"თუნდაც აქციების პირობებში არანაირ კატასტროფას და კურსის სერიოზულ რყევას არ ველოდები”
გვანცა წულაია
23.10.2024

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 173 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალება და ლარის კურსის სტაბილურობაა. გუშინდელი ინტერვენცია ოქტომბრის თვეში რიგით მესამეა, არჩევნებამდე კი - ბოლო. 

ეროვნულმა ბანკმა გუშინ აუქციონზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა და როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდისთვის სავალუტო ბაზარზე დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციისთვის არის მიღებული.

"სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას.

ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა აძლიერებს ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან კურსზე მომდინარე ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში სებ-ი ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოლოდინის მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება.

მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.2%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს”, - წერია სებ-ის განცხადებაში.

გუშინ განხორციელებული 60 მილიონ დოლარიანი ინტერვენცია ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც 173.4 მილიონი დოლარია. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია.

წინა ინტერვენციები 64.9 მილიონი დოლარის და 48.5 მილიონი დოლარის ოდენობით 8 და 16 ოქტომბერს განხორციელდა, შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ნეგატიური სავალუტო მოლოდინის მართვა სებ-ს უკვე 173 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში აუქციონების გზით გაყიდული თანხა (166.7 მლნ).

მთლიანად, 2024 წლის 10 თვეში სებ-მა ინტერვენციების გზით უკვე 342 მილიონი დოლარი გაყიდა. კონკრეტულად გუშინდელი ინტერვენცია მთელ წელში რიგით მეექვსეა, ხოლო უშუალოდ ოქტომბერში - მესამე.  

ინტერვენციების მიზანზე ისაუბრა ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და განაცხადა, რომ არჩევნაბამდე და შემდგომი 2-3 დღეც ლარის კურსი სტაბილური იქნება. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან გაღებული ინტერვენციები უკავშირდება ლარის კურსის სტაბილურობას. არაერთხელ განვაცხადებთ, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება, ლარის კურსს ელოდება ძალიან დიდი გამოცდა. დღეს, საქართველოში არსებული სიტუაცია ასე თუ ისე დაძაბულია, ინვესტორებს თავიანთი თანხების გატანა სურთ ქვეყნიდან და ხდება საზღვარგარეთ გადარიცხვები. 

რადგან დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა, ეროვნულ ბანკს გამოაქვს დოლარი იმისთვის, რომ ბაზარზე რყევა არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იციან, რომ დაიწყება ფასების ზრდა პროდუქტებსა და მომსახურებაზე. 

არჩევნებამდე ლარის კურსი შენარჩუნდება. 26 ოქტომბრის შემდეგ, 2-3 დღეც, სავარაუდოდ, მოახერხებენ კურსის დაჭერას და მერე რა მოხდება, ამას ვერ გეტყვით, რთული სათქმელია მოვლენები როგორ განვითარდება. 

ქვეყნიდან დოლარის გატანა ასე ერთიანად არ ხდება, ფული ეტაპობრივად გადის. ავიღოთ სამშენებლო სექტორი. ჩათვალეთ, რომ რა ბინებიც იყიდება, ეს ფული ხურდავდება და ინვესტორს ნელ-ნელა გააქვს ქვეყნიდან. პროცესები ისე არ ვითარდება, რომ ყველამ ერთდროულად გაიტანოს თანხა”, - განუცხადა "რეზონანსს” შენგელიამ. 

ინტერვენციების შედეგად ეროვნულმა ბანკმა საარჩევნო პერიოდში კურსის დასტაბილურება მოახერხა. წინა კვირებში ერთგვარი რყევა შეიმჩნეოდა, რაც ბაზრისთვის დოლარის მიწოდებით გაანეიტრალა სებ-მა.  

არჩევნების შემდეგ გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას არ ელოდება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე. მას მიაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში სებ-ს საკმარისი საერთაშორისო რეზერვი გააჩნია, რითაც ბაზრის დასტაბილურებას შეძლებს. 

"ინტერვენციების მთავარი მიზანი არის იმ აჟიოტაჟის ჩაცხრობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას ბაზარზე ან წამორიშვას გარკვეული მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს კურსზე ზეგავლენა. როდესაც ბაზრისთვის დოლარის მიწოდება ხდება, კომენტარიც კეთდება, თუ რა შეიძლება იყოს ინტერვენციის მიზეზი. ოქტომბერში ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მსხვილი ტრანზაქციების ზეგავლენა სავალუტო ბაზარზე. 

ბუნებრივია, რომ როდესაც გარკვეული სახის მოთხოვან წარმოიქმნება დოლარზე, მან შეიძლება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაარღვიოს და კურსზე მოახდინოს გავლენა, მით უმეტესს თუ სიტუაცია არის გაურკვეველი მოლოდინისკენ გადახრილი. მაგალითად, საპროტესტო გამოსვლები ან მსგავსი დაძაბულობა, ისედაც მოქმედებს კურსზე და ასეთ დროს სებ-ი ერევა ბაზარზე, რადგან დროზე აღკვეთოს ნეგატიური მოლოდინი და დაასტაბილუროს მოთხოვნა-მიწოდება. 

გვახსოვს, რომ გაზაფხულზეც განახორციელა სებ-მა ინტერვენციები, როდესაც გამოსვლები იყო, კანონის მიღების გამო. ოქტომბერში საპროტესტო აქციები არ არის, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდია და ეს ამ დროს ყოველთვის არის ხოლმე უფრო მაღალი პოლარიზაციის მაჩვენებელი, რაც მოლოდინზე ახდენს ზეგავლენას, თუმცა მთავარი მაინც არის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევა, რაც უკავშირდება მსხვილ და ერთჯერად ტრანზაქციებს. 

რაც შეეხება 26 ოქტომბრის შემდგომ პერიოდს, როდესაც არჩევნების ელექტრონულად ტარდება, უფრო დიდი მოლოდინი არსებობს მისი  ობიექტურობის, ვიდრე რაღაც მაქინაციების. ელექტრონული ფორმა პრონციპიში გამორიცხავს კიდეც გაყალბების ან მსგავსი ქმედების შანსს, ამიტომ შედეგი მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისათვის. დარწმუნებული ვარ ცალკეული ჯგუფები ეცდებიან რადიკალიზაციას, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს სტაბილურობისთვის. 

ვიცით, რომ გაურკვეველი მოლოდინი, დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია კურსზე ახდენს გავლენას, ამ დროს ეროვნულ ვალუტაზე წნეხი ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა იყოს, ეროვნულ ბანკს საკმარისი საერთაშორისო რეზერვი აქვს, რომ თუნდაც აქციების პირობებში დაასტაბილუროს ბაზარი. ასე რომ, არანაირ კატასტროფას და კურსის სერიოზულ რყევას არ ველოდები”, - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×