
არჩევნებიდან პირველსავე დღეს, ლარის კურსის მკვეთრი გამყარება შეინიშნება. სავალუტო ბაზარზე აბსოლუტური სტაბილურობაა, რაც ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება. როგორც ფინანსისტები მიანიშნებენ, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვაც კი დაიწყოს ბაზარზე, რათა ლარის მკვეთრად გამყარების პროცესი შეაჩეროს და რეზერვებიც შეავსოს.
უკვე გამოიკვეთა, რომ არჩევნების შემდეგ ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ, ხოლო როგორი იქნება იგი საშუალო და გრძელოვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რისი მოლოდინიც ჯერჯერობით პოზიტიურია. რაიმე გართულება ეკონომიკას არ დაემუქრება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ელის, რომ გაურკვევლობა არ გაგრძელდება და შემდეგ პერიოდში ქვეყანაში მშვიდობა იქნება, მათ შორის ლარის კურსთან მიმართებითაც. პროგნოპზი პოზიტიურია - არჩევნების შემდეგ დადებითი ტენდენციები იქნება და კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ გაურკვევლობა არ გაგრძელდება. მე მგონი ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა არჩევნებით, ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ქართველმა ხალხმა. მოსახლეობამ მისცა მანდატი ხელისუფლებას. არჩევანი გაკეთდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ეკონომიკური განვითარებისთვის.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიდგომებს, სრულად მინდა მხარი დავუჭირო მის პასუხისმგებლიან პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილებები იყო აუცილებელი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როდესაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა. იყო წნეხი სწორედ ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის, არჩევანის გაკეთებამდე, ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ, ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა. პირიქით, იქნება სიცხადე და დადებითი ტენდენციები", - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ რეზერვის ფუნქცია სწორედ ასეთი როლის შესრულებაა, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ შოკის და გამოწვევების დროს.
პოზიტიური განწყობა იგრძნობა ფინანსისტებშიც. საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ არჩევნებიდან ძალიან მალე გამოიკვეთა ლარის სტაბილურობა, რაც დიდ იმედს იძლევა და გაუფასურების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, ეკონომიკური პარამეტრები მწყობრშია და არ უნდა გამოიწვიოს ტენდენციიდან გადახრა. ბევრი რამ პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, პროტესტი გაგრძელდება თუ რამდენიმე დღეში გაჩერდება.
,,საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება ლარი, რაც არჩევნების შემდგომი პერიოდის კვალობაზე, საუკეთესო შედეგია. ცოტა არ იყო, ნეგატიური მოლოდინი სჭარბობდა, მაგრამ რეალობამ საპირისპირო აჩვენა. ლარის კურსთან დაკავშირებით წლის ბოლომდე რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ ველოდები. არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე ჯანსაღად გამოიყურება. მთავარია, ეროვნული ბანკი ყველა შესაძლებლობას იყენებს კურსის გასამყარებლად და დროულდინტერვენციებს მიმართავს. არ მგონია, რომ გაცვლით კურსს რაიმე დაემუქროს.
ველოდები, რომ უახლოეს მომავალში ლარი კიდევ გამყარდება. არჩევნების შემდგომ აქტივობისათვის განკუთვნილი ფულის დიდი ნაწილი სწორედ ახლა იხარჯება, პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ ფულის ხარჯვა, შესაბამისად, მნიშვნელოვანი წილი უცხოური ვალუტისა გადახურდავდება ეროვნულ ვალუტაში. ინტერვენციები გააქტიურდება, ანუ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე იმუშავებს.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გაუფასურების საფუძველს, მით უფრო, რომ ინფლაცია დაბალია, მატება არ შეიმჩნევა. ამასთან, ეკონმომიკური ზრდა საშუალოზე მაღალია, ეს კი დიდ როლს ასრულებს ვალუტის სტაბილურობისთვის.
რაც შეეხება ფულადი ტრანსფერების მოძრაობას, რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებითაც არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და ფულადი ნაკადები აქტიურად შემოედინება. ამდენად, არ არის მიზეზი, რამაც შეიძლება კურსზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ფინანსისტმა.
თუთბერიძის აზრით, ახლა მთავარია, პოლიტიკური ვითარებაც დამშვიდდეს და მოიხსნას დაძაბულობა, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გაჩნდა და გარკვეული პროტესტიც გამოიწვია. სამომავლოდ კი კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია, რამდენად არაძალადობრივი სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში, ხოლო ამის ნიშნება ჯერჯერობით არ იკვეთება და რისკიც ნაკლებადაა.
,,ექსცესები არ არის და ეს კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ინვესტორებსაც დააფრთხობს და შეიძლება რეზერვების გატანის პროცესს სტიმული მიეცეს.
ჯერ კიდევ არის ფსიქოლოგიური ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა, მაგრამ მცირე დოზით, ამიტომ ეკონომიკურ სტაბილურობაზე გავლენას ვერ ახდენს. სხვა არაფერი მეტყველებს, რომ ეროვნულ ვალუტას ახლო მომავალში რყევა ექნება. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში როგორ მოიქცევა ლარი, ეს უკვე დიდწილად მაკროეკონომიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
როგორც ექსპერტები ფიქრობენ, თუკი მომავალში სიტუაცია დაიძაბება, ეს უფრო ხელოვნურად იქნება შექმნილი და ისეთ გაგრძელებას არ ჰპოვებს, რამაც შეიძლება სავალუტო ბაზარზე პრობლემა შექმნას. ასე ფიქრობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის შეფასებითაც, მცირე ინტერვენციების მეშვეობით ეროვნული ბანკი მომავალშიც შეძლებს სტაბილურობის შენბარჩუნებას და ეკონომიკას ამ მხრივ საფრთხე დაემუქრება.
,,რასაც ვუყურებ, არ არის ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რომ ეკონომიკაში რაღაც საგანგაშო იყოს, თუმცა, რასაკვირველია, ლარის უმნიშვნელო ვარდნა იქნება. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ამ სიტუაციას დაარეგულირებს, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მთავარია, რაღაც აქტიური ქმედებები დაიწყოს მთავრობამ, პერსპექტიული საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემას.
სავალუტო ნაკადები აკლია ეკონომიკის რეალურ სექტორს, ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენი ქვეყუნის მთავრობის ინიციატივებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე. ეს მიმართულება თუ განვითარდება, ჩვენ არც ლართან დაკავშირებით გვექნება პრობლემა.
სებ-ს მცირე ინტერვენციების მეშვეობით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება არ გაუჭირდება. ამით აიხსნება დადებითი მოლოდინი ეკონომიკაში, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით სტაბილურობაა, მაგრამ რაკი ლარის კურსზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, სავალუტო ბაზარზე პრობლემა მოსალოდნელი არ არის. აჟიოტაჟი უფრო ხელოვნურად შექმნილია, მეტი არაფერი ხდება", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.