
"რთველი 2024" დასრულდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა სწორება ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტზეა, რაც ასევე წარმატებით ხორციელდება. დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ქართული ღვინოს ცნობადობა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე იზრდება, რასაც უცხოელი პარტნიორები თამამად აღიარებენ. უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისთვისაც, რომ ქართველი მეღვინეები წარმატებით წარდგნენ გლობალურ გამოფენებზე და გაყიდვების არეალი გააფართოონ.
წლევანდელი მოსავალი უკვე დათვლილია და აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის 320 ათას ტონამდე ყურძენი დაბინავდა, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალმა 400 მლნ ლარს მიაღწია, რაც ასევე არის რეკორდული მაჩვენებელი. მოსავალი ღვინის საწარმოებს 21 300-ზე მეტმა მევენახე-ფერმერმა ჩააბარა.
აქედან, საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში კახეთში გადამუშავდა 288 ათას ტონამდე და ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 364 მილიონ ლარს მიაღწია. მევენახეობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმში მევენახეების შემოსავალმა 20 მლნ ლარს მიაღწია, სადაც ჯამურად გადამუშავდა 2,8 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
,,რთველი 2024"-ის მიღწევები საქართველოს მთავრობაშიც შეფასდა. როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წლევანდელი რთველი ძალიან წარმატებული იყო და დაფიქსირდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები, რისთვისაც მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსა და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მოსავალი ღვინის საწარმოებს 21 3000-ზე მეტმა მევენახე-ფერმერმა ჩააბარა. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 300 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 400 მილიონ ლარს მიაღწია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მევენახისთვის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ განვახორციელეთ სუბსიდირება, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, მოსავლის დროულად დაბინავებას და გაიზარდა ჩვენი ფერმერებისა და გლეხების შემოსავალი. რთველის საორგანიზაციო შტაბმა უზრუნველყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება.
ჯამში, 600 კომპანია იყო ჩართული ღვინის ჩაბარების პროცესში. მათ შორის, როგორც ღვინის მსხვილი მწარმოებლები, ისე საშუალო და მცირე მარნები. 2024 წლის მოსავალი, ასევე, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და, შესაბამისად, მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც გამორჩეული, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად ხარისხიანი იქნება. ეს არის ჩვენი ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარებაც პირდაპირაა დაკავშირებული, ზოგადად, ქართული სოფლის გაძლიერებასთან და ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
დარგის მხარდაჭერა საექსპორტო მაჩვენებლებზეც შთამბეჭდავად აისახა. გაზრდილია როგორც ექსპორტის მოცულობა და შემოსავლები, ასევე წლიდან წლამდე მატულობს იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ქართული ღვინო გადის.
არსებული მონაცემით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 68 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73,6 მლნ ლიტრი, 214,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 9%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 11% შეადგინა.
საექსპორტო ბაზრების დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, პირველ ადგილზე პოლონეთია, სადაც 12%-იანი (4,5 მლნ ლიტრი) ზრდა ფიქსირდება; გერმანიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 30%-ს (1 მლნ ლიტრი) შეადგენს; აშშ-ში 66%-ია (994 ათასი ლიტრი); ლიეტუვას შემთხვევაში - 3% (480 ათასი ლიტრი).
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთ, ზრდა 19%-ს შეადგენს (245 ათასი ლიტრი), თურქეთში - 44% (334 ათასი ლიტრი)-ია, კანადა - 16% (154 ათასი ლიტრი), ხოლო სამხრეთ კორეას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 50%-ს (68,5 ათასი ლიტრი) შეადგენს.
როგორც ირკვევა, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 65% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით 210 მლნ-მდე აშშ დოლარია (ზრდა 61%) მიღებული.
ასეთი მიღწევების საფუძველი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გატარებული ღონისძიებებია, რასაც სახელმწიფო ქართველი მეღვინეების დახმარების მიზნით ატარებს და ხელს უწყობს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა ქვეყნისა გარეთ გაიზარდოს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.
სულ იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 27 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე და 80 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, რომლებშიც სულ ჯამურად ქართული ღვინის კომპანია 150 კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა და ლატვია.
ამასთან ერთად, საქართველოში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი 12 გამოფენასა და ფესტივალზე, 12 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით 14 ღვინის ტური გაიმართა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული კონკურსი, რომლის მხარდამჭერიც ღვინის ეროვნული სააგენტოა.
კონკურსში მონაწილე 13 სომელიედან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა. ის საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად შეირჩა.
კონკურსის ჟიურის წევრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას შეფასებით, კონკურსი ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
„კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის ხარისხზე, მის კულტურასა და ისტორიაზე. ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურის დასანერგად, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
თავის მხრივ, მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ხეცურიანმა და განაცხადა, რომ ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება.
,,კონკურსი ს მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს მსოფლიო ღვინის სცენაზე. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს“, - აღნიშნა ხეცურიანმა.
ქართული ღვინის მხარდამჭერ წლევანდელ ღონისძიებებს შორის გამოსარჩევია რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გურჯაანში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრნენ.
„გურჯაანის ფესტივალი კარგი პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის როგორც წარმოების, ასევე ცნობადობის ზრდას; შესაბამისად, მზარდია ექსპორტის მაჩვენებლებიც”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარდა ამისა, რთველი 2024-ის დღეებში, საქართველომ უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა. ისინი საქართველოს პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ეწვივნენ. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR ორგანიზებით, პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და კომპანიის People PR წარმომადგენლები იყვნენ. სტუმრებმა კახეთის რეგიონში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ ღვინოებს. სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.
რაც შეეხება სტუმრებს დიდი ბრიტანეთიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.
ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 245 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.
რაც შეეხება პოლონეთს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
ამდენად, ,,რთველი 2024" როგორც მოსავლის რაოდენობით, ასევე ექსპორტისა და მარკეტინგული ღონისძიებების თვალსაზრისითაც, აშკარად გამორჩეულია.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წელს მოსავლის დაბინავება როგორც კახეთში, ისე რაჭა ლეჩხუმში ნაადრევად დაიწყო, კახეთში 13 აგვისტოდან, რაჭაში 23 სექტემბრიდან და ლეჩხუმში 4 ოქტომბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში და რაჭაში რთველის პიკური პერიოდი დროში ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც იყო უპრეცედენტო მოვლენა, საორგანიზაციო შტაბის მიერ უზრუნველყოფილი იყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჯამში ჩაერთო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს, რთველის შტაბი უწევდა კოორდინაციას.
