე ჩიხშია. ენერტეგიკოსები და ეკონომისტები სხვა გზას ვეღარ ხედავენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ელექტროენერგიაზე გადასახადიუნდა დაწესდეს. 

გუშინ მესტიის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მაინინგის გამო სვანეთს უკვე პრობლემები უკვე შეექმნა. 

ირკვევა ისიც, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება და მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის დენის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

„კრიზისულად გაზრდილი დატვირთვის გამო, ამ ეტაპზე ტრანსფორმატორი გათიშულია, მისი გადაწვის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა. მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება“, - წერია განცხადებაში.

კრიპტოვალუტის მოპოვების გამო ელექტროენერგიის პრობლემა მესტიაში არახალია. 2021 წელს მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს გათიშავდნენ, თუმცა ფაქტია, რომ საკუთარ სახლში გიგანტურ კომპიუტერებს მაინც ამუშავებენ. 

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

"სადაც ჭარბი მოხმარება იქნება, იქ გაითიშება დენი, რადგან სამწუხაროდ, ტრანსფორმატორები ვერ უძლებს, ბოლოს აფეთქდება და მთლად სიბნელეში აღმოვჩნდებით.

„ენერგო-პროსთან“ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ, ინფორმაციას გვაწვდიან. დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო ასეთი გაზრდილი მოხმარება. წინასაარჩევნოდ შეხვედრებზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას და ვაფრთხილებდით კიდეც, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. 

სამწუხაროდ, ნაწილმა არ შეისმინა და კვლავ გააგრძელა. დაფარული არაფერი არაა, მაქსიმალურად გახსნილად ველაპარაკებით მოსახლეობას, ეს ჩვენს განცხადებასაც ეტყობა“, - თქვა მესტიის მერმა "ბიზნეს მედია ჯორჯიასთან”. 

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ადასტურებენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვეთრად გაზრდილი მოხმარების გამო, მესტიის 2 თემში ტრანსფორმატორი გათიშულია.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არ არის ავარიული გამორთვა და ის გაზრდილმა დატვირთვამ გამოიწვია. ფაქტია, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.

„საუბარია ჭუბერზე. ამ ტრანსფორმატორიდან რომელი ფიდერიც იკვებება, აბონენტების იმ ნაწილს აქვს შეზღუდვა (ელექტროენერგიის მიწოდებაზე).

ჩვენ არ გვაქვს ავარიული გამორთვა. გაზრდილი დატვირთვის გამო ითიშება, ანუ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს“, - განმარტეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ სიტუაციაში მესტიის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე გადასახადის შემოღებაა გამოსავალი, რაშიც მურმან მარგველაშვილის აზრით, სახელმწიფო გამანაწილებენ კომპანიებს უნდა დაეხმაროს. 

"გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ჩვეულებრივ გადახდის დისციპლინა უნდა არსებობდეს და შემდგომ მოწესრიგდეს თანხის ამოღება. ეს არის და ეს. იქ აღრიცხვა და გადახდა არის მოწესრიგებული. 

ახლა სახელმწიფომ მესტიაში წესრიგის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ ამბავს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს და გამანაწილებელ კომპანიას დაეხმაროს, რომ მესტიაში ეს ამბავი მოგვარდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” მურმან მარგველაშვილმა. 

იგივე მოსაზრება აქვს ეკონომისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უფასო ელექტროენერგიამ გამოიწვია. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის გამო ზარალდება, რეგიონი და იქ მცხოვრები მოსახლეობა. 

"შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია. რასაც ვიტყვი, ეს საკმაოდ არაპოპულალური იქნება, მაგრამ ამ რეალობაში სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ეს არის სუბსიდიის ჩახსნა და ჩვეულებრივ მთელი რეგიონის იმ ტარიფზე გადაყვანა, რასაც მთელი საქართველო ვიხდით. სხვა გამოსავალი არ ჩანს, რადგან ეს პრობლემა ახალი არ არის და არა და არ დაესვა წერტილი. 

იქამდე მივედით, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი გამოვიდა და განაცხადა, რომ გაითვალისწინეთ ეს ამბავი, თორემ უშუქოდ დავრჩებითო. ეს უკვე არასერიოზული ვითარებაა. სახელმწიფო ვართ და რაღაცაზე პრეტენზია გვაქვს, ამ დროს ასეთი საკითხები თხოვნებით არ უნდა წყდებოდეს. პირობითად, მე და თქვენ რომ არ გადავიხადოთ ელექტროენერგიის გადასახადი, არავინ არაფერს არ გვთხოვს, იმ წუთში მოვლენ და დენს გაგვითიშავენ. 

მესმის, მაღალმთიანი რეგონია, მაგრამ მესტიაში უკვე შეიქმნა საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია, რომელიც არა მხოლოდ ამ რეგიონს უქმნის პრობლემას, არამედ სხვებსაც - იმ გადასახადს ჩვენ ვიხდით. ეს სადამდე უნდა გაგრძელდეს?

რამდენიმე ათეული არაკეთილსინდისიერი ადამიანის გამო ზარადება, ერთი მხრივ, ძალიან ლამაზი რეგიონი, იქ მცხოვრები მოსახლეობითურთ და, მეორე მხრივ, მათ ბიზნეს ინტერესებს ვაფინანსებთ ჩვენი ჯიბიდან. ეს კი, რა თქმა უნდა, არც ნორმალურია, არც ჯანსაღი და არც სამართლიანი”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×