
არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნეკლებად სტაბილურია. ამ ეტაპზე, არ არსებობს ისეთი მოცემულობა, რაც ეკონომიკას სამომავლოდ პრობლემას შეუქმნის. ამას ადასტურებენს, როგორც ანალიტიკური ცენტრები, ისე ეკონომისტთა ნაწილი. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია, რაც ეკონომიკაზე ცუდ გავლენას მოახდენს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე ოთხი დღე გავიდა და ქვეყანაში არც პოლიტიკური ვნებათაღელვა შეინიშნება და შესაბამისაც, არც ეკონომიკური ფონი გაუარესებულა. ასეთია ანალიტიკოსების დიდი ნაწილის მოსაზრება. მაგალითად, "გალტ ენდ თაგარტში” მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და ამიტომ არ შეიცვლება ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა.
საინვესტიციო ბანკის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდგომ განვითარებული მოვლენებია შეჯამებული, ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ, საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე სარგებლის განაკვეთი 60 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაის-ივლისის პერიოდში.
ამასთან, საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ ლარის კურსი სტაბილური დარჩა, წინასაარჩევნო კვირაში კი ცენტრალურმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
"გალტ ენდ თაგარტი” მიუთითებს, რომ მისი პროგნოზი უცვლელია. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში მიმდინარე წელს - 9%-იან, ხოლო 2025 წელს 6%-იან ზრდას ელის.
"ჩვენ ვინარჩუნებთ მშპ-ს პროგნოზს 2024 და 2025 წლისთვის და მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას", - აღნიშნავენ "გალტ ენდ თაგარტში”.
რაც შეეხება ეკონომისტების შეფასებას, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ეკონომიკას ანარაინი პრობლემა არ ელის. როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის წევრმა ბაჩო ჯინჭარაძემ განაცხადა, სამომავლო სიტუაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დოზით იქნება პოლიტიკა ეკონომიკაში შეზავებული.
"პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ ის, რომ არჩევნებამდე საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვქონდა. ეკონომიკური პარამეტრები მუდმივად იზრდებოდა. ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც, მაგრამ ყოველი არჩევნები, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმერ ქვეყანაში, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. მაგალითად, წნეხი იზრდება ეროვნული ვალუტის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა აქვს წინასაარჩევნო გარემოს.
რაც შეეხება შემდეგომ მოცემულობას. ნათქვამია, რომ პროგნოზის გაკეთება ცოტა უმადური საქმეა და მართალია კიდეც, თუმცა როდესაც პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. გააჩნია, რა დოზით იქნება შეზავებული პოლიტიკა ეკონომიკაში. ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად თუ რაიმე სახის სანქციები შეიძლება მოჰყვეს ჩატარებულ არჩევნებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე გარკვეული ზეგავლენა იქნება. მით უმეტესს, ჩვენ პატარა ეკონომიკა და პატარა ქვეყანა გვაქვს, თუმცა ჯერ არსებითად რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი არ თქმულა, რისი მიხედვითაც ვივარაუდებთ, რომ ეკონომიკა ცუდი მიმართულებით წავა.
ამ ეტაპზე რაიმე დრამატული სურათის დახატვა არ იქნება სწორი. სჯობს, დაველოდოთ მიმდინარე მოვლენებს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც უნდა აღიარონ ჩვენი არჩევნები. მიმდინარე ეტაპზე, რაიმე ცვლილება არ შეიმჩნევა, ეკონომიკა ჩვეულებრივად მუშაობს”, - განაცხადა "რეზონანსთან" ბაჩო ჯინჭარაძემ.
დღევანდელ მოცემულობაში ეკონომისტების მოსაზრება ორად იყოფა. ექსპერტთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, რასაც ეკონომიკაზე ექნება ასახვა. ასეთი მოსაზრება აქვს სტატისტიკოს გივი მომცელიძეს და მიაჩნია, რომ პოლიტიკური მდგომარეობა აფრთხობს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ინვესტორს და ტურისტსს.
"ჩემი მოსაზრებით, პოლიტიკური გარემო ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის. ვნებათაღელვის პროცესი არ დასრულებულა. ერთ მხარეს არის პარტია, რომელიც აღნიშნავს გამარჯვებას და თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა, მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გამო არ შედის პარლამენტში. პლუს არის საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის უდიდესმა ნაწილმა გამოთქვა შეშფოთება, რომ არჩევნები არ არის კარგად ჩატარებული. გარდა რამდენიმე მეზობლისა, რომლებიც დიდად დემოკრატიულობით არ გამოირჩევნიან.
ამ ყველაფრის შესაბამისად, ჩემი აზრით, პოლიტიკური დაძაბულობა ისევ გრძელდება, რაც, რა თქმა უნდა, აფრთხობს მოქალაქეებს, რადგან რისკის ხედავენ. ასევე აეჭვებს პოტენციურ ინვესტორს, ტურისტს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველოსთან აქვს რაიმე ეკონომიკური კავშირი. შეუძლებელია, ამ სიტუაციამ მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში რაიმე ასახავა არ მოახდინოს ეკონომიკაზე. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი, რა მოხდება, არავინ არ იცის.
წინასაარჩევნო პერიოდში რეზერვების ამ რაოდენობით დახარჯვა სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია. ლარის კურსის ცვლილებას დიდად ვერ ვამჩნევდით, 2.70-დან 2.75-მდე გაუფასურდა. ეს დიდი არაფერი რყევა არ არის, მაგრამ ამისთვის, რეზერვების ძალიან დიდი რაოდენობა დაიხარჯა.
წარმოიდგინეთ, წინასაარჩევნოთ ასეთი მდგომარეობა იყო და შემდეგ რა იქნება, როცა არ დაწყნარებულა სიტუაცია. ისევ დოლარების გამოტანა მოუწევს სებ-ს, მაგრამ სულ ხომ არ დახარჯავს? ჯერ ისევ ბევრი რეზერვი გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი ტემპით ვხარჯეთ, შესაძლოა, რამდენიმე თვეში საერთოდ ნულამდე დავიდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” გივი მომცელიძემ.