
სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ყველა მისი პროექტი სექტორის წინსვლასა და ფერმერული მეურნეობების დახმარებაზეა ორიენტირებული. სულ ახლახან სააგენტომ დამატებით ახალი პროგრამები დაიწყო, რომლის მიზანიც სასათბურე მეურნეობების, მეფუტკრეობის და სარწყავი სისტემების განვითარებაა.
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსის თორნიკე კაპანაძის განცხადებით, ახალი პროგრამის საბოლოო მიზანია, რომ სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და სასურსათო უსაფრთხოება მაღალ დონეზე უზრუნველყოს.
"რეზონანსი" დაინტერესდა თითოეული პროგრამის პირობებით. მეფუტკრეობის განვითარება მიზნად ისახავს ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობას, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადობის ზრდას, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.
,,ახლახან დავიწყეთ ახალი პროგრამები. ერთ-ერთია მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 50%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს უფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, 5000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა) ჰყავს, ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა განაცხადის გაკეთების მომენტისთვის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
იმისთვის, რომ ბენეფიციარმა შეძლოს პროგრამით სარგებლობა, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) ჰქონდეს დარეგისტრირებული. განაცხადების მიღება დაწყებულია და უკვე 200-ზე მეტი განაცხადია შემოსული", - აღნიშნა თორნიკე კაპანაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
რაც შეეხება ირიგაციის პროგრამას, იგი სახელმწიფოს სახსრებითა და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მისი გავრცელების არეალი შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონს მოიცავს, კონკრეტულად იმ ლოკაციებს, სადაც მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ირიგაციის მიმართულებით პროგრამა ხორციელდება. პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა.
,,კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მიბმულია საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებს ვაფინანსებთ. კერძოდ, დაფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა. ამ ეტაპზე კი პროგრამა ვრცელდება ორ ლოკაციაზე: შიდა ქართლის შემთხვევაში, გორის და ქარელის 10 სოფელს, კახეთში კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მოიცავს.
ახლახან დავიწყეთ განაცხადების მიღება და ყველა დაინტერესებულ ფერმერს შეუძლია ჩაერთოს. ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 ლარით განისაზღვრება. ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ. აუცილებელი პირობაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად იყოს რეგისტრირებული ან სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით ჰქონდეს მიღებული", - განმარტა თორნიკე კაპანაძემ.
რაც შეეხება სასათბურე მეურნეობის განვითარების პროგრამას, მისი მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის არასეზონურ პერიოდში.
,,სასათბურე მეურნეობის განვითარების მიმართულებით საკმაოდ მსხვილი პროგრამა ხორციელდება. სათბურისთვის, თუ მეწარმემ აიღო სესხი, 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე, 30%-ს გრანტის სახით ვაფინანსებთ. პროგრამა ძირითადად მსხვილ ბიზნესზეა გათვლილი. რამდენადაც ბანკებისგან გვაქვს ინფორმაცია, უფრო მეტად ამ მიმართულებაში აქტიურობენ ბენეფიციარები, ამიტომ ჩვენც განსაკუთრებული აქცენტი აღნიშნულ სეგმენტზე გავაკეთეთ. 1 000 000 ლარზე გაცემულ სესხზე ბენეფიციარი 300 000 ლარის სესხს იღებს ბანკიდან და 2 თვის პროცენტის ხარჯს სრულად ვუფინანსებთ. პროგრამა უნიკალურია იმითაც, რომ მეწარმეს ნახევარმილიონიანი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
მთლიანობაში, სოფლის განვითარების სააგენტო მოიცავს შინაარსობრივად სხვადასხვა მიმართულების პროექტებს, რომელიც ორიენტირებულია პირველადი წარმოების განვითარებაზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ,,დანერგე მომავალი", სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამები, შემნახველი ინფრასტრუქტურის დაფინანსება და სხვა, ჩვენი პროგრამები ყველა ამ ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტებს ფარავს. მუდმივად მიმდინარეობს განახლება, ცოცხალი პროცესია", - აღნიშნა თორნიკე კაპანაძემ.
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები მიმართულია სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და მთავარ მიზანს წარმოადგენს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდა, რაც გლობალური მასშტაბის გამოწვევაა.